1 იანვრიდან 2 %-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ევალება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უკვე ჩაეშვა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა - დამსაქმებელს ახლა შეუძლია სისტემაში რეგისტრაციის გავლა, თუმცა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კითხვა ჯერ კიდევ ბევრია.
გიორგი გვახარიას სტუმარია საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე. ჩვენს ყოველდღიურ პროგრამაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი აღიარებს, რომ საზოგადოებას ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს საპენსიო რეფორმაზე და ხშირად განიცდის პოპულისტი პოლიტიკოსების გავლენას. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, თუ რა სარგებელს მიიღებენ და როგორ იქნება დაცული მათი აქტივები, თუმცა ეთანხმება გადაცემის ავტორს იმაში, რომ ხალხი შეშფოთებულია ხელფასის შემცირებით და ხელისუფლებისგან მოითხოვს მყარ გარანტიას, არის თუ არა საშიშროება ეკონომიკური კრიზისის დროს ან მთავრობის შეცვლის შემთხვევაში დაიკარგოს დაგროვილი თანხა. ლევან სურგულაძის თქმით, თუ საპენსიო აქტივების დანაკარგმა 1 %-ს გადააჭარბა, ჩაირთვება სპეციალური ადმინისტრირების რეჟიმი... ასე რომ, საპენსიო შენატანები გაკონტროლდება, თანხების ინვესტირება კი მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში.
ლევან სურგულაძე ლაპარაკობს აგრეთვე მსოფლიო გამოცდილებაზე, იმაზე, თუ სად, რომელ ქვეყანაში განხორციელდა წარმატებით საპენსიო რეფორმა და რამდენად უნიკალურია საპენსიო რეფორმა საქართველოში.