Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის მედიაში მთავარი გამოწვევაა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება


სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენცია
სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენცია

სამხრეთ კავკასიაში ჟურნალისტიკის მთავარი გამოწვევაა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში, სოციალური ქსელების პლატფორმებზე და ტექსტური შეტყობინების აპლიკაციებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალი ამბების გავრცელებაში.

19 ივლისს თბილისში მიღებულ სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენციის დასკვნით დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რეგიონში „მედიაგანათლება და მედიაინიციატივების წახალისება აუცილებელია, რათა საზოგადოება დაინტერესდეს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებით, შეძლოს სანდო ინფორმაციის ამოცნობა“.

სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენციის მონაწილეები
სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენციის მონაწილეები

ორდღიანი კონფერენცია, რომელიც დღეს დასრულდა, ორგანიზებული იყო მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეუთოს ოფისის მიერ.

მედიაკონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში წერია ასევე, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს მედიის მომხმარებელთა მედიაწიგნიერება, ხოლო მედიასაშუალებებისთვის - დეზინფორმაციის ამოცნობა და მისი კრიტიკული გაშუქება. მედიის ფუნქციაა აგრეთვე ჟურნალისტიკის ხარისხის გაზრდა. უნდა ხდებოდეს ფაქტების შემოწმების ინიცირება და მისი გამოყენება პრაქტიკაში.

სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა არ უნდა გახდეს დაბრკოლება გამოხატვის თავისუფლებისთვის. მთავრობებმა წვლილი უნდა შეიტანონ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ახალ თავდაცვით კონტექსტში...
ჰარლემ დეზირი

„თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას შეუძლია არსებითი როლი შეასრულოს დემოკრატიის გაძლიერებაში, სანდო ინფორმაციის გავრცელებით აღმოფხვრას საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი შეხედულებები“, ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ მედიის თავისუფლებას. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თავისუფალი სიტყვა კანონით იქნება დაცული: „ინფორმაციის თავისუფლება ლეგიტიმური უფლებაა და მასზე ნებისმიერი გავლენა უარყოფითად აისახება“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისის ხელმძღვანელი ჰარლემ დეზირი (Harlem Desir), სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტები, ექსპერტები და მედიამენეჯერები. ფორუმი მიეძღვნა რამდენიმე საკითხს, მათ შორის: ინტერნეტის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, პროპაგანდასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას, ციფრულ ფორმატში ტრანსფორმირებული მედიის გავლენას აუდიტორიაზე, სიძულვილის ენას მედიასა და სოციალურ ქსელებში, მედიის ეკონომიკურ მდგრადობას ციფრულ ეპოქაში, შემოსავლების დივერსიფიცირებას, ახალი ბიზნესმოდელების შემუშავებას.

სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენციის მონაწილეები
სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენციის მონაწილეები

ჰარლემ დეზირი კონფერენციის დასასრულს რამდენიმე ასპექტს შეეხო:

„სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა არ უნდა გახდეს დაბრკოლება გამოხატვის თავისუფლებისთვის. მთავრობებმა წვლილი უნდა შეიტანონ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ახალ თავდაცვით კონტექსტში“. - მისივე თქმით, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისი მუდმივ კონტაქტში იქნება მთავრობებთან, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას რეგიონში. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, თქვა მან, მედიის თავისუფლების ხარისხი სხვადასხვაგვარია. ამ კონტექსტში, ის აუცილებლად ეწვევა აზერბაიჯანს, შეხვდება ქვეყნის ხელისუფლებას და იმსჯელებს ადგილობრივი მედიის პრობლემატიკაზე.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG