58 წლის დავით ლაცაბიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრით მოუგო და ახლა კომპენსაციასაც დაელოდება. ამბობს, რომ არასოდეს დაავიწყდება ციხის მძიმე პირობები, დაცინვა და შეურაცხყოფა - 2006 წელს ეთნიკური ნიშნით დეპორტირებულ ქართველს მას შემდეგ რუსეთისკენ აღარც გაუხედავს.
მამა ციხეშია!
„გვეგონა, რომ მიგვატოვა ანდა ცოცხალი აღარ იყო -10 დღე არ ჩანდა და ძალიან ვნერვიულობდით“, - გიორგი ლაცაბიძე 2006 წელს 16 წლის იყო - სამშვილიანი ოჯახის ნაბოლარა ვაჟი.
რუსთავში მცხოვრები ოჯახი რუსეთში სამუშაოდ წასულ და დაკარგულ მამაზე ნერვიულობდა. ის მათი ერთადერთი მარჩენალი იყო.
„ერთ დღესაც ტელევიზორს ვუყურებდით და უცებ თავზე წამოგვადგა... ვერ ვიცანით, განახევრებული იყო, შეშლილი სახით“, - იხსენებს გიორგი რადიო თავისუფლებასთან.
მამამ, დავით ლაცაბიძემ, რომელიც მაშინ 45 წლის იყო, ძალიან ძნელი გზა გაიარა. არაადამიანურ დეპორტაციამდე ის რუსეთში 14 წლის განმავლობაში მუშაობდა, ძირითადად - მშენებლობაზე.
როგორც თავად ამბობს, საბუთები წესრიგში ჰქონდა, ბინადრობის ნებართვიანად და რომ არა ქართველების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური სადამსჯელო კამპანია, რუსეთის ხელისუფლებას პირადად მისი გამოძევების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
„2006 წლის ნოემბერში, როცა დამაკავეს, ერთ ოჯახში ვმუშაობდი. ბუხარს ვაპირკეთებდი. მოვიდნენ რუსები და იქიდანვე წამიყვანეს ციხეში. 10 დღე მამყოფეს „სერპუხოვის ციხეში“, მოსკოვთან...“
დავითი იხსენებს, რომ მას, როგორც ქართველს ზიზღით უყურებდნენ - ქართველები საქართველოში უნდა წაეთრიოთ და თქვენს პრეზიდენტს (მიხეილ სააკაშვილს) მოკითხეთ, რაც ახლა გემართებათო.
როცა არაფრად არ გთვლიან, მათთან აღარც სამუშაოდ უნდა წახვიდე და აღარც საქეიფოდ უნდა დაჯდე...დავით ლაცაბიძე
„კამერაში ვყავდით ჩამწყვდეული, სასეირნოდაც არ გვიშვებდნენ... საშინელი პირობები იყო - სუნთქვა ჭირდა. ისეთი საჭმელი მოჰქონდათ, მშიერი ცხოველიც არ გაეკარებოდა...“
10-დღიანი პატიმრობის მერე, დავით ლაცაბიძე საკნიდან გამთენიის 3 საათზე გამოიყვანეს და პირდაპირ აეროპორტში გააქანეს.
„სამგზავრო თვითმფრინავში ჩაგვყარეს. თვითმფრინავში ტევა არ იყო. მახსოვს საშინელი დისკომფორტი და უჰაერობა“.
ამის შემდეგ, დავით ლაცაბიძეს რუსეთში წასვლაზე აღარც უფიქრია - „როცა არაფრად არ გთვლიან, მათთან აღარც სამუშაოდ უნდა წახვიდე და აღარც საქეიფოდ უნდა დაჯდე. მე ასე მწამს“.
დავით ლაცაბიძის საქმე სტრასბურგში როგორც სახელმწიფოთშორისი საჩივრის ფარგლებში, ასევე - ინდივიდუალური საჩივრის სახით გაიგზავნა. როგორც იურისტები განმარტავენ, გადაფარვა რომ არ მოხდეს, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ლაცაბიძე და სხვები, ვისაც 26 მარტის გადაწყვეტილება შეეხება, კომპენსაციას ინდივიდუალური საჩივრის შესაბამისად მიიღებენ. მის გარდა კიდევ 18 ადამიანია ასეთი.
დავით ლაცაბიძის ოჯახი თავს გამარჯვებულად თვლის - ხუმრობა საქმე არ არის, რუსეთს მოუგო სტრასბურგის სასამართლოში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის თანხა 12 500 ევროს შეადგენს. რატომაც არა, ეკუთვნის და უნდა მიიღოს, მაგრამ ფული ოჯახისთვის თითქოს რაღაცნაირად მეორეხარისხოვანია ამ წუთას.
რამდენი და როდის უნდა გადაუხადოს რუსეთმა ქართველებს?
დავით ლაცაბიძის ინდივიდუალური საჩივარი სტრასბურგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააგზავნა. როგორც ორგანიზაციის იურისტმა ნინო ჯომარჯიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონკრეტულად დავით ლაცაბიძესთან მიმართებით, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადასტურა, ესენია:
- არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლი),
- თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მე-5 მუხლი),
- უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა (მე-4 ოქმის მე-4 მუხლი),
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
საიამ ლაცაბიძისა და სხვათა ინდივიდუალური საჩივრები გააგზავნა იმ საქმის ფარგლებში, რომელსაც ეწოდებოდა „ჩოხელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“. პარალელურად, დეპორტაციის საკითხზე სტრასბურგში გაიგზავნა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ მომზადებული ინდივიდუალური საჩივრები იმ საქმის ფარგლებში, რომელსაც ეწოდებოდა - „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.
საბოლოოდ, ამ ორი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი საჩივრები გაერთიანდა და საქმეს საბოლოოდ ეწოდა - „ბერძენიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
სტრასბურგის სასამართლოს 26 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს 19 მოქალაქეს შეეხება. სხვადასხვა შემთხვევების კომპენსაციის სხვადასხვა ოდენობაა გათვალისწინებული:
- 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან;
- 10,000 ევრო - იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ;
- 12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე;
- 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს.
26 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში. საქმეში მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მოითხოვოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა.
თუკი ეს არ მოხდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შევა და რუსეთს სამი თვე მიეცემა დაზარალებულთა კომპენსაციების გადახდისთვის. თუ გაასაჩივრა, უბრალოდ პროცესი ოდნავ გაჭიანურდება, თორემ, იურისტების აზრით, რუსეთს პროცესის შემობრუნების შანსი პრაქტიკულად არა აქვს.
გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც წესი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გააკონტროლებს. როგორც ნინო ჯომარჯიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დეპორტაციის თემაზე შეტანილი სხვადასხვა ინდივიდუალურ საჩივართან მიმართებით რუსეთს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული სახის კომპენსაციები.
„შესაბამისად, არის იმედი, რომ მინისტრთა კომიტეტის წნეხის შედეგად, რუსეთს მოუწევს კომპენსაციების გადახდა დაზარალებულებისთვის როგორც სახელმწიფოთშორისი საჩივრის, ასევე ინდივიდუალური საჩივრების ფარგლებში“.