Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს "ევროპული ოცნება" ვაიმარის სამკუთხედში 


აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის შენობასთან. თბილისი, 2022 წლის 24 ივნისი
აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის შენობასთან. თბილისი, 2022 წლის 24 ივნისი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას თბილისში ვიზიტით დასრულდა მარტში დაწყებული პროცესი - საქართველოს ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის წევრი სამივე ქვეყნის - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, 27 აპრილს, თბილისში თქვა, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ დიპლომატიური გააქტიურება ნატოს ვილნიუსის სამიტისა და ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოებას უკავშირდება.

1991 წელს შექმნილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად ხშირად სახელდება - პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამკუთხედი აქტიურობს უკრაინისთვის მდგრადი დახმარების უზრუნველსაყოფად.
ვარაუდობენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ უკრაინაც შეუერთდება და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცევა.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ევროკავშირის წამყვანი და რეალური გავლენის მქონე სამი ქვეყანა ახლა იმის გარკვევას ცდილობს, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ხომ არ მიდის ის რუსეთისკენ, რადგან პარტნიორები საქართელოს ევროპულ გზაზე ხელისუფლების შესაბამის მონდომებას ვერ ხედავენ.

27 აპრილს კიდევ ერთი პარტნიორი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე, „ქართულ ოცნებას“ „პრორუსული პუტინისტური“ ჯგუფი უწოდეს; ხოლო აშშ-ის სენატში გამართულ მსჯელობაზე ითქვა, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

„ოცნება“ პარტნიორების განცხადებებს კვლავ ოპონენტების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს.

"ევროპული ოცნება"

„ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა [საქართველოში] და ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ამ ქვეყანაში არსებულ ყველა ძალას“, - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ, 28 აპრილს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და იქვე განმარტა, რომ აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ამ კუთხით - „დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაა საჭირო“.

ის, რაც საფრანგეთს საქართველოს დახმარების სურვილს უძლიერებს, მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაღალი მაჩვენებელია და, რომ „საქართველო ერთიანია ამ საკითხში“.

„ეს არის ისტორიული საშუალება და ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, რათა დავეხმაროთ მას ამ გზაზე“, - ამბობს კარტრინ კოლონა და შესასრულებელ ამოცანებად იმ რეფორმების გატარებას ჩამოთვლის, რომლებიც:

  • უზრუნველყოფს თავისუფლებას,
  • ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისაგან,
  • უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს კონსოლიდირებას.

„მხოლოდ ამის შედეგად შეძლებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ეს არის ევროპული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან“, - აცხადებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მან ფრანგ კოლეგას უთხრა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური საზრუნავია, რათა „პირნათლად და დროულად“ შესრულდეს.

ვიდრე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვეოდა, წინა დღით, 27 აპრილს, თბილისში მისმა პოლონელმა კოლეგამ, ზბიგნევ რაუმ „ვაიმარის სამკუთხედის“ გააქტიურების მიზეზებზე ისაუბრა:

„აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან "ვაიმარის სამკუთხედიდან". ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია, საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები“, - განაცხადა 27 აპრილს ზბიგნევ რაუმ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს 23-24 მარტს სტუმრობდა.

„ეს სამი ქვეყანა - გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი დღეს ევროკავშირში ამინდის შემქმნელი ქვეყნები არიან, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ევროპულ სტრუქტურებში და მათ შორის - ევროპულ საბჭოში... მინისტრ რაუს მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ხსენება ნიშნავს იმას, რომ ამ ფორმატში აწარმოებდნენ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კონსულტაციებს, ვიდრე დაგეგმავდნენ საკუთარ ვიზიტებს ჩვენს ქვეყანაში და ეს დამატებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, - გვეუბნება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩამოსვლას ორი ძირითადი მიზანი აქვს:

  • „პირველი - ჭეშმარიტად გაერკვნენ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მმართველი პარტია და რა არის მათი პრიორიტეტები. ჩვენ ხშირად ვხედავთ ბატონი ღარიბაშვილის მაგალითზე, რომ ბრიუსელში საუბრობს, როგორც აბსოლუტურად პროევროპელი; ხოლო დიამეტრულად განსხვავებული ფილოსოფია და მიდგომები მჟღავნდება მის გამოსვლებში საქართველოში, რაც ხშირად - კიდევ უფრო არქაული და აგრესიულია, ვიდრე თუნდაც ბატონი ირაკლი კობახიძის [განცხადებები]. ეს არათანმიმდევრულად გაჟღერებული გზავნილები აბნევს და კითხვებს უჩენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“;
  • „მეორე მიზანია - ერთგვარი აღმზრდელობითი მუშაობა მმართველ პარტიასა და მთავრობასთან, რომ ერთადერთი გარანტია, ჩვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისა, ეს არის მხოლოდ ჩვენს გაწევრიანებაში ევროკავშირსა და ნატოში... და რომ არგაღიზიანების პოლიტიკით რუსეთისგან სტაბილურობის რაიმე გარანტიის მიღება - სრული ილუზიაა“.

„იმედია, მმართველი პარტია და მთავრობა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ 12 პუნქტის შესრულება რეალურად არის საჭირო და არა მოჩვენებითად“, - ეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი საქართველოსაც ახსენებენ:

„ევროკავშირის ევროპული საბჭოს 2022 წლის 23-24 ივნისის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომელიც აღიარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ანიჭებს კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას, - საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი ერთობლივად აცხადებენ, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოება.

შესაბამისად, ჩვენ განვიხილეთ ამ ქვეყნების მხარდაჭერის გზები, რათა რეფორმების განხორციელების პროცესში მათ შეასრულონ კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ „სერიოზული გამოწვევების“ ფონზე, სამი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ წაწევისა და ევროკავშირის მდგრადობის განმტკიცების კუთხით.

„კოპენჰაგენის კრიტერიუმებით“ ევროკავშირი აფასებს გაწევრიანების მსურველი ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებს, ინსტიტუციურ განვითარებას, ეკონომიკის ზრდის დინამიკას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და პრაქტიკაში დანერგვას. ეს კრიტერიუმები აქტუალურია საქართველოსთვისაც.

პოლონელი და ფრანგი მინისტრების საქართველოში სტუმრობას დროში დაემთხვა განცხადებები ბრიტანეთის პარლამენტსა და აშშ-ის სენატში. ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ „პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია“. დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ ბრიტანეთის თემთა პალატაში, განხილვის დროს, მან სულ „სამი კაცი“ დაითვალა. „მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი, ბატონო, მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - თქვა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლურ ოჯახში შესვლა ძალიან უნდათ, მაგრამ არა „ქვეყნის განადგურების ხარჯზე“.

„თუ ევროკავშირში შესასვლელი აღარაფერი იქნა და ერთი მთლიანი შენობა არ დაგვრჩა, რა შევიყვანოთ?! საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და ქვეყანას დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის“, - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის არჩევანში თავისუფალი არ არის.

„მეშინია და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ [ხელისუფლებას] არჩევანში თავისუფლება აქვთ შეზღუდული - ეს რუსეთმა მოახერხა დიდი ხნის განმავლობაში თავისი გავლენების აშენების შედეგად. არ ვიცი კონკრეტულად, არ ვარ დაზვერვის სამსახური - მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა ჩამოაყალიბა გავლენების ინსტრუმენტი... თუ უნგრეთში მოახერხა, აქ რატომ ვერ შეძლებდა?!

ამაში „აგენტების კანონის“ განხილვის პროცესმა დამარწმუნა - ეს იყო კარტების გახსნა. ჩანდა, რომ ხელისუფლებას ამ კანონის მიღება არანაირად არ აწყობდა, მაგრამ რაღაც ძალა აძალებდა, თითქოს. თავისუფალი არ იყვნენ თავიანთ არჩევანში და სხვა საკითხებზე, ახლაც იგივე ხდება“, - ეუბნება გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა „მთლიანად ხალხზე ზემოქმედება“, მაგრამ „გარკვეულ პოლიტიკურ წრეებზე, ხელისუფლების ფიგურებზე მოახდინა გავლენა“ და „ალბათ, ამიტომ ლაპარაკობს ასე აროგანტულად ლავროვი საქართველოზე - თითქოს უკვე ჯიბეში ეგულება“.

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს კახა გოგოლაშვილი ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობად განიხილავს, სხვა საკითხია, რომ „შესაბამისი ნება არ ჩანს“. გარდა იმისა, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის წონა ევროკავშირში დიდია, სამომავლოდ - ანალიტიკოსი ამ ფორმატის გაფართოებასაც მოელის, „მეოთხე კუთხედ“ უკრაინის შეერთების პერსპექტივით. „ეს ამ ფორმატს სხვა სტრატეგიულ სიღრმეს შეჰმატებს - რუსეთის შეკავების კუთხით“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

28 აპრილს, თავისი ვიზიტის ბოლო დღეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრისას კვლავ გაიმეორა, რომ გაგრძელდება აქტიურობა და საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში და მოისმინა თხოვნა, რომ მათ შორის - გაიზარდოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დარჩენილ დროში მოხერხდეს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ „მორიგ ჯერზე განახორციელა მცდელობა იმისა, რომ 180 გრადუსით აცდენილი ინფორმაცია მიეწოდებინა ჩვენი პოლონელი პარტნიორებისთვის“.

„დღეს ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ისარგებლებს ან სურს, რომ რეალურად ისარგებლოს“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„ვაიმარის სამკუთხედი“, 1991 წელს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააფუძნეს კონცეფციაზე, რომ სამი ქვეყანა იზიარებს ევროპის მომავლის საერთო ხედვას და ხალხების დაახლოების გზით, შეძლებს შეთანხმებული ევროპული გადაწყვეტილებების მიღებას. „სამკუთხედის“ საქმიანობა მოიცავს ორ მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს (საერთაშორისო და ევროპული საკითხები) და თანამშრომლობას (რეგიონალური, საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით და სხვა).
თავდაპირველად „სამკუთხედი“ ჩაფიქრებული იყო ფორუმად გერმანიისა და პოლონეთის შერიგების მიზნით, ფრანკო-გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. 2004 წლის შემდეგ, როდესაც პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, „ვაიმარის სამკუთხედი“ იქცა თანამშრომლობის სარბიელად, ევროკავშირთან მოლაპარაკებების წინ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედი“ ახალი ძალით გააქტიურდა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმდა. გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის პირველი პირები ერთმანეთს სწორედ „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვდნენ 2022 წლის 8 თებერვალს, ბერლინში, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG