Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრს ვუთხარი, რომ 12 პუნქტის შესრულება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა - დარჩიაშვილი კოლონასთან შეხვედრის შემდეგ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა. ამის შესახებ მან თქვა პრესკონფერენციაზე, რომელიც კატრინ კოლონასთან ერთად გამართა სამინისტროში.

დარჩიაშვილის თანახმად, მან საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობაა, 12 რეკომენდაცია "პირნათლად და დროულად" შესრულდეს.

"ქალბატონ მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების დიდ ძალისხმევაზე, რომ პირნათლად და დროულად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რაც მოგვცა ევროკომისიამ. მე ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება.

ქალბატონ მინისტრს გავუზიარე, რა აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ... გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი. ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, თუმცა დარჩენილია ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე ესაუბრა:

"რუსეთის სამხედრო აგრესიამ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა. ვფიქრობ, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ახალმა უსაფრთხოების არქიტექტურამ მაქსიმალურად შეძლოს და განამტკიცოს უსაფრთხოება ყველა რეგიონში".

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს, 28 აპრილს, ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ფრანგი დიპლომატი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

XS
SM
MD
LG