მეორე დღეა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული კიდევ ერთი სანქციის აღსრულებას შეუერთდა - 1 აგვისტოდან შეიზღუდა ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიაწოდეს.
"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უშუალოდ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტი სრული იმპორტის 16,4% იყო - $167 მილიონი. აი, ექსპორტის 97% კი დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა - $770,5 მლნ.
სანქციების ახალმა, მე-11 პაკეტმა, რომელიც 2023 წლის 23 ივნისსაა მიღებული, აკრძალვა გაავრცელა:
- "ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]";
- "ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე".
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს ემორჩილება, ასეთი მანქანები რუსეთში აღარ უნდა გაიყიდოს.