Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა საიმედო, საგულისხმო, საინტერესო და საგანგაშო


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს საქართველოს პარლამენტში პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ დეპუტატები "ევროპული საქართველოდან" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან."

საპარლამენტო სიტყვის კომენტირება ვთხოვეთ პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, მედიაექსპერტებს, ლინგვისტს და არქეოლოგს.

ქვემოთ იხილეთ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის სრული ტექსტი კომენტარებით.



"დღეს მაქვს პატივი, თქვენ და ქართველ ხალხს პირველად მოგმართოთ ყოველწლიური მოხსენების ფორმატში.
ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა ასი დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე.

სალომე ზურაბიშვილი გვიყვება ქათინაურების შესახებ

რაც დიპლომატიაში ზრდილობის ნაწილია და პარლამენტში შესაძლოა მართლაც ვინმე დააჯეროს, რომ მისი ვიზიტები წარმატებული იყო, მაგრამ ეს ქათინაურები ისმის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ქათინაურებს ამბობს, მას განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. ყველამ იცის, როგორ გახდა პრეზიდენტი და ისიც, რომ არანაირი ძალაუფლება მას არ აქვს.

თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

უცხოეთში ვიზიტების შეფასება და საგარეო პოლიტიკის კონტურები

დავიწყებ უცხოეთში პირველი ვიზიტების მიმოხილვით - იმით, რამაც უფრო მეტად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
ამ ვიზიტების თანამიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა: როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ვესტუმრე, შემდეგ - ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს - საფრანგეთსა და გერმანიას; როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს; ჩვენს რეგიონში კი პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და ... ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას.

←მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც ყველგან მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა – პიროვნული დამოკიდებულებებით.

ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს!

საგარეო პოლიტიკას დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტი არ განსაზღვრავს

პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია ფონის შესაქმნელად, განწყობების შესანარჩუნებლად. განწყობის შენარჩუნება და არ გაფუჭებაც უკვე პოლიტიკაა. დღეს ჩვენმა პარტნიორებმა საზღვრებს გარეთ კარგად იციან, რომ პრეზიდენტი სრულ ჰარმონიაშია მმართველ ძალასთან, შესაბამისად, როდესაც ის საუბრობს, იგულისხმება, რომ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციასაც.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

←ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი , ჩვენი ერის მიღწევაა!
ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას.
ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა - მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა.



დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება; ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია - „ყველასთვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით“ წინ მიმავალ ევროპაში.ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, - გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ „შესვლის“ გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი. ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია.

ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი - „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა - საქართველოში“. ასევე, პოზიტიური განწყობის ნიშანია მათ მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შანსი ეძლევა. დროულად, რამეთუ წლის ბოლოსთვის იგეგმება საფრანგეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური „კონფერენცია ევროპისათვის“, სადაც ახალი ევროპის კონცეფციას ხორცი უნდა შეესხას.

ჩვენთვის აზერბაიჯანთან დიპლომატიური ურთიერთობა მნიშვნელოვანია

და ასევე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანმა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მათი მეზობელი, პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთაც არ მოგვწონს. მაგალითად, ერთ-ერთი წითელი ხაზი, ჩვენი, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მქონე ქვეყნისთვის არის ადამიანის უფლებები. აზერბაიჯანში ითვლება, რომ მათდამი ლოიალური ან ხარ, ან არა და თუ ხარ, მაშინ მათ დაკრულზე ცეკვავ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენი მუსიკა გვაქვს და ამავდროულად მოვახერხოთ მათთან თანამშრომლობაც.

ამასთან ერთად, შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი ახალ პერსპექტივებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს. ასევე,

←​აზერბაიჯანში დიდი ინტერესი იყო გამოხატული ტრანსკასპიური და შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ერთობლივი გამოყენების კუთხით.
ნატოს დამოკიდებულება ჩვენ მიმართ უაღრესად დადებითია. ჩემი ვიზიტის დროს ნატოს წევრი ქვეყნებისგან, გენერალური მდივნისა და სამხედრო ხელმძღვანელობისგან საქართველოს მიღწევებთან, მის მიერ დაკმაყოფილებულ სტანდარტებსა და შესრულებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მხოლოდ მაღალი შეფასებები მოვისმინე.


საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმებმა მაღალი შეფასება მიიღო. ამის პირდაპირი ნიშანია 2019 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა და მასშტაბური წვრთნების ჩატარება; შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მიმართ გაზრდილი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავება.
აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენისვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს.

აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთთან გაიხსნას უმაღლესი დონის შეხვედრების შესაძლებლობა

რაც გულისხმობს პრეზიდენტის პრეზიდენტთან, პრემიერის პრემიერთან შეხვედრის შესაძლებლობებს და ასეთ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს რაიმე შედეგი. შედეგის გარეშე ასეთი შეხვედრები ძალიან საფრთხილოა და საქართველოსთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ასეთ შეხვედრას რუსული პროპაგანდა შეფუთავს, როგორც ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთის უმაღლეს პირებთან ურთერიოთობა, მშვენივრად ხვდებიან ერთმანეთს, რაღაც პროექტებს სახავენ და ეს გამოიწვევს შერბილებას იმ პოზიციის, რაც ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებაში. დღეს რუსეთის მხრიდან არ არსებობს არანაირი სიგნალი, რომ არსებობს ასეთ შეხვედრებზე შედეგის მიღწევის შესაძლებლობა.

კახა გოგოლაშვილი

←სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისათვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს - ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას - ვერ გამოიღებს.

ხომ ნათელია,რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე!
ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა.


საფრანგეთში ვიზიტმა საშუალება მომცა, საქართველოს სახელით მადლობა მეთქვა საფრანგეთისთვის იმისათვის, რომ 1921 წლის შემდეგ მან შეიფარა საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს კი ჩვენს ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის პროცესში დახმარება აღმოუჩინა.


მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.


ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მომწოდებელი.


კულტურის დარგში კი გვაქვს შემოთავაზება - ვუმასპინძლოთ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას.

გერმანიასთან ლაპარაკი გუშინ უნდა დაგვეწყო

ვნახოთ, რა ინვესტიციებს გააკეთებენ გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში და მერე ვილაპარაკოთ ამ ინტერესზე.

თორნიკე შარაშენიძე

←გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში. კანცლერმა მერკელმა სრული მზადყოფნა გამოხატა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მხარდასაჭერად. გერმანულ კომპანიებს მზარდი ინტერესი გააჩნიათ საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.


საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას. ამან უნდა შეამციროს არალეგალური მიგრაცია. ამავდროულად, იგი ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს პროფესიული განათლების მიღებაში.

უნდა აღინიშნოს იუნესკოში ჩატარებული შედეგიანი შეხვედრა. დადებითად შეფასდა საქართველოში იუნესკოს რეგიონალური ცენტრის დაარსების იდეა, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონშიგეოპოლიტიკურ როლზე აისახება.

ამავდროულად, განვიხილეთ ტოლერანტობის მსოფლიო არამატერიალური ძეგლების სიაში შეტანის საკითხი. ტოლერანტობა არის ღირებულება, რომელიც ისტორიულად იყო საქართველოსა და მთლიანად, კავკასიის საყრდენი. დღეს იგი ყველგან და, ზოგჯერ ჩვენთანაც, რყევას განიცდის. ტოლერანტობის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება მსოფლიოში მის დაცვას ემსახურება.

დაგეგმილი ვიზიტები საქართველოს რეგიონებში

საგარეო ურთიერთობებთან ერთად, პრეზიდენტის როლი საზოგადოების ახალ საფეხურზე აყვანის კუთხით არანაკლებად საჭიროა. ამისათვის დავსახე პრიორიტეტები - რეგიონები, კულტურა, დიასპორა, საზოგადოების დაუცველი ფენები.


რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო. ჩავედი ზუგდიდში, ქუთაისში, დაგეგმილი მაქვს ჩასვლა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში.


უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში.


ადგილებზე ჩასვლით დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარეში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები. მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად,ვითარდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგები. მცირე და საშუალო მეწარმეები წარმატების მაგალითს იძლევიან. ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ - უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას. უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუკი ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს. ასევე, საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა ქალი ფერმერების საქმიანობას, რომელსაც უკვე უჭირავს თავისი ადგილი ეკონომიკაში და რომელსაც სჭირდება მეტი მხარდაჭერა.


რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია, მაგალითად - ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სახეობის:სამედიცინო, ბალნეო, სამთო, არქეოლოგიური, რელიგიური ტურიზმის განვითარება. მისასალმებელია დაცული ტერიტორიების სიაში ახალი ობიექტების შეტანა. მათი ხარისხიანი დაცულობა რეგიონების განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ გზას გვისახავს დაგარემოს დაცვას ემსახურება.
კულტურაჩემი უცვლელი პრიორიტეტია როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის არის აუცილებელი პირობა რეგიონების განვითარებისთვის, რამეთუ ეკონომიკა კულტურის გარეშე ვერ განვითარდება; ვერც ადგილზე დავაკავებთ ახალგაზრდობას, თუ მათ არ ჩავრთავთ კულტურულ ცხოვრებაში.


კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცხოვრების ხარისხის მთავარი საზომია. ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ კონცეფციაზე მუშაობა და ახლო მომავალში მას წარვუდგენთფართო საზოგადოებასა და კულტურის წრეებს.
ადგილობრივი თეატრების გაცოცხლებით, მუზეუმების აღდგენით, მუსიკალური განათლების კერების გადარჩენითა და განვითარებით და ზოგადად, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებზე ზრუნვით რეგიონებისა და მთლიანად, სახელმწიფოს კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხას შევიტანთ. როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, მხარში დავუდგე ამგვარ წამოწყებებს.
მოგეხსენებათ, დიასპორა, რეგიონებთან და კულტურასთან ერთად, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრიორიტეტად მივიჩნევ. მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ასპექტზე.

დიასპორა

ქართულ უნივერსიტეტებში ასეთი ცენტრები არსებობს

და მათი კვლევების გატანა საზღვარგარეთ მართლაც მნიშვნელოვანია. ამგვარი ცენტრის შექმნა მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს გარეთ და პირველ რიგში ისეთ უნივერსტეტებში, სადაც ქართველოლოგიური კვლევების პრაქტიკა და ტრადიცია არსებობს.

ეს იდეა არსებობდა კიდეც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაია ფანჯიკიძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე მსჯელობა იყო საქართველოს წინა პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთანაც.

მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ის მაღალი რანგის მეცნიერები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში კვლევებისთვის, არ ჩამოდიან საპარტიარქოში. ისინი პირველ რიგში ჩამოდიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და არა საპარტიარქოში.

ნინო დობორჯგინიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
ნინო დობორჯგინიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

საზღვარგარეთ ვიზიტების დროს შევხვდი ჩვენს სტუდენტებსა და ემიგრანტებს. ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული თაობისთვის, სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსს. უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ. ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები.

​სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩვენ გვყავს დიდი ადამიანური კაპიტალი. მათ ვხვდები ყველა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ, ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები.

პრეზიდენტის სამეცნიერო, ტურისტული და სხვა ინიციატივები

ჩემი ინიციატივები:

←წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების მთავარი ცენტრი. აქ ჩამოდიოდნენ ქართველოლოგის პროფესიის დაუფლების მსურველები; აქ ვზრდიდით ჩვენს უძლიერეს მეცნიერებს. ეს არის დარგი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტი ვერ ეყოლება. ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ.

ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის გარდა, ეს ცენტრი უნდა აწარმოებდეს ინტერდისციპლინარულ კვლევებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონის შესახებ.
ასეთი ცენტრის არსებობა საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იგი ვერ აღდგება და ვერ იარსებებს ძლიერი სახელმწიფო ნებისა და მხარდაჭერის გარეშე.

ამ იდეის მხარდაჭერა პატრიარქის მხრიდან გადამწყვეტია.

მეცნიერებას იმისათვის რომ ნაყოფი გამოიღოს სჭირდება დრო

არქეოლოგიის განვითარება აუცილებელოა ქვეყნის, მეცნიერების და საერთოდ წინ სვლისთვის მაგრამ არა ისე, როგორც ამას ხედავს ქალბატონი სალომე და ხელისუფლება ან როგორ ხედავდნენ სხვა ხელისუფლებები. როდესაც ისინი ლაპარაკობენ არქეოლოგიაზე, გულისხმობენ უფრო მეტად ტურიზმის განვითარებას, ვიდრე მეცნიერების.
აი მაგალითად ჩვენ არ გაგვაჩნია თითქმის არანაირი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც საშუალებას მოგვცემდა შეგვექმნა მაღალი დონის სამეცნიერო პროდუქტი, გვიჭირს ახალგაზრდების ჩართვა, პროექტების მოგების შემთხვევაში უამრავი უაზრო რეგულაცია გვიშლის ხელს, არანაირად არაა მორგებული არცერთი სტრუქტურა ჩვენს მოთხოვნებზე, განვითარების ელემენტარულ საშუალებას რომ იძლეოდეს, ამიტომ გვიწევს ყველაფრის საზღვარგარეთ კეთება, სინჯების გადაგზავნა, ანალიზების ჩატარება, რაც ხელს უწყობს ჩვენში ამ მეცნიერებებისადმი გულისაცრუებას .


ნიკოლოზ წიქარიძე, არქეოლოგი

არქეოლოგიის დარგის გაძლიერება. მხარდაჭერა პატრონაჟის სახით გამოვუცხადე ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც ქუთაისში ძველი კოლხეთის კულტურის კვლევას ისახავს მიზნად. ასევე, გერმანულ მხარეს შევთავაზე ჩვენთან გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის ფილიალის დაფუძნება, რაც ხელს შეუწყობს „ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის“ კვლევას და შემდეგ - იუნესკოში ნომინაციის წარდგენას. კოლხეთი, რომელიც უძველესი დროიდან გვაკავშირებს ევროპასთან,ევროპაში ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს.


← მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის ქვეყანაში აუცილებელია, რომ არქეოლოგიის მიმართულება განვითარდეს და ეს პროფესია მიმზიდველი გახდეს. იმ დროს, როცა ბევრი არქეოლოგიური კერა ომებისა და ნგრევის შედეგად მსოფლიოში მიუწვდომელი გახდა, საქართველოს თავისი უნიკალური როლის დამკვიდრება შეუძლია.
საკონფერენციო ტურიზმის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფად გასავითარებელ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი.

საკონფერენციო ტურიზმი ქუთაისში

ამ კუთხით ქუთაისში, პრაქტიკულად, უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი - კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციოდანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია. ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის. ქუთაისის ინფრასტრუქტურა - აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს.

დიასპორის ჩართულობის გამყარება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი.ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე.


ასევე სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება, რათა ჩამოსული თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო ინფორმაცია.

როგორიც არ უნდა იყოს ჩარჩო

რომელშიც მოვაქცევთ სოციალურ ქსელებს და საინფორმაციო სივრცეს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პირველ ნაბიჯს გადავდგამთ ქვეყანაში ცენზურის შემოღებისკენ.

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი

საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებული პროცესების ჩარჩოებში მოქცევა

ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს.

საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება.​

←​ ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ.

ეს განცხადებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

შეუძლებელია რაიმე რეგულირება არსებობდეს, რომელიც ერთნაირად მოაქცევს საკანონდებლო სივრცეში ისეთი ფართო გამოხატვის ფორმებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა... როგორც ჩანს, მას ერთნაირად აწუხებს სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში გამოხატული უარყოფითი მოსაზრებები და ამ ყველაფრის საკანონმდებლო სივრცეში ერთად მოქცევა ისე, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ძალიან თვალსაჩინოა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თუკი სხვა საკითხებზე იძახის, რომ მისი კომპტენცია არ არის, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ცალსახად და ხშირად ამბობს, რომ რეგულირება აუცილებელია. თანამედროვე სამყაროში, სოციალური ქსელების პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ისე, რომ რაღაც არ დაზიანდეს, სრულიად წამოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანი პლატფორმები უნდა გააუქმო და გავხდეთ ისეთი ქვეყანა, სადაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკიც არ არის.

ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი
ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი

←როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება.


უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და პირველ რიგში - ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან.

საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე.
მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო.

მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება. ამ ფორმით არჩევნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება გახდა ახალი ხერხი მტრული ძალებისათვის. ამას ეხმიანება ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამას პასუხობს ევროკავშირში "დემოკრატიის დაცვის ცენტრის " დაფუძნების ახალი იდეა და ახალი რეგულაციები რიგ ქვეყნებში. (თუნდაც, ინგლისის სამეფო კარის განცხადება)
ჩემს ინიციატივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას.

სოციალური პრობლემები

სოციალური და ჯანდაცვის სფერო ასევე წარმოადგენს პრეზიდენტისთვის მთავარ გამოწვევას, სადაც მისი აქტივობა აუცილებელია - იმის მიუხედავად, რომ მას ცალკე რესურსები პრობლემების გადაჭრისთვის აღარ გააჩნია.
ჩვენს ქვეყანაში, გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ვერ გახდა ამ წინსვლის თანამონაწილე.


უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არაინკლუზიური მიდგომები დღევანდელი ჩვენი მთავარი, ვიტყოდი - სტრატეგიული გამოწვევებია.


ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას.მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას.


ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა.

ამ კუთხით ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შეგვიძლია.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. მათზე წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოსდა იგი ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასთან მიმართებით. ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული; უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ, რამეთუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადობის, უცვლელობის სიმბოლოს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და არა პარტიული ფიგურა. პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში.თუმცა, სულ სხვაა, როცა პოზიციის გამოხატვა ეხება არა უშუალოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრინციპებს.

შეწყალება - პრეზიდენტის ფუნქცია?

შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.
შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.


ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისშემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.

ეს არის სრული აბსურდი

არ შეიძლება შეწყალების მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციითაც ასე განსაზღვრული და თავისი შინაგანი ბუნებითაც ასეა ჩამოყალიბებული, რომ ეს არის უმაღლესი ხელისუფალის ექსკლუზიური უფლება, გადაეცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში იმ უწყებას, რომელიც განაგებს პენიტენციალურ სისტემას.


ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე

←შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.

გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი.

სამართლიანი სასამართლო

რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხს: მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება. ვიმედოვნებ, რომ ამ საზომით და მხოლოდ ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების განწესებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებზე მუშაობს.


მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, -შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე.


მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება.


ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გამართული ყველა ჩემი შეხვედრის დროს ჩვენი პარტნიორები ხაზს უსვამენ სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სასამართლო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას. მე ამ პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდები.

უსაფრთხოების საბჭო


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაარსების გარშემო დაწყებულმა საპარლამენტო დისკუსიამ წარმოშვა აუცილებლობა, რომ გარკვეულიყო პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მისი ინფორმაციით უზრუნველყოფის საკითხი. ამ თემაზე პოზიციების შეჯერება მოხდა.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები


დაბოლოს, რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს: ამ შემთხვევაშიც არ გამოვხატავ ჩემს პირად მოსაზრებებს ამა თუ იმ პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ერთადერთი - შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი პარლამენტში შექმნილ ახალ მოცემულობასთან დაკავშირებით, - როცა აღარ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, და სადაც, შესაძლოა ფრაქციების ან, თუნდაც, უმცირესობის გადალაგება მოხდეს.


ეს პროცესები, ჩემი გადასახედიდან, ახალი, საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია. ასეთ სისტემებში საკანონმდებლო უმრავლესობის მიღწევისთვის ან მთავრობის დამტკიცებისთვისხანდახან საჭირო ხდება კოალიციების შექმნაც.
მოვლენების ასეთი განვითარება არც უნდა გვიკვირდეს და არც უნდა იყოს აღქმული დესტრუქციულ ან საფრთხის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილურობასა და მის მთავარ კურსს.

ამდენად, ამ პროცესებში დაშლა, გაერთიანება თუ გადაადგილება ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო საყურადღებოა პოლიტიკური დისკურსი, მკვეთრი განცხადებები, პირადი შეურაცხყოფის შემთხვევები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხვალინდელი თანამშრომლობის ფორმატების შექმნას ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან, სტაბილურობის მაღალი ფასიდან და ჩვენი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გვაქვს. მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის ვალდებულება გვაკისრია ყველას, ვინც ფიქრობს ხვალინდელ საქართველოზე და სახელმწიფოს გაძლიერებაზე.

XS
SM
MD
LG