29 აპრილს, როცა შეზღუდვის ორი დღით მოხსნის შემდეგ ქუთაისის შესასვლელები ისევ დაიკეტა, ქალაქის მერიასთან 200-ზე მეტი მოქალაქე მივიდა სპეციალური საშვის მისაღებად. მათ ქუთაისიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გასვლისა და მახლობელი სოფლებიდან ქალაქში სამუშაოდ ჩასასვლელად საჭირო საშვის მისაღებად მერიაში დოკუმენტები მიიტანეს.
ქუთაისის მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ რიგში ხანგრძლივად დგომა უწევთ ნაცვლად იმისა, რომ სოფლებში კუთვნილ ყანას, ბოსტანს და ვენახს უვლიდნენ. თემურ ტყეშელაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საკუთარ მეურნეობაში წასასვლელად საჭირო საშვის მისაღებად რიგში 185-ე იყო. როგორც ის ამბობს, კორონავირუსის საფრთხის გამო, მეორე თვეა, აღარ მუშაობსსამშენებლო კომპანია, სადაც დასაქმებული იყო, უმუშევრად დარჩენილისთვის კი სოფლის პროდუქტების მოყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
„შიმშილი რომ არ იყოს, სოფელში რამე ხომ უნდა დავთესო?! გინდ კორონას მოვუკლივარ და გინდ შიმშილს! თუ ვენახს არ მივხედე, გახმება. 3 ტონა სიმინდი მომყავს, ვენახი ახალშენია და 600 კილომდე ყურძენი დავკრიფე, მაგრამ სამომავლოდ მეტს ველოდები. თუ 22 მაისამდე ვერ წავედი, ყველაფერი მიფუჭდება“.
რიგში 168-ე იყო ლალი გვენეტაძე, რომელსაც ქუთაისიდან ერთ კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, აქვს 2 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ლალი გვენეტაძის თქმით, სულ ცოტა ერთი კვირით სჭირდება საშვი იმისთვის, რომ ყანა დახნას, სიმინდი დათესოს, ბოსტანში ჩითილები დარგოს და ვენახი შეწამლოს:
„ახლა თუ არ დავთესეთ, შემოდგომაზე რას ავიღებთ. ამ დროს ყოველთვის დამუშავებული გვქონდა მიწა და დათესილი სიმინდი. რომ არ ყოფილიყო ქალაქი ჩაკეტილი, ახლა გაკეთებული გვექნებოდა“.
ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ იანეთში აქვს მიწის ნაკვეთი გიორგი კოპალეიშვილს, რომელსაც იქოჯახისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს. გიორგი კოპალეიშვილის თქმით, 15 აპრილის შემდეგ, რაც ქუთაისი ჩაიკეტა, სოფელში ვეღარ წავიდა დაბაღჩეულის ნაწილი გაუფუჭდა :
„მარწყვი ჩალპა, გაფუჭდა, ტყემალი მოსაკრეფი იყო. სიმინდიც არ გვქონდეს და ჭადიც არ ვჭამოთ? ძროხა მეზობლისთვის მყავს გაზიარებული, მაგრამ იმას მიხედვა ხომ უნდა, წამალი უნდა. ვენახი მაქვს შესაწამლი. უკვე ორჯერ უნდა მქონდეს შეწამლული და ჯერ ერთხელაც ვერ მოვახერხე, ვაზი ასაკრავია, დაამტვრევდა ქარი. ძაღლი მყავს და ისიც მეცოდება. მეზობელს მისი საჭმელი კი არა, პურის ფული არ აქვს“.
ქუთაისის მერიასთან საშვის მიმღებთა რიგში იყვნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ქალაქში მუშაობენ, ან მცირე ბიზნესი აქვთ და შემოსასვლელად და გასასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებათ. რიგში 216-ე იყო მარიამ ცინაძე, რომლისოჯახი ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ცხოვრობს, თავად კი მცირე მაღაზიას ამუშავებს ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში:
„საშვი მინდა, რომ ყოველდღე მოვამარაგო მაღაზია და წავიდე სახლში. 4 კილომეტრში ვცხოვრობ. უბანში პროდუქტებს „ნისიად“ ვაძლევ ხალხს და რომ დავკეტე მაღაზია, შემეხვეწა ხალხი, გააღეო, და ხომ უნდა მივიტანო პროდუქტი, რომ გავაღო“.
დღის განმავლობაში ქუთაისის მერიასთან რიგში მდგომი მოქალაქეები ხშირად არღვევდნენ სოციალურ დისტანციას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე მუშაობა ჟურნალისტებმა დაიწყეს, მერიის თანამშრომლებმამიიტანეს სპეციალური ჯებირები, რომლითაც შენობაში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების რიგი მოწესრიგდა. მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის საშვის მისაცემად 10 თანამშრომელი მუშაობს და ყველა განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ. ჯავახიას განმარტებით, საშვს იღებს ყველა მოქალაქე, ვინც საჭიროებას დაასაბუთებს:
„ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩასატარებელი და წარმოადგენენ შესაბამის საბუთს საკუთრებასთან დაკავშირებით, უმოკლეს დროში ვიმსჯელებთ და მივცემთ საშვს“.
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას, განმარტებით, მოქალაქეების განცხადებებს მერია მოკლე დროში განიხილავს და პასუხს ტელეფონით შეატყობინებენ. რამდენ დროებით საშვს გასცემს ქუთაისის მერია, რამდენიმე დღეში გაირკვევა, მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა განცხადებების მიღება და განხილვა დასრულდება.