Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერიას გარემოსდაცვითი ანგარიშების არ სჯერა


რუსთავის მერიასთან მავნე გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს
რუსთავის მერიასთან მავნე გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს

რუსთავის თვითმმართველობა გარემოს დაცვის კუთხით დაუხვეწავ საკანონმდებლო ბაზაზე, გარემოსდაცვითი სტრუქტურების არეფექტურ მუშაობასა და საწარმოთა უპასუხისმგებლობაზე ჩივის იმ ფონზე, როცა გამონაბოლქვის გამო მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებს.

თვითმმართველობა, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, საწარმოებისგან თანამედროვე ფილტრების დაყენებას ითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე, თუნდაც ხეების დარგვაზე.

ეს მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს რუსთავის მერიასთან მავნე გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

5 ნოემბერს, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, შავი და ფერადი მეტალურგიის საწარმოთა წარმომადგენლები მიიწვია და პირდაპირ განუცხადა, რომ თუ არ დააყენებენ ფილტრებს და არ შეწყვეტენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას, შეიძლება რუსთავის მერიამ მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩაატაროს და, შედეგების მიხედვით, ფიზიკურმა პირებმა წარმოებებს უჩივლონ:

„კონსტიტუციის წინაშე პირნათელნი ვართ და ადამიანების წინაშე არ ვართ პირნათელნი, რომელთა ჯანმრთელობასაც კონსტიტუცია იცავს? და რომ დადგინდეს, რომ თქვენი მუშაობა აზიანებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, რამხელა გადასახადი მოუწევს თქვენს კომპანიებს? თუნდაც მე რომ მოვიწვიო [სპეციალისტები] და მოსახლეობის ჯანმრთელობა შევამოწმო, რა დამიშლის? ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ გადავიხდით“.

რუსთავის მერისა და საწარმოთა ხელმძღვანელების შეხვედრა
რუსთავის მერისა და საწარმოთა ხელმძღვანელების შეხვედრა

ტაბაღუას ამ მუქარას წინ უძღოდა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის მენეჯერის, გიორგი ჩალაძის, განცხადება, რომ თანამედროვე ფილტრები უყენიათ და ჰაერის დაბინძურება მათი ბრალი არ არის. მისი თქმით, გამონაბოლქვს მეზობელი „რუსელოისი“ აფრქვევს:

„სამწუხაროდ, როცა ხდება გარემოზე მოქმედების შეფასების გაცემა, არ ხდება იმის გათვალისწინება, რამდენად კარგად არის დამონტაჟებული გამწოვი მილები. მაგალითად, მეზობელი „რუსელოისი“, საიდანაც გამონაბოლქვის შემცველი ნაწილაკები ჩვენს ტერიტორიაზე ილექება“.

სილიკომანგანუმის მწარმოებელი „რუსელოისის“ წარმომადგენელმა, ბიძინა მინდელმა, აღიარა, რომ საწარმოში ძველი, ე.წ. სველი ფილტრები აყენია იმის გამო, რომ მეტალურგიული წარმოება მთელ მსოფლიოში კრიზისს განიცდის.

ბიძინა მინდელის თქმით, საწარმოს ამ ეტაპზე არ აქვს 350 ათასი ამერიკული დოლარი, რომ თანამედროვე, ე.წ. მშრალი ფილტრები დააყენოს, თუმცა საწარმო, რომელიც ექსპორტზე ყოველთვიურად 2000 ტონა სილიკომანგანუმს გზავნის, ყველანაირად ცდილობს მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ფილტრების სიძვირეზე შეხვედრის მონაწილე სხვა საწარმოების წარმომადგენლებმაც ილაპარაკეს, თუმცა, ამის მიუხედავად, სილიკომანგანუმის მწარმოებელმა კიდევ ერთმა კომპანიამ, „ჯორჯიან ელოის გრუპმა“, მისი შეძენა მაინც შეძლო, მაგრამ ღუმლის მილი სტანდარტზე მოკლე აღმოჩნდა და მისი დაგრძელება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი.

„ჯორჯიან ელოის გრუპის“ წარმომადგენელმა, ეკა სურგულაძემ, აქვე შენიშნა, რომ კომპანიას წარმოების გაფართოება სურს, პროექტიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ მის დამტკიცებას, მესამე თვეა, ელოდებიან.

რუსთავის საწარმოები, გარდა იმისა, რომ მათ გარემოს დაცვის სამსახური პერიოდულად ამოწმებს, დაქირავებულ კომპანიებს იწვევენ მონიტორინგისთვის და ამის უფლება კანონით აქვთ მინიჭებული. მათი ანგარიშები გარემოზე ზემოქმედების სააგენტოს ეგზავნება. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ამ ანგარიშებში, არც ნარჩენების მართვისა და არც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, დარღვევები არ არის, ხოლო თუ არის, უმნიშვნელო.

რუსთავის მერმა ამ ანგარიშებს ყალბი უწოდა:

„გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემები არის ძალიან დიდი ტყუილი და, თუ გამონაბოლქვს უშუალოდ მილებზე შევამოწმებთ, სულ სხვა შედეგებს მივიღებთ“.

ქალაქის მერმა აქვე მოუწოდა საწარმოებს, მოსახლეობის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ და სოციალური პროექტები განახორციელონ - თუნდაც, ხეები დარგონ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG