Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების გამო რუსეთში მანქანები აღარ გადის - მეორადი ავტომობილების ინდუსტრია მაინც  იზრდება


საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი თითქმის სრულად შეწყდა
საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი თითქმის სრულად შეწყდა

აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციების შემდეგ საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი თითქმის სრულად შეწყდა. ამის მიუხედავად, ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი მეორადი ავტომობილი გადის.

საქართველომ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალი სანქციების შესაბამისად, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რამდენიმე თვის წინ აკრძალა.

ამერიკაში ნაყიდ მანქანებს შეზღუდვა 2023 წლის 1 აგვისტოდან შეეხოთ, ევროკავშირიდან ტრანსპორტირებულებს კი - 26 სექტემბრიდან.

რუსეთში ძვირადღირებული, ახალი მანქანების ექსპორტი მანამდეც აკრძალული იყო, ცვლილებებმა კი შეზღუდვა გააფართოვა:

  • აიკრძალა 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე „ყველა ახალი და მეორადი ავტომობილის“ რუსეთში ექსპორტიც და რეექსპორტიც;
  • ყველა ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილის რუსეთში გაყიდვა.

სწორედ ასეთი მანქანები ჭარბობს საქართველოს იმპორტსა და რეექსპორტში, მათ შორის რუსეთში რეექსპორტში.

რა შეცვალა სანქციებმა?

სანქციების ამოქმედების შემდეგ საქართველოდან რუსეთში მანქანების რეექსპორტი თითქმის განულდა.

იანვარი-აგვისტოს შუალედში საქართველოდან რუსეთში ყოველთვიურად საშუალოდ $9.4 მილიონის ღირებულების მანქანები შედიოდა. ამ შვიდ თვეში ჯამში $65 მილიონი და 4840 ცალი ავტომობილი.

აგვისტოში კი მონაცემები სწრაფად შემცირდა - 85 ერთეულ მანქანამდე, რომელთა საერთო ღირებულებამ $781 000 შეადგინა.

მაჩვენებელი სექტემბერში 26 მანქანამდე ჩამოვიდა, ოქტომბერში კი რუსეთში საქართველოდან რეექსპორტით მხოლოდ 8 მანქანა გაიყვანეს.

რა ხდება ინდუსტრიაში?

ბოლო სამ თვეში რუსეთში მანქანებით ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, საქართველოში ეს ინდუსტრია მზარდია.

მსუბუქი ავტომობილები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია საქართველოს იმპორტში.

20 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 10 თვის მონაცემებით, ეს ჯგუფი საერთო იმპორტის 20.4%-ს იკავებს.

შარშანდელ იდენტურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი თითქმის გაორმაგებულია - იმპორტი 98.3%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში $1.3 მილიარდის ღირებულების მანქანები შემოიყვანეს, 2023 წელს კი - $2.6 მილიარდის.

მართალია, ღირებულება გაორმაგებულია, მაგრამ ამ პერიოდში მანქანების რაოდენობა მხოლოდ 29%-ით არის გაზრდილი.

ეს ორ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს:

  • საქართველოში უფრო ძვირადღირებულები მანქანები შემოჰყავთ;
  • ავტომობილები ადგილზეც გაძვირებულია.

საქართველოში მეტწილად შეერთებული შტატებიდან შემოჰყავთ მანქანები.

კიდევ რას აჩვენებს მონაცემები?

მიზეზი, რატომაც ახალ აკრძალვას მთლიან ინდუსტრიაზე უარყოფითი შედეგი არ ჰქონია, ისაა, რომ 2023 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოდან ავტომობილების სრული ექსპორტის ($1.2 მლრდ) მხოლოდ 6% მოდიოდა უშუალოდ რუსეთზე.

10 თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 4959 ცალი ავტომობილი გაიყიდა.

თავის მხრივ, მთლიანად რუსეთში, მხოლოდ 2023 წლის სექტემბერში, 110 358 მანქანა გაიყიდა. და ეს მონაცემი, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 148.6%-ით გაიზარდა.

„სტატისტას“ მონაცემებით, რუსეთში ავტომობილების იმპორტში ამჟამად ჩინეთი ლიდერობს - 76%-ით.

ამავე წყაროს თანახმად, მეორე-მესამე ადგილზე ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან 9.6 და 5.8 პროცენტით.

რეგიონის სხვა ქვეყნები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შეზღუდვას ავტომობილების ნაწილში არ უერთდებიან.

მეორე მხრივ, საქართველოდან მანქანები გადის იმ ბაზრებზეც, რომლებიც ინტენსიურად და უფრო მარტივად ვაჭრობენ რუსეთთან ავტომობილებით - სომხეთში, ყაზახეთსა თუ ყირგიზეთში.

საქსტატის 10 თვის მონაცემებით, ავტომობილების საექსპორტო ქვეყნებში რუსეთს უსწრებენ აზერბაიჯანი (34%), სომხეთი (16%), უკრაინა (13%) და ყაზახეთი (12%).

როგორ შეიცვალა მონაცემები სხვა ქვეყნებთან?

აგვისტოდან, - ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, - ცვლილებები შეიმჩნევა სხვა საექსპორტო ქვეყნებთან ვაჭრობაშიც

აზერბაიჯანთან, - რომელიც საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ავტომობილებით ვაჭრობაში, - ვაჭრობის მოცულობა იზრდება.

იანვარი-ივლისის პერიოდში სომხეთში ყოველ თვე საშუალოდ $29.6 მლნ-ის ღირებულების მანქანა შედიოდა, აგვისტოში $17 მლნ-მდე შემცირდა, სექტემბერ-ოქტომბერში კი - $15-15 მლნ-მდე.

რაც შეეხება ყაზახეთს - ბოლო სამ თვეში მანქანების ექსპორტი აქაც გაზრდილია.

XS
SM
MD
LG