Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აზერბაიჯანელებმა სოციალურ ქსელში საკუთარი გვარების რუსული დაბოლოების შეცვლა დაიწყეს


საქართველოს მოქალაქე ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა სოციალურ ქსელში - პლატფორმა #სალამ-ის ახალი კამპანია #გვარიდამიბრუნე“-ს ფარგლებში - საკუთარი გვარების რუსული დაბოლოების აზერბაიჯანულით შეცვლა დაიწყეს.

ვუერთდები პლატფორმა #სალამ-ის მიერ დაწყებულ კამპანიას #გვარიდამიბრუნე. პროტესტის ნიშნად Facebook-დან ვშლი ჩემს გვარში არსებულ რუსულ დაბოლოებას”, წერს ბოლნისელი ნაშირ ორდუხანი, რომელიც ოფიციალურად ორდუხანოვია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნაშირ ორდუხანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებს გვარები რუსეთის იმპერიამ კავკასიის დაპყრობის შემდეგ რუსული დაბოლოებით შეუცვალა.

„ჩვენ გვინდა იმპერიის ნარჩენების მოშორება“, ​თქვა ბოლნისელმა ახალგაზრდამ. კამპანია #გვარიდამიბრუნე” რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული ბლოგის შემდეგ დაიწყო

ნაშირ ორდუხანის თქმით, სამწუხაროდ, პლატფორმა #სალამ-ის წევრები საკუთარი გვარის ოფიციალურად დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან იუსტიციის სამინისტრო უარს ეუბნება.

„სამინისტროში მეუბნებიან, რომ ავთენტური გვარის დაბრუნება არ შემიძლია, რადგან შესაბამისი მარეგულირებელი კანონი არ არსებობს“, აცხადებს ნაშირ ოდუხანი.

როგორც სამოქალაქო პლატფორმა სალამ-ი წერს, ჩვენი ტრადიციული გვარის დაბოლოების დამატება ან, უბრალოდ, რუსული დაბოლოების წაშლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან შესაბამისი კანონი, ბრძანება და რეგულაციები ამას არ ითვალისწინებს. განცხადებების წერის, გათვალისწინებული საფასურების გადახდის, 3-თვიანი უშედეგო ლოდინის მერე სასამართლოში გვიწევს პოზიციისა და მოთხოვნის დაცვა, რომელიც დაკმაყოფილდება თუ არა, გარანტი არაა. და თუ დაკმაყოფილდება, მაშინ საგვარეულოს ყველა წევრს იმავე ბრძოლის გავლა მოუწევს.

ამიტომაც პლატფორმა #სალამ ვიწყებთ ახალ კამპანიას, #გვარიდამიბრუნე, რათა შესაბამის უწყებებს გავაგებინოთ და მოვითხოვოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება“.

სოციალურ ქსელში გვარი შეიცვალა ელნურ ალიევმაც (Elnur Alisoy).
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ალისოიმ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მან გასული წლის აგვისტოში მიაკითხა, სამინისტროში კი ურჩიეს სასამართლოსთვის მიემართა.​

„იუსტიციის სამინისტროში მითხრეს, რომ ალისოუს გვარით ხუთი თაობის წინაპრებში უნდა მყოლოდა ან მეუღლე, ან რომელიმე ნათესავი“, თქვა ელნურ ალისოიმ, რომელიც თბილისში ცხოვრობს. მისივე თქმით, სამინისტროს საჯარო რეესტრში ისიც უთხრეს, რომ სასამართლოს გზით გვარის დაბრუნების ალბათობა მეტად მცირეა.

პლატფორმა #სალამ-ი სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს ეთნიკური უმცირესობებისთვის. პლატფორმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო განათლება და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG