სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ სიბაშვილი მომხდარს არჩევნების პირველ ტურს უკავშირებს. ამბობს, რომ სოფელში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ კი მოსთხოვეს განცხადება დაეწერა და თანამდებობა საკუთარი ნებით დაეტოვებინა. სიბაშვილი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება. ბაღების გაერთიანების სამსახურში კი პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ და ბაღში არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის ახლა უკვე ყოფილი მენეჯერი, თამარ სიბაშვილი, ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. სიბაშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის წინ მას და სხვა მენეჯერებსაც დავალებული ჰქონდათ ემუშავათ როგორც ბაღის თანამშრომლებთან, ისე ბავშვების მშობლებთან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვლის, სასარგებლოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა და ხმები დაითვალეს, აღმოჩნდა, რომ ვეჯინში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატთან, გროგოლ ვაშაძესთან, დამარცხდა.
30-ში მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა, მაგრამ, რომ არ დავწერე, ერთი კვირის შემდეგ ბაღში შემოვიდა შემოწმება და დაადგინეს, რომ 4 წუთით გვიან მივედი სამსახურში.თამარ სიბაშვილი
თამარ სიბაშვილი ამბობს, რომ არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დაიბარა და მოსთხოვა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა, უარის თქმის შემდეგ კი, 7 ნოემბერს, გაათავისუფლა. ოფიციალურ დოკუმენტში მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ჩაუწერეს:
„არჩევნებს, იცით, რატომ ვუკავშირებ? ჩვენ ზემდგომებმა დაგვავალეს, რომ მშობლებთან, თანამშრომლებთან და მათ ოჯახებთან უნდა გვემუშავა, რათა გაემარჯვათ არჩევნებზე, მაგრამ ვერ მიიღეს სასურველი შედეგი და სოფელში ორივე უბანი წააგეს. ამიტომ ჩათვალეს, რომ მე არ ვიმუშავე კარგად. 30-ში მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა, მაგრამ, რომ არ დავწერე, ერთი კვირის შემდეგ ბაღში შემოვიდა შემოწმება და დაადგინეს, რომ 4 წუთით გვიან მივედი სამსახურში. ბრძანებაში მიწერია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი და გულგრილი შესრულება“.
სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის ყოფილი მენეჯერი, თამარ სიბაშვილი, თავისი გათავისუფლების კიდევ ორ მიზეზს ასეხელებს. ერთის მიხედვით, მისი ნათესავები და მოგვარეები პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, მეორე კი უკავშირდება არჩევნების წინა დღეს ერთ-ერთ მედიასაშულებაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სოფლის რწმუნებული წინასაარჩევნოდ გამართულ დახურულ შეკრებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ავალებს ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. თამარ სიბაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრას ისიც ესწრებოდა და ფარული ჩანაწერის მოპოვება-გავრცელების შესახებ ინფორმაციის ფლობას აბრალებენ.
გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ბაგა-ბაღიდან მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. თევდორაშვილი ამბობს, რომ მენეჯერის გათავისუფლების მიზეზი გახდა შიდაინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები. კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და ანტისანიტარია შენობაში. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, იმავე დარღვევებზე ვეჯინის ბაღის მენეჯერი მიმდინარე წელს ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული:
„საბავშვო ბაღში ბავშვების უსაფრთხოება რომ არ არის დაცული და ელემენტარული ჰიგიენური პირობები, ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი რატომ უნდა გახდეს? მე სოფელ ჭანდარშიც, ვეჯინშიც და სოფელ გურჯაანშიც ვიყავი და შეიძლება კიდევ წავიდე რომელიმე ბაღში. მე გადამოწმებები დავიწყე აპრილ-მაისში. სხვა საბავშვო ბაღებშიც აღმოჩნდა დარღვევები, თუმცა რადგან პირველი შემთხვევები იყო, მათ მხოლოდ გაფრთხილება და შენიშვნა მიიღეს“.
ვეჯინის ბაგა-ბაღის ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ რეალურად სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით შეეცდება. თამარ სიბაშვილის ინტერესებს იცავს ადვოკატი გიორგი სიბაშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ სარჩელზე მუშაობა უკვე დაიწყო:
„სარჩელის მომზადება უკვე დავიწყე, რომელსაც შესაბამის მტკიცებულებებს დავურთავ და შევიტან სასამართლოში. მოვითხოვთ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების და ბრძანების ბათილად ცნობას. სარჩელში ლაპარაკი იქნება პოლიტიკურ მოტივებზე. მე მაქვს მტკიცებულებები, სადაც მე, როგორც თამარ სიბაშვილის ადვოკატს, მეუბნებიან, რომ თუკი ის იტყვის, ვინ გააკეთა ფარული ჩანაწერი, შეეშვებიან“.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ კახეთში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა. თავად გათავისუფლებულებმა თქვეს, რომ თანამდებობები პირადი სურვილით დატოვეს, თუმცა ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ისინი გაუშვეს, რადგან არჩევნების წინ მმართველი გუნდისგან მიღებული მითითებები ვერ შეასრულეს, რამაც სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმები დააკარგვინა.