Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს


გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

სტალინის ძეგლის დემონტაჟი

გორელმა სტალინისტებმა და კომუნისტებმა მხოლოდ დილით შეიტყვეს, რომ წუხელ საბჭოთა დიქტატორის მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. მოხუცებულები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის, რაც ხრუშჩოვმა 1956 წელს ვერ შეძლო, სააკაშვილმა წუხელ გააკეთა.

ღამის ორ საათზე სტალინის მონუმენტის დემონტაჟს გორელების ნაწილი აპლოდისმენტებით შეხვდა. მათი აზრით, ძეგლი უფრო ადრე უნდა აეღოთ ცენტრალური მოედნიდან. 1 წლის წინ ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყო აქცია მონუმენტის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით. დღეს ეს ახალგაზრდები მეტად კმაყოფილები ჩანდნენ.

გორელების დიდი ნაწილი ღამის საათებში ძეგლის დემონტაჟის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. მათი აზრით, ჯერ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, წინასწარ მომზადებულიყო სათანადო ადგილი და შემდეგ განხორციელებულიყო დემონტაჟი.

სტალინის ძეგლის დემონტაჟზე განცხადება კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლის ნაცვლად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება.

მონუმენტის დემონტაჟს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლადო ბიჭაშვილი ამბობს, მას და ოპერატორს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და კადრების ნაწილი წაუშალეს. ბიჭაშვილის ინფორმაციით, საქმეში სამხარეო პოლიციის უფროსის ჩართვის შემდეგ კამერა დაუბრუნეს. ტელეკომპანია ამჟამად კონსულტაციებს ახალგაზრდა იურისტებთან მართავს და მოითხოვს, რომ საქმე პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აღიძრას.

სტალინის მუზეუმში ჯერჯერობით არ იციან როდის მიიტანენ მათთან მონუმენტს. მოხსნილი მონუმენტის ადგილსამყოფელი კი ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებულია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი სამხედრო ბაზაზე ინახება.
XS
SM
MD
LG