იდლიანი ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი თემია, სადაც უმუშევრობის პარალელურად ადგილობრივი მცხოვრებლები მთავარ პრობლემად განათლების ხელმიუწვდომლობას ასახელებენ.
ვისაც სწავლა უნდა და აქვს ამის შესაძლებლობა, მიდის თბილისში და იქ აგრძელებს სწავლას. არის ოჯახის ისეთი კატეგორია, რომლებსაც ძალიან უნდათ სწავლა, მაგრამ არ აქვთ ამის შესაძლებლობა.ლიკა ჭკადუა
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემის მცხოვრებს 2016 წლის შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაუბარებია. 150-კომლიან სოფელში, სადაც მეტწილად მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ, საშუალო განათლებას ერთეულები იღებენ.
თემში არსებული ორსართულიანი სარემონტო სკოლა 9-წლიანია. მეათე კლასიდან მოსწავლეებს მეზობელ სოფელ ხაიშის სკოლაში უწევთ გადასვლა. მოზარდებს ავტობუსი ემსახურება, თუმცა გზაში 1 საათზე მეტი დრო სჭირდებათ, რაც განსაკუთრებული პრობლემაა ზამთარში, როცა ადრე ღამდება. თუ მკაცრი ზამთარი აღმოჩნდა, ცუდი გზების პირობებში ტრანსპორტირება შეუძლებელი ხდება.
„150 კომლიდან, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მარტო ორმა ბავშვმა ჩააბარა 2015-2017 წლებში უნივერსიტეტში. დაბალია სწავლის დონეც. ვერ ვითარდება ჩვენი სკოლა და ჩვენი ბავშვები ისე, როგორც საჭიროა“, - ამბობს იდლიანში მცხოვრები თეა ლიკლიკაძე, 4 შვილის დედა.
„ვისაც სწავლა უნდა და აქვს ამის შესაძლებლობა, მიდის თბილისში და იქ აგრძელებს სწავლას. არის ოჯახის ისეთი კატეგორია, რომლებსაც ძალიან უნდათ სწავლა, მაგრამ არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ვერ მიდიან და ვერ აგრძელებენ სწავლას, რჩებიან, თხოვდებიან და ასე აგრძელებენ ცხოვრებას“, - ამბობს 14 წლის ლიკა ჭკადუა, რომელიც ამ პრობლემის გამო სოფლის დატოვებას და უცხოეთში სწავლას გეგმავს.
ბევრ ადგილას, იმის გამო, რომ არასრული განათლება მქონდა, ბევრი პრობლემა შემქმნია და ვერც სამსახური დამიწყია. მე 4 შვილი მყავს და ძალიან შემტკივა გული.ფეროხ საბანიძე
განათლების ხელმიუწვდომლობის გამო სოფელში უჭირთ მუშახელის პოვნაც. სკოლა საპენსიო ასაკის გამო 15-დან 7-მა მასწავლებელმა დატოვა, თემში კი მათი შემცვლელი ვერ მოიძებნა. ვაკანსია მოწვეული კადრებით შეივსება. სკოლაში ამ დროისთვის 67 მოსწავლე ირიცხება. აქედან შესაძლოა ნახევარი საშუალო განათლების გარეშე დარჩეს.
მხოლოდ 9-წლიანი განათლება მიიღო წლების წინ ფეროხ საბანიძემ. ამბობს, რომ ამან ხელი შეუშალა ცხოვრების უკეთ აწყობაში. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაშიც კი მისთვის სამუშაოს პოვნა თითქმის შეუძლებელია. ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენს. 31 წლისას უკვე 4 შვილი ჰყავს და ახლა მათი მომავალი ადარდებს:
„ბევრ ადგილას, იმის გამო, რომ არასრული განათლება მქონდა, ბევრი პრობლემა შემქმნია და ვერც სამსახური დამიწყია. მე 4 შვილი მყავს და ძალიან შემტკივა გული. არ მინდა, რომ ჩემმა 4-მა შვილმა იგივე ბედი გაიზიაროს და დარჩეს ასე, განათლების მიღმა“, - ამბობს ფეროხ საბანიძე.
მის მსგავსად, იდლიანელები ოჯახს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით არჩენენ. მანამდე ახალგაზრდები ძირითადად ხე-ტყის მოპოვებაზე იყვნენ დასაქმებული, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული აკრძალვისა და კონტროლის გამკაცრების შემდეგ მათი დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა.
თემის მცხოვრებლების მთავარი მოთხოვნა სკოლის რეკონსტრუქცია და 12-წლიან სწავლებაზე გადასვლაა.
პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული თავად მერის წარმომადგენელი ბეჟან ჭკადუა, რომლის შვილებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან. ამ ეტაპზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან აქვს თანხმობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტით სკოლის რეკონსტრუქცია მოხდეს. საკითხს სწავლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისიც.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა აქვს არაერთ მაღალმთიან სოფელს და, განათლების რეფორმის ფარგლებში, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური მუშაობა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ეს არ გულისხმობს მხოლოდ საფეხურების დამატებას სკოლებისთვის, აქ საუბარია ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მასწავლებლების გაგზავნაზე, ინტერნეტის უზრუნველყოფაზე და სხვა.
სანამ ეს მოხდება, იდლიანელი მოზარდები, რომლებსაც უმაღლესი განათლება და შემდეგ დასაქმება სურთ, თემთან ერთად ქვეყნის დატოვებაზეც ფიქრობენ.