Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერობისთვის ბრძოლაში დავით კირკიტაძეს მხარს დაუჭერს ხუთი ოპოზიციური პარტია


„ნაციონალური მოძრაობის“  რუსთვის ორგანიზაციის  ლიდერი დავით კირკიტაძე ოპოზიციური ერთობის  კანდიდატი იქნება რუსთავის მერობისთვის ბრძოლაში.

25 აგვისტოს ოთხმა პარტიამ- ნაციონალური მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, „გირჩი- მეტი თავისუფლებამ“ და „ლელომ“ - მერობის კანდიდატის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარეობის და ვიცემერობის ერთიანი კანდიდატები დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ წარდგენაზე განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავში 61 პროცენტი დააგროვეს, რაც ადგილობრივი არჩევნებში გამარჯვების საწინდარია.

„ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ არ გვინდა ერთპარტიული მმართველობა, რომ მთავრობაში და თვითმმართველობაში ბევრი ხმის გაგონება გვსურს. აი, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს განვახორციელოთ“, თქვა ნიკა მელიამ.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ კი თქვა, რომ „ეს არის წინა კოალიციური ვითარება, სადაც ჩვენ კონკურენციის და შეთანხმებების გზით ვნერგავთ ახალ პოლიტიკურ კულტურას ამ ქვეყანაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა.”

გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმებით, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე იქნება „ლელოს“ წევრი ნინო იმედაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ადრე „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერი იყო და ამავე პარტიიდან 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში რუსთავის მერობისთვის იბრძოდა. იმედაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა.

გაერთიანების მიუხედავად, საკრებულოს წევრობისთვის ყველა პარტია საკუთარი სიით იბრძოლებს. თუმცა შვიდივე სამაჟორიტარო ოლქში მხარს დაუჭერენ შეთანხმებულ კანდიდატს.

ნინო იმედაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის „ლელოს“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნება, მაჟორიტარ კანდიდატად კი კენჭს იყრის მეორე სამაჟორიტარო ოლქში.

„ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის კაცის გამარჯვება“, თქვა იმედაშვილმა.

წარდგენაზე ვიცემერობის 2 კანდიდატი დაასახელეს, ერთ ერთია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი კუკანია.

კუკანიას თქმით, სამაჟორიტარო ოლქებში კანდიდატურების დაყენების დროს პარტიები ხელმძღვანელობდნენ იმით, თუ გამარჯვების ვის მეტი შანსი ჰქონდა, ასე რომ, ამ საკითხში სრული კონსენსუსია. ირაკლი კუკანიამ ასევე თქვა, რუსთავში ყველა პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად წარმართავს, თუმცა შეთანხმებულია „მთელი რიგი სტრატეგიული საკითხი“, რომელიც შეეხება მერის და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების არჩევას.

დავით კირკიტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის, ერთობაში შემავალი პარტიებიდან ვინ რამდენს გაიყვანს საკრებულოში. მთავარია, ოპოზიცია უმრავლესობით გავიდეს.

„ჩვენთვის მთავარი არ არის, ვინ რომელი პარტიის წევრია. მთავარია პროფესიონალიზმი და პოლიტიკური გულწრფელობა და აღიარება, რომ ქვეყანა ჭაობიდან არის გამოსაყვანი. მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში ჩვენ დავასახელებთ რუსთავის მესამე ვიცემერობის კანდიდატურას, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის მოქმედი მოხელეა, სუფთა წარსულით და დიდი გამოცდილებით. ეს იქნება სიურპრიზი რუსთაველებისთვის და დიდი სიურპრიზი „ქართული“ ოცნებისთვის“, თქვა კირკიტაძემ. მან კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობის დასახელება ნაადრევად მიიჩნია.

დავით კირკიტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა მაჟორიტარ კანდიდატად მე-12 საარჩევნო ოლქში, სადაც რუსთავთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი შედიოდა. მაშინ კირკიტაძემ მეორე ტურში აღარ მიიღო მონაწილეობა და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა. კირკიტაძე რუსთავის მერობისათვის ბრძოლაში წელსაც ნინო ლაცაბიძის მთავარი კონკურენტი იქნება. სხვა საარჩევნო სუბიექტებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

ამჯერად, კირკიტაძეს მხარს დაუჭერს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია გიორგი ვაშაძის „მესამე ძალა“, თუმცა, პარტია რუსთავის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და მაჟორიტარ ოლქებში ოპოზიციური ერთობის კონკურენტი იქნება.

„მესამე ძალის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პაპუნა პაპავამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაცია გაიმართა, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა სწორედ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით.

„კირკიტაძეს არჩევნებში დავეხმარებით, მაგრამ შვიდივე საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატები გვეყოლება და საარჩევნო კამპანიასაც დამოუკიდებლად წარვმართავთ“, თქვა პაპუნა პაპავამ, რომელიც საკრებულოს წევრობის კანდიდატი იქნება რუსთავის მეორე სამაჟორიტარო ოლქში და პირველი ნომერი „მესამე ძალის“ საარჩევნო სიაში.

საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით, რუსთავის საკრებულო 25 წევრიდან 35-მდე გაიზარდა. ამასთან, მაჟორიტარული ოლქები 10-დან 7-მდე შემცირდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG