Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-ზე მეტი ავტოიმპორტიორი რუსთავის მანქანების ბაზრობას უჩივის


რუსთავის ავტობაზრობა
რუსთავის ავტობაზრობა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში დაახლოებით ერთი კვირა შევიდა 200-ზე მეტი ავტოიმპორტიორის საჩივარი რუსთავის მანქანების ბაზრობის წინააღმდეგ. იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია იყენებს ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას და მოითხოვენ გადასახადების შემცირებას.

"ბაზარი არის გაჯერებული და არ იყიდება ავტომობილები, უგროვდებათ გადასახადები. ითხოვენ მის დაწევას... მოლაპარაკების დროს ბაზრობის დირექციამ დრო გაჭიმა, შემდეგ გვაცნობა, რომ ერთ გადასახადს ამცირებდა, მაგრამ გამოდის, რომ უმეტესობას გადასახადი მაინც გაუძვირდა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე.

მისი თქმით, დღეს მანქანებით მოვაჭრე ადამიანებს "რუსთავის ბაზრობაზე" რამდენიმე გადასახადის გადახდა უწევთ:

  • საბაჟო ტერმინალამდე - ორი თვე უფასოა, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კი დღეში 10 ლარი;
  • საბაჟო ტერმინალში, სადაც ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 15 ლარიდან 10 ლარამდე შეამცირა;
  • ავტოსადგომზე, სადაც გადასახადი 7 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა.

14 ნოემბერს შესული საჩივრით კონკურენციის სააგენტომ პირველ ეტაპზე უნდა დაადგინოს, რუსთავის ავტობაზრობა არის თუ არა დომინანტი ბაზარზე - ანუ უკავია თუ არა 40 პროცენტი ან მეტი. ავტობაზრობა რამდენიმე სხვა ქალაქშიც არის, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწორედ ის არის.

რუსთავის ბაზრობის ვებსაიტზე წერია, რომ:

  • ავტობაზრობის სადგომზე ეტევა - 5000 ავტომობილი;
  • საბაჟო კონტროლის ზონაში - 2000 ავტომობილი.

"ტარიფი შეიძლება იცვლებოდეს, ვერავინ შეზღუდავს, თუმცა ეს უნდა იყოს გონივრულობის ჩარჩოებში - არ უნდა იყოს გაუმართლებელი... შეიძლება ადამიანი ჩიოდეს რაღაცას, მაგრამ იქ პრობლემა არ იყოს, საფუძველი არ ჰქონდეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას კონკურენციის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სლავა ფეტელევამ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსთავის ავტობაზრობას დარღვევა დაუდგინდება, შესაძლოა სოლიდური თანხით დააჯარიმონ - გასულ წლის განმავლობაში მთლიანი ბრუნვის 5 პროცენტით, თუ დარღვევას არ გამოასწორებს, შემდეგ უკვე დამატებით 10 პროცენტით.

რადიო თავისუფლებამ "რუსთავის ავტობაზრობის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ნომრზე დაკავშირება ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG