Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იყიდა და რა გაყიდა საქართველომ - მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ


რუსთავის ავტობაზრობა
რუსთავის ავტობაზრობა

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ. საერთო ჯამში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 005 მლნ აშშ დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16,8 პროცენტით მეტი.

  • ექსპორტი გაიზარდა 14,4 პროცენტით და 4 079,4 მლნ აშშ დოლარი გახდა;
  • იმპორტი გაიზარდა 17,8 პროცენტით და 9 925,7 მლნ აშშ დოლარი გახდა.

"2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68,7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1944 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1686,9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1240 მლნ. აშშ დოლარი)", - წერია საქსტატის ანგარიშში.

გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო საქონელი მსუბუქი მანქანებია:

  • მთელი იმპორტის 19,7 პროცენტი - 1957,8 მლნ აშშ დოლარი;
  • მთელი ექსპორტის 33,5 პროცენტი - 1368,4 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებში ასევე ჩანს, რომ მსუბუქი ავტომობილები ქვეყანაში აშშ-დან და თურქეთიდან შემოდის და რუსეთში გადის.

  • აშშ-დან საქართველოში შემოვიდა 90 923 მანქანა (1 117 168,8 აშშ დოლარი);
  • თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა 1960 მანქანა (71 409 აშშ დოლარი);
  • საქართველოდან რუსეთში გავიდა 4 925 მანქანა (66 642 აშშ დოლარი).

ყველაზე მსხვილ პარტნიორს, თურქეთს, საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია მიჰყიდა, მისგან ნაყიდ საქონელში კი ყველაზე მეტი იყო სამკურნალო საშუალებები.

საქართველოდან რუსეთში გაყიდული საქონლიდან ყველაზე მეტია ყურძნის ნატურალური ღვინოები, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილში კი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

რაც შეეხება აშშ-ს, ამ ქვეყანაში საქართველოდან შეტანილ საქონელში ყველაზე მეტი იყო ფეროშენადნობები, საქართველოში აშშ-დან შემოტანილში კი - მსუბუქი მანქანები.

უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტით 1 აგვისტოდან შეიზღუდა ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, 26 სექტემბრიდან კი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

XS
SM
MD
LG