Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვემიჯნებით და ვგმობთ“ - ატაცებული სიმღერის ავტორები მისი პოლიტიკური გამოყენების შეზღუდვას ცდილობენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

„არ გვსურს, ეს სიმღერა [“გაიღიმე” - რ.თ.] პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში, პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“.

ეს განცხადება მომღერალმა ირმა სოხაძემ და კომპოზიტორმა გია მაჭარაშვილმა 3 აპრილს, მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ხელახლა დარეგისტრირდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ე.წ. აგენტების კანონი და სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაწერა: “აქციის საუნდტრეკი გვაქვს - ზღაპრის ბოლო კეთილია. ესეც საქმეა”.

სიმღერის „გაიღიმე“ ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე და მუსიკის ავტორი, გია მაჭარაშვილი წერენ: „ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს“.

90-იან წლებში, გია მაჭარაშვილის მუსიკასა და ირმა სოხაძის ტექსტზე შექმნილმა სიმღერამ, რომელსაც მომღერალი მერაბ სეფაშვილი წლებია ასრულებს, 26 მარტს, სულ სხვა დატვირთვა და ემოცია შეიძინა.

ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული საგზურის ჰიმნად იქცა. სიმღერის ტექსტის საკვანძო ფრაზა - „ზღაპრის ბოლო კეთილია“ კი - გამარჯვების მთავარ გზავნილად.

ირმა სოხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან და გია მაჭარაშვილმა უკვე მიმართეს „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას“ (IPOA) და იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნის მიუხედავად, ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები ამ სიმღერას, ან თუნდაც ფრაზას სიმღერიდან, რაიმე ფორმით გამოიყენებენ, საქმეში იურისტები ჩაერთვებიან:

მომღერალი ირმა სოხაძე
მომღერალი ირმა სოხაძე

„ყველა გავაფრთხილეთ, ყველა პოლიტიკური ძალა, ეს სიმღერა თავის დროზე დაიწერა ბავშვებისთვის, შემდეგ უკვე აიტაცეს სპორტის ქომაგებმა, ასე ასოცირდება უკვე ჩვენს გამარჯვებასა და გამთლიანებასთან და ძალიან გვიხარია.

ახლა ვიღაცის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, თუნდაც ერთი სტრიქონის, ერთი ფრაზის, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. დაუშვებელია სლოგანად, დევიზად ამ ფრაზის გამოყენება - აბა, გავიმარჯვეთ, რევოლუცია მოხდება და ზღაპრის ბოლო კეთილია. ჩვენ ამას ვემიჯნებით და ვგმობთ და დანარჩენს იურისტები მოაგვარებენ“, - უთხრა ირმა სოხაძემ რადიო თავისუფლებას.

IPOA-ს იურისტი, ლადო რაფავა ამბობს, რომ პოლიტიკურ ღონისძიებაზე, მათ შორის, საპროტესტო აქციაზე ვერ გამოიყენებენ სიმღერას ან მის ნაწყვეტს და მათ შორის ფრაზას „ზღაპრის ბოლო კეთილია“:

„მეგობრები რომ რაღაც სიმღერას წავიღიღინებთ, ცხადია, ამით არაფერი ირღვევა და ეს პირადი გამოყენებაა, მაგრამ გაჟღერდა ინფორმაცია პოლიტიკური აქტივობის, აქციის შესახებ და ეს არის საჯარო ღონისძიება.

შეზღუდვა უნდა შეეხოს, მაგალითად, ამ სიმღერის ჩართვას სცენაზე. ასევე, არ უნდა იყოს გამოყენებული ფრაზა „ზღაპრის ბოლო კეთილია“ პლაკატზე. პლაკატი არის გამოხატვის საჯარო ფორმა და ამ შემთხვევაში ირღვევა ტექსტის ავტორის საავტორო უფლება და ხდება მისი ციტატის გამოყენება, რაც ასევე საჭიროებს ტექსტის ავტორის თანხმობას“.

თუკი ეს მოთხოვნა დაირღვევა, ასოციაცია მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს როგორც გამოყენების აკრძალვას, ასევე ფინანსურ სანქციებს.

რას ამბობს კანონი საავტორო უფლებების შესახებ?

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი“ გვეუბნება, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორს აქვს როგორც ქონებრივი, ისე პირადი არაქონებრივი უფლება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთი უფლება შეეხება მატერიალურ სარგებელს, მეორე - მორალურს.

ავტორის ქონებრივი უფლებაა აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება, საჯარო გადაცემა და სხვაგვარი გამოყენება. ამასთან, არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს ის, რომ ავტორს აქვს უფლება, მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა, თუ, მისი აზრით, ეს ლახავს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.

ნათია ფოფხაძე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის სპეციალისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სწორედ ამ უფლების გამოყენებას გეგმავენ.

ნათია ფოფხაძე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის სპეციალისტი
ნათია ფოფხაძე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის სპეციალისტი

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ, მაგალითად, [აქციის ან რაიმე სხვა ღონისძიების] ორგანიზატორებს ექნებათ ამ სიმღერის გაჟღერების უფლება საჯარო შესრულების გზით, ანუ ღონისძიების ორგანიზატორს ლიცენზია ექნება მოპოვებული იმ ორგანიზაციისგან, რომელიც მენეჯმენტს უწევს კონკრეტული ნაწარმოების საავტორო უფლებებს - კანონის თანახმად, ავტორებს მაინც რჩებათ არაქონებრივი უფლებები რეპუტაციულ ზიანზე.

დიდი მასშტაბის ღონისძიების შემთხვევაში, აღსრულება, ვფიქრობ, გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ამის დარეგულირება უკვე სასამართლოს პრეროგატივა იქნება“, - ამბობს ნათია ფოფხაძე.

საპროტესტო აქციები და საავტორო უფლებები მის მუსიკალურ გაფორმებაზე

ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი, როგორც სიმღერის ავტორები, არ არიან პირველები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე თავიანთი ნაწარმოების გამოყენების უფლების შეზღუდვას ითხოვენ.

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, 2019 წელს, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ქეთათო პოპიაშვილმა, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ქვრივმა, მისი ქმრის სიმღერის, „საქართველოს“ გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვა აქციის ორგანიზატორებს.

აქციების დაწყებიდან ორი კვირის თავზე, ივლისის დასაწყისში, მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მოთხოვნა კი ასე ახსნა:

"აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა "საქართველო?!" სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?!

მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ამ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შესაძლოა მთელი ზაფხული ამ არასახარბიელო რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია. ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული“, - წერდა ის სოციალურ ქსელში.

ქეთათო პოპიაშვილი იმასაც ამბობდა, რომ თუკი მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ის საავტორო უფლებების დარღვევის მოტივით სასამართლოსაც მიმართავდა.

„სირცხვილიას“ აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის გამოყენების გამო საქმე სასამართლომდე არ მისულა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს იურისტი ლევან ნანობაშვილი, რომელიც სწორედ საავტორო უფლებების დაცვის საქმეებზე მუშაობს, წლების წინ ირაკლი ჩარკვიანის ნაწარმოების პოლიტიკურ კლიპში გამოყენების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა:

„პოლიტიკურმა პარტიამ მისი სიმღერა ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენა საარჩევნო სარეკლამო რგოლში. ოჯახმა იჩივლა და პარტიამ კომპენსაცია გადაიხადა“.

იურისტი ლევან ნანობაშვილი ამბობს, რომ როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ამა თუ იმ ავტორის მუსიკას, სიმღერასა თუ ლექსს ნებართვის გარეშე იყენებს პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო რგოლისთვის, რომელიც შემდგომ მედიასა და სოციალურ ქსელებში უნდა „დატრიალდეს“, საავტორო უფლებებით განსაზღვრული აკრძალვა ამ ტიპის პროდუქტზე უნდა გავრცელდეს, მაგრამ, მისი თქმით, ვერ აუკრძალავ საზოგადოებას, მათ შორის, თუნდაც პოლიტიკოსს, უკვე სახალხოდ ქცეული ფრაზის გამოყენებას:

„თუნდაც პარლამენტში რომ გამოვიდეს რომელიმე დეპუტატი და თქვას, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“, ამას ვერავინ აუკრძალავს, რადგან ეს დღეს უკვე ერთგვარი სახალხო ფრაზაა, რომელიც ჩვენთვის გამარჯვებასთან ასოცირდება.

ეს აკრძალვა წარმატებული იქნება, მაგალითად, იმ სიტუაციაში, როდესაც მოითხოვ, რომ არავინ გამოიყენოს სიმღერა პოლიტიკურ სარეკლამო კლიპში, მაგრამ საჯარო გამოსვლებისას, ან თუნდაც, ინტერვიუებში ვინმეს, მათ შორის პოლიტიკოსს, აუკრძალო მისი ფრაზის გამოყენება, ეს ძალიან ძნელი იქნება.

გასაგებია, დღეს ეს ფრაზა შეიძლება სიმღერასთან ასოცირდება და სიმღერიდან გვახსოვს, მაგრამ ავტორი მის გამოყენებას ბოლომდე ვერ აკრძალავს. ამ ფრაზას ცალკე ცხოვრება და სიცოცხლე ექნება. მას ცალკე არსებობის უფლება აქვს და ეს, დიდი ალბათობით, ასეც დარჩება კიდევ დიდხანს“.

რაც შეეხება "გაიღიმეს" საპროტესტო აქციაზე გამოყენების აკრძალვის მოთხოვნას, ლევან ნანობაშვილის თქმით, ეს არის ამ სიმღერის ავტორების არა მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნა, რომ ნაწარმოები არ გამოიყენონ აქციებზე, არამედ, მისი აზრით, ეს ამასთანავე არის მათი პოზიციის დაფიქსირებაც, რომ მათ არ სურთ, რაიმე კავშირი ჰქონდეთ იმ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებმაც შესაძლოა ეს სიმღერა გამოიყენონ:

„ზოგადი წესით, იმისთვის, რომ სხვისი მუსიკალური ნაწარმოები გამოვიყენოთ საჯაროდ, თანხმობა მიღებული უნდა იყოს იმ ადამიანისგან, ვისაც გააჩნია საავტორო უფლებები ამ ნაწარმოებზე. მაგრამ როდესაც ეს ხდება სპონტანურად, მაგალითად, აქციებზე, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავს, იქ რთულდება საქმე. თუკი დაადგენ, ვინ არის ორგანიზატორი, უნდა მოსთხოვო, რომ აღარ გამოიყენოს, თუკი ეს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციაა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ორგანიზატორს პასუხი სამართლებრივადაც მოეთხოვოს.

მაგრამ როდესაც საზოგადოება ამა თუ იმ სიმღერას ან ფრაზას საყოველთაოდ აიტაცებს, ამის შეჩერება მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით, ალბათ ცოტა რთული იქნება. იმდენი ადამიანი გამოიყენებს მას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ყველასთან დავა და ყველას წინააღმდეგ სარჩელის შეტანა.

როგორც რიგითი ადამიანი და არა როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური პროცესებიდან გამიჯვნის მცდელობაა, რადგან საქართველოში ხელოვანები ზოგჯერ ასოცირდებიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და შესაძლოა, ეს ატარებდეს გამიჯვნის დატვირთვას, რადგან მათ არ სურთ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მოძრაობასთან იყვნენ ასოცირებულნი“, - ამბობს ლევან ნანობაშვილი.

მასშტაბური საპროტესტო აქცია ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და არც სამოქალაქო მოძრაობების მიერ, ჯერჯერობით, არ დაანონსებულა.

XS
SM
MD
LG