როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი აღარ დაინიშნება ვიცე-პრემიერის პოსტზე და ჯერჯერობით ისევ უცნობია, როგორ გაგრძელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კარიერა უკრაინაში. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, კიევში იოლად არ დაივიწყებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ წინასწარ, საჯაროდ გამოხატულ ბრაზსა და ულტიმატუმებს ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
რატომ აჩქარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? რა შეიძლება დაზიანდეს „არაადეკვატური“ და „მკვახე“ განცხადებებით სტრატეგიული პარტნიორის მისამართით? რა შეიძლება მოხდეს სააკაშვილის დანიშვნით მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში?
რა გადაწყდა სააკაშვილზე უკრაინაში?
უკრაინული მედიის მიერ 30 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა თანამდებობა შესთავაზოს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი აღარ არის ვიცე-პრემიერის პოსტზე.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის რადაში ხმების საკმაო რაოდენობაა ვიცე-პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლადაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, არჩევანი სხვა თანამდებობაზე შეჩერდა.
უკრაინის რადაში სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა ორჯერ დაანონსდა, მათ შორის - 30 აპრილისთვისაც, თუმცა საბოლოოდ არ შედგა.
პრეზიდენტ ზელენსკისგან შეთავაზება რომ მიიღო, ეს განცხადება თავად მიხეილ სააკაშვილმა გაახმაურა 22 აპრილს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია თავად ზელენსკის და მისი სახელით ძირითადად ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია გამოდიოდა.
რადიო თავისუფლებისთვის 29 აპრილს მიცემულ ინტერვიუში არახამია ჯერ ისევ ვიცე-პრემიერის პოსტზე აკეთებდა აქცენტს და რადაში მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობის მობილიზების იმედს გამოხატავდა.
ერთი დღით ადრე კი, უკრაინული მედია უკვე ვარაუდობდა, რომ ის ვერ მიიღებდა უკრაინის რადის მხარდაჭერას რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლად. ითქვა, რომ 24 აპრილის შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრთა უმრავლესობა.
დეპუტატების მისამართით მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მხარდამჭერმა, ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა. რადის დეპუტატების პოზიციას მან დამამცირებელიც უწოდა და თქვა, რომ სააკაშვილის ნაცვლად ის უარს იტყოდა შემდგომ მცდელობებზე.
„ბიჭები და გოგოები, შინამოსამსახურეები და მზარეულები იწყებენ ფიქრს - მისცენ ხმა სააკაშვილს თუ არ მისცენ ხმა... და ვინ ხართ თქვენ?! რა გაგიკეთებიათ?! ... საერთოდ, სააკაშვილის ადგილას მე ახლა უკვე ვეტყოდი - ნახვამდის, არ გინდათ და არც არის საჭირო... თვითონ შემეხვეწებით“, - ამბობს გორდონი „უკრაინა 24“-ის გადაცემაში.
გახმაურდა ვერსია, რომ ვიცე-პრემიერის პოსტის ნაცვლად, მმართველმა პარტიამ - „ხალხის მსახურმა“ შესაძლოა სააკაშვილი წამოაყენოს თავის კანდიდატად ოდესაში „მაქსიმალური პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით“.
ხუთშაბათს რუსეთის მედიამ სწრაფად გაავრცელა უკრაინის რადის ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ("Оппозиционная платформа — За жизнь") დეპუტატის, ილია კივას განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პრორუსულად მიჩნეული პოლიტიკური ძალის დეპუტატი დასავლეთის ექსპანსიის მორიგ ტალღაზე ლაპარაკობს და სააკაშვილს უკრაინისთვის დასავლეთის მიერ დაძალებულ კადრად განიხილავს.
ჯერჯერობით, უცნობია, ამჯერად რა პოსტზე იხილავს უკრაინა საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს. შესაბამისად, გაურკვეველია, ისევ ძალაში დარჩება თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
„ქართული ოცნების“ მუქარა
ბოლო ერთი კვირის განცხადებებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ხელისუფლება კიევს ვიწრო არჩევანს სთავაზობს - ან მიხეილ სააკაშვილი, ან საქართველო. მზადყოფნაა მოქმედებებთან დაკავშირებითაც.
პროცესში ჩართული იყვნენ როგორც მაღალი, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირები.
„ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა, რა თქმა უნდა, დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - თქვა 29 აპრილს ტელეარხ „უკრაინა 112“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
კალაძემ გამოხატა იმედი, რომ უკრაინა „კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“ და რომ „ჩვენი სახელმწიფოების პარტნიორობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის წესით ნასამართლევი პირის პოლიტიკურ პოსტზე დანიშვნა“.
უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის ფაქტს 28 აპრილს ორენოვანი ვრცელი განცხადება მიუძღვნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ტექსტში დასმული აქცენტების მიხედვით:
- თუკი სააკაშვილი პოსტზე დაინიშნება, ამით სასწორზე დაიდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობა;
- ეს იქნება საქართველოს ინსტიტუტების უგულებელყოფა და შეურაცხყოფა;
- ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ბზარი, გაიყოფა გზები და დასუსტდება ერთობა;
- უკრაინასა და საქართველოს შორის უკვე წარმოიშვა ნდობის დეფიციტი;
- პრეზიდენტი მაინც იტოვებს იმედს, რომ ორი ქვეყნის საერთო ინტერესები „უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება“, ვიდრე „ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები“.
მკაცრი გზავნილებია ასევე საგანგებო წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 24 აპრილს გაუგზავნა თავის უკრაინელ კოლეგას - რადის სპიკერს.
არჩილ თალაკვაძე დმიტრო რაზუმკოვს წერს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ „რიგ სერიოზულ ბრალდებებში“ დადანაშაულებული სააკაშვილის მაღალ პოსტზე დანიშვნა გააფუჭებს ურთიერთობებს.
- „შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის“;
- „ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას“.
მწვავე რეაქცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც. 24 აპრილს მან თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების „მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება“. ითქვა ისიც, რომ საქმე შესაძლოა ელჩის გამოწვევამდეც მივიდეს - „თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.
„ჩვენ რეაქცია, ბუნებრივია, აუცილებლად გვექნება, რადგან ასეთი რამ თუ მოხდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება არამეგობრული ნაბიჯი“, - ეს სიტყვები უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მან 25 აპრილს, „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა სააკაშვილის საკითხის ფონზე არც დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა გამორიცხა.
საქართველოს ხელისუფლებას უკრაინიდან არაერთხელ მიანიშნეს, რომ - არ არის საჭირო სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა.
„ჩვენ ყურს ვუგდებთ ყველა არგუმენტს, განსაკუთრებით, ისეთი პარტნიორისა, როგორიც საქართველოა. მაგრამ, ამასთან ერთად, მთავრობის შიგნით დანიშვნას ჩვენ განვიხილავთ უკრაინის (ხელისუფლების) განსაკუთრებულ სუვერენულ უფლებად - დანიშნოს უკრაინის მოქალაქეები იქ, სადაც უნდა და როდესაც უნდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზელენსკის პარტიის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.
კიევში არ დაავიწყდებათ
„ამ რეაქციებით ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის სერიოზული ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ეს ასეა „ქართული ოცნებისთვის“... მე გამაოცა ამ რეაქციებმა მაშინ, როცა ტრადიციულ დიპლომატიაში მსგავსი საკითხების გასარკვევად უამრავი საშუალება არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მისი თქმით, გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების ძალიან სარისკო მზადყოფნა, რომ სააკაშვილის პოსტზე დანიშვნის საკითხს გადააყოლოს სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან.
- „ჩვენს მთავრობას კონსულტაციები რომ გაევლო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძალიან კარგ რჩევებს მიიღებდნენ და აღარ მოვისმენდით მათ ასეთ განცხადებებს“;
- „საწყენია, რომ ამ თემაზე ასეთი მკვახე განცხადებებით მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის მთავრობები გამოირჩეოდნენ“;
- „უკრაინის გარეშე სერიოზულად გართულდება საქართველოს ბრძოლა საერთო ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ და შეიძლება შეუძლებელიც გახდეს - რადგან უკრაინა არის მსოფლიო დღის წესრიგში, საქართველო - არა“;
- „ჩვენ გაცილებით უფრო მეტად ვართ დამოკიდებული უკრაინაზე, ვიდრე უკრაინა ჩვენზე და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯერ მარტო ხორბლის მოწოდების იმედი რად ღირს“.
რაში დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას ხმამაღალი საჯარო განცხადებები?
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი რუხაძე მოვლენების ამგვარ განვითარებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შიშებს უკავშირებს.
„თუ სააკაშვილი წარმატებული იქნება, ვთქვათ, უკრაინაში მაღალ პოსტზე მუშაობისას და მოახერხებს რეფორმების გატარებას, ეს იქნება მისთვის მეორე პოლიტიკური სიცოცხლე. ამით გაიზრდება მისი გავლენა მსოფლიოში და ხელმისაწვდომობა ფინანსებზე... შესაბამისად, ეს აისახება ქართულ პოლიტიკაზე. ჩემი აზრით, ამისი შეეშინდა ივანიშვილს, მან გასცა სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის გაპროტესტების დავალებაც და მას ვერავინ შეეწინააღმდეგა“.
გიორგი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ აქ ფიგურირებდეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შიში და, კერძოდ - რუსეთის არგაღიზიანებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით:
- მთელი ისტერიკაა ატეხილი რუსულ მედიაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით;
- საქართველოს ხელისუფლება ხშირად უწევს ანგარიშს რუსეთისგან მოსალოდნელ რეაქციებს;
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც საქართველომ ამ მიზეზით აჩვენა რუსეთს, რომ - გააკეთა ყველაფერი გასაპროტესტებლად;
- სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა გამოეტანათ ეს პრობლემა საჯაროდ, რაც ყველა შემთხვევაში დამარცხებულს დატოვებდა საქართველოს.
„ფაქტია, რომ სააკაშვილმა კარგად ააგდო „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს სახელმწიფოს აზარალებს... ალბათ ის ამხელა რეაქციას არც მოელოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კმაყოფილი იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი წევრი.
მისი შეფასებით:
- „იმდენი პრობლემა აქვს უკრაინას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში სააკაშვილის მსგავს პოპულისტზე ამყარებენ იმედებს, ხალხის თვალში დრო რომ მოიგონ“;
- „მაგრამ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ეს არის მისი არაადეკვატურობისა და არარელევანტურობის დადასტურება“;
- „პოპულისტ და ავანტიურისტ სააკაშვილზე რომ ამხელა ამბავი ატეხეს, ვფიქრობ, რომ ისინი ვერც უკრაინასთან ურთიერთობის პლუსებსა და მინუსებს ხედავენ და არც გეოპოლიტიკის ამოცანები ესმით“;
- „მესმის, რომ ამხელა ამბავი აეტეხათ, ვთქვათ, თუ კიევი ნატოზე იტყოდა უარს ან რუსეთთან ჩახუტებას დააპირებდა“.
რადგან გუბერნატორობის ფაქტი მშვიდად გაატარა, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ არაადეკვატურ განცხადებას პაატა ზაქარეიშვილიც 2020 წლის არჩევნებს უკავშირებს.
„მე არ მჯერა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ სჯერა ლეგენდის წარმატებული სააკაშვილის შესახებ... ის რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე გვეხილა, დაიწყებდა ხმამაღალ განცხადებებს თავისებურად - ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა და ასე შემდეგ... და ეს შთაბეჭდილებას მოახდენდა საქართველოშიც... გავლენაც შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე... ვისაც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა, იმ ხალხს მიიმხრობდა... „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა ამის“.