Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრობლემას ვერ ვხედავთ“ - საქართველო აღარ მონაწილეობს ევროპაში აშშ-ის სამხედრო წვრთნებში?


პოლონელი ჯარისკაცები „ევროპის მცველი 2022“ წვრთნებისას, 2022 წლის 24 მაისი.
პოლონელი ჯარისკაცები „ევროპის მცველი 2022“ წვრთნებისას, 2022 წლის 24 მაისი.

საქართველო, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არ მონაწილეობს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ (Defender 23).

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს, რადგან საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.

პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „მცველი 23“-ის მიღმა დარჩენა საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსით სვლის გამოვლინებაა.

რა არის „მცველი 23“?

„მცველი 23“ არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, უფრო ზუსტად კი, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება - 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, წვრთნები ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებასა და ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თავსებადობის გაზრდაზე“.

წელს „წვრთნებში დაახლოებით 9000 ამერიკელი სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 17 000 ჯარისკაცთან ერთად. წვრთნების ჩატარების არეალი 10 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაა“, - განაცხადა პენტაგონის ვიცე-პრესსპიკერმა, საბრინა სინგჰმა 5 აპრილს.

უწყების თანახმადვე, „მცველი 2023“, რომელიც 2023 წლის 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გაგრძელდება, უჩვენებს „ევროპული ქვეყნების მონდომებას, გაზარდონ საკუთარი სამხედრო ძალების მასშტაბები, შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა“.

„წვრთნები აჩვენებს აშშ-ის არმიის შესაძლებლობას, [ველზე] სწრაფად გადაისროლოს საბრძოლო სამზადისში მყოფი ჯარისკაცები და აღჭურვილობა, რათა მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს, შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობას და დაიცვას კონტინენტი აგრესიისაგან“, - აცხადებს პენტაგონი.

ამ აზრით, „ევროპის მცველი“ განიხილება სამხედრო წვრთნად, რომელიც რუსეთის აგრესიის შეკავებაზეა ფოკუსირებული. გასულ წლებში „მცველის“ წვრთნებს რუსეთის ფედერაცია „შეშფოთებით ადევნებდა თვალს“.

2021 წლის 16 მარტს, როდესაც „ევროპის მცველი 2021“-ის წვრთნები დაიწყო, რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და უკრაინის საზღვართან 40 000-მდე ჯარისკაცი გადასხა. დასავლელმა პარტნიორებმა მისი ეს ნაბიჯი პროვოკაციად შეაფასეს.

ცვლილებები მონაწილეთა სიაში - ჯერ სომხეთი, შემდეგ საქართველო

აპრილის დასაწყისში, როდესაც პენტაგონმა წვრთნების შესახებ გამოაცხადა, საქართველო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში იყო. მონაწილე ქვეყნებს შორის იყო სომხეთიც - რუსეთის ტრადიციული მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის მონაწილეობა, ყარაბაღის საკითხისა და გასულ წელს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების დროს რუსეთის დახმარების უარის გათვალისწინებით, ერევნიდან მოსკოვისადმი გაგზავნილი ძლიერი უარყოფითი შეტყობინება იქნებოდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც მედიაში სომხეთის მონაწილეობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ წვრთნებში არ იღებს მონაწილეობას;

რამდენიმე დღეში, 6 აპრილს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა სომხეთი ამოიღო წვრთნების მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალიდან. მოგვიანებით „ამერიკის ხმის“ სომხურმა რედაქციამ დაწერა, რომ მიიღო განმარტება პენტაგონიდან, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“.

რა მოხდა საქართველოსთან დაკავშირებით? ამჟამად პენტაგონის საიტზე მონაწილე ქვეყნების სია წაშლილია. განმარტებულია, რომ მასალა რედაქტირებულია. „ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო გაურკვევლობის გამო, რაც შეიძლება ამას გამოეწვია“. დაუზუსტებელია, ეს განმარტება ეხება თუ არა საქართველოსაც.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ევროპაში აშშ-ის არმიის პრესცენტრს კითხვით, იყო თუ არა საქართველოს მონაწილეობა დაგეგმილი, თუ შეცდომით იყო თავიდანვე მითითებული. მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. რედაქცია თავდაცვის სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ლოგისტიკური ხარჯები“?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო წელს ოც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს და პრობლემას ვერ ხედავს „კონკრეტული სწავლების“ გამოტოვებაში.

შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას [ვერ ვხედავთ და] ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ იღებს საქართველო მონაწილეობას „Defender 23“-ში.

ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
„ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა 30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „აბსოლუტურად უსუსურ არგუმენტს“ უწოდებს მოქმედი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებას „ლოგისტიკურ ხარჯებთან“ დაკავშირებით:

„ყველა საერთაშორისო წვრთნაში, რომელიც ნატოს ან პარტნიორი ქვეყნების ეგიდით მიმდინარეობდა, - ყოველ შემთხვევაში, ამ მინისტრამდე, - ჩვენ არანაირი ხარჯების გადახდა არ გვეკისრებოდა. თუ ახლა საქმე იქამდეც კია მიყვანილი, რომ ამ ტიპის მხარდაჭერა და დახმარებაც არა გვაქვს, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე ამ პარტნიორობაში, ვიდრე წარმოგვედგინა“, - მიიჩნევს იგი.

„ამ განმარტებით მხოლოდ ის კი არ ჩანს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან წვრთნებში, არამედ ისიც ჩანს, რომ, - თუ ეს მიზეზი სიმართლეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არ არის სიმართლე, - დახმარების პროგრამებიც გაუჩერებიათ თავდაცვის სისტემაში. ამიტომ ვურჩევდი თავდაცვის მინისტრს, სანამ თავის გასამართლებლად ტყუილ არგუმენტს მოიგონებს, იმ არგუმენტის შედეგებზეც დაფიქრდეს ხოლმე. ეს წაადგება მასაც და შეიარაღებულ ძალებსაც“.

თინა ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2015-16 წლებში იკავებდა, მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა წვრთნაში უნდა მონაწილეობდეს, რომელიც ნატოსა და მისი პარტნიორების ეგიდით იმართება:

„ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დიდ საერთაშორისო მისიებში აღარ ვართ და ვართ მცირე კონტინგენტით წარმოდგენილი სხვადასხვა მისიაში. წვრთნებით უნდა ამოვივსოთ ეს ერთგვარი დანაკლისი, რაც დიდი საერთაშორისო მისიების დასრულებამ გამოიწვია“, - ამბობს იგი.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„გრძელდება დასავლეთისგან დაშორების ტენდენცია“

იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები - საქართველოს მონაწილეობა თავიდან დაგეგმილი იყო და შემდეგ თქვა უარი, თუ თავიდანვე არ ყოფილა მონაწილეთა რიგებში, - პოლიტიკის კომენტატორები უარყოფითად აფასებენ საქართველოს წვრთნებს მიღმა დარჩენას.

საქართველო 2020 წელს „ევროპის მცველის“ წვრთნების ნაწილს მასპინძლობდა კიდეც. გასულ წელს კი, 20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) უმასპინძლა ნატო-საქართველოს სამეთაურო საშტაბო სწავლებას, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ჩატარდა. 2022 წელსვე, 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართა წვრთნები „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში.

„ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო წვრთნები 2020 წელს - საქართველომ ამ დასახელებით მრავალეროვან წვრთნებს მეხუთედ უმასპინძლა.
„ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო წვრთნები 2020 წელს - საქართველომ ამ დასახელებით მრავალეროვან წვრთნებს მეხუთედ უმასპინძლა.

„საქართველოს რომ მიეღო მონაწილეობა მიმდინარე წვრთნებში, ვიტყოდით, რომ „ეს ჩვეულებრივი ამბავია, აქამდეც მიუღია მონაწილეობა მსგავს წვრთნებში და ამით არაფერი რადიკალურად არ იცვლება - ნატოში ხვალ არ მიგვიღებენ, მაგრამ თავისთავად კარგია, რომ ვიღებთ მონაწილეობას“. თუმცა მონაწილეობის არმიღება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოლოდინი იყო თავიდან, რომ მივიღებდით მონაწილეობას, უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით არსებულ პოლიტიკურ ფონზე“, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

„არსებულ პოლიტიკურ ფონში“ იგი გულისხმობს პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსიდან საქართველოს ხელისუფლების დაშორების ტენდენციას. წვრთნებს მიღმა დარჩენა შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში ბოლოდროინდელი დინამიკის გათვალისწინებით.

  • რადიო თავისუფლება მარტში იუწყებოდა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, - ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, - პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა; მათ შორის არ შეკრებილა არც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი;
  • შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება. პოლიტიკის კომენტატორების თმით, ამ კამპანიის უკან მთავრობა დგას;
  • საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იმეორებენ კონსპირაციის თეორიას საქართველოს „ომში ჩათრევის მცდელობების“ და „მეორე ფრონტის გახსნის სურვილის“ შესახებ, რომლის უკანაც „გლობალური ომის პარტია“ დგას;
  • საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც დასავლეთიდან დაფინანსებულ კრიტიკულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს „აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა; „არა რუსულ კანონს“ - მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ პარლამენტი იძულებული გახდა, კანონპროექტი გაეწვია;
  • ურთიერთობებმა დაძაბულობის პიკს მიაღწია 5 აპრილს, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ისტორიაში პირველად დაუწესა სანქციები საქართველოს მოქალაქეებს - მოსამართლეებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ „სასამართლო კლანის“ შემქმნელებად და წევრებად.

„ზოგადად, ნატოში შეერთებული შტატებია წამყვანი მოთამაშე, ამიტომ ნატოსთან ურთიერთობის გაფუჭება და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება ერთმანეთზეა გადაბმული“, - ეუბნება გია ნოდია რადიო თავისუფლებას.

პოლიტოლოგი გია ნოდია, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.
პოლიტოლოგი გია ნოდია, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.

შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და სხვა პარტნიორებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაც მოუწოდებს.

25 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კიევში ვიზიტისა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლა.

საერთო ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა, ტრადიციულად, განაცხადა, რომ ნატო და მისი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; ნატო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. პარალელურად, სამხედრო ალიანსი მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მხარს დაუჭერს მას.

ამასთან, მან განაცხადა, რომ „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების [საქმეში] და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად“.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას, თქვა, რომ უკრაინას, გაეროს წესდების თანახმად, აქვს თავდაცვის უფლება, იყენებს ამ უფლებას, და დასძინა: „ველით, რომ ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“.

განახლება, 2 მაისი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ:

  • „საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“;
  • 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით;
  • ნატოს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23);
  • ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი“.

„მცველი 2023“-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობაზე სამინისტრო აცხადებს, რომ „თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“.

XS
SM
MD
LG