95 ხმა ერთის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაუჭირა მხარი პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკითხის განხილვამ მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა. იმ მიზეზით, რომ ამას სახელისუფლებო თამაშის ნაწილად განიხილავს, საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა კომისიას წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ რიგებშიც შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკასა და სკეპტიციზმს სხდომაზე „ევროპული საქართველოც“ დაუპირისპირდა. საგამოძიებო კომისია 3-თვიან სამუშაო პროცესს 7 ივნისიდან შეუდგება.
„ნაციონალური მოძრაობის“ უარი მტკიცე იყო. 6 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ, მართალია, ზოგადად არ აკნინებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის როლს, მაგრამ, სახელისუფლებო კრიზისის პირობებში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეში კომისია ვერაფერს გამოიძიებს. მაგალითად, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, თანაგუნდელების მსგავსად, ფიქრობს, რომ ხელისუფლება დროის გაყვანას ცდილობს:
„ამ კომისიის შექმნა - ეს არის იმის მცდელობა, რომ რეალურად გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და, პირველ რიგში, ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას საკუთარი პოსტიდან, რადგან სწორედ ის არის შემოქმედი სისტემისა, რომელსაც დღეს აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე“.
იმის გამო, რომ 17-კაციან საგამოძიებო კომისიაში 9 ადგილი „ევროპულ საქართველოს“ დაეთმო და თავმჯდომარეც სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის რიგებიდან აირჩიეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის შინაარსიდან გამოდის, რომ ხელისუფლების თამაშში „ევროპული საქართველო“ ჩაერთო. ცხადია, პასუხმაც არ დააყოვნა და კომისიის წევრმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ ოპონენტებს ახლო წარსულიც გაახსენა:
„საზღვარი აქვს ყველაფერს და მათ შორის - პოლიტიკურ დემაგოგიასაც. ჩემს კოლეგებს მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: არ შეიძლება ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირო კომისიის შექმნას და მერე თქვა, რომ ეს არის დროის გაწელვა... ამავე დროს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ არავინ არ უნდა ენდოს დროებით საგამოძიებო კომისიას. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტარი ამას არ უნდა ამბობდეს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა უპასუხოდ არც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. უმრავლესობის ლიდერმა და ასევე კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა:
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ითხოვთ ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ - ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს. რაც შეეხება დროის გაჭიანურებას, ესეც სრული სიცრუეა, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეგ დრო ისედაც საჭირო იქნება, სანამ სასამართლო სხდომები დასრულდება“.
თუმცა „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა თავის რიგებშიც შეხვდა. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უკმაყოფილოა იმით, რომ საგამოძიებო კომისიაში 9-კაციანი უმრავლეოსობით იქნება წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - „ევროპული საქართველო“.
„ხომ არ ვაპირებთ, შემთხვევით, რომ ხელისუფლებაც გადავაბაროთ ამ ადამიანებს?! რაღაც გაუგებარი ტექსტები ისმის ამ დარბაზში. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები ვერ დანერგავენ სამართლიანობის გრძნობას ქვეყანაში. ვთვლი, რომ ეს კომისია ნამდვილად ვერ მოიტანს თავის შედეგს და მე ამ კომისიას მხარს არ დავუჭერ“.
ის, რისიც არ სჯერა დეპუტატ ჭიჭინაძეს, აბსოლუტურად შესაძლებლად მიაჩნია „ევროპულ საქართველოს“. დეპუტატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის ხელთ არსებული ბერკეტებით შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, ჩაიდინეს თუ არა უკანონო ქმედებები თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეთა გამოვლენის პროცესში.
„ევროპული საქართველოს“ პოზიციით, მიუხედავად მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ამ ეტაპზე ნაადრევია ლაპარაკი მთავრობისა თუ იუსტიციის მინისტრის გადაყენებაზე; ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მთავარ პროკურორად ღირსეული, მიუკერძოებელი კანდიდატის შერჩევა, რადგან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა სწორედ მთავარი პროკურატურის აღსასრულებელი იქნება. „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებული კანდიდატი შალვა შავგულიძეა.
17-კაციან საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე; ხოლო „ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. კომისიის შემადგენლობაში არიან ასევე: ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ერთი წარმომადგენელი, ადა მარშანიას სახით და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
6 ივნისს ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული კომისია მუშაობას 7 ივნისიდან სამთვიანი ვადით შეუდგება. დასკვნის წარდგენის შემდეგ, ვადის გაგრძელებაც შესაძლებელია, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისია შეეცდება, რომ სამუშაო ვადის გაუგრძელებლად, უმოკლეს დროში დაასრულოს.