Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს მართლმადიდებელთა უმწიკვლო პაემნების სამყარო


კვირაობით მამა ალექსი გომონოვი რჩევებს აძლევს მარტოხელა ქალებსა და კაცებს, რომლებიც თავს იყრიან პეტრესა და ფებრონიას კლუბში, მოსკოველ მართლმადიდებელთა შორის ერთგვარი „სპიდ დეიტინგისათვის“ (სწრაფი პაემნებისთვის) განკუთვნილ საღამოს.

მე-17 საუკუნის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურება დასასრულს უახლოვდებოდა. კეთილხმოვანი გალობა, რომელიც ორი საათი ატკბობდა ფეხზე მდგომ მრევლს, უკვე ექოდ ედებოდა კედლებს, როცა მამა ალექსი გომონოვი სადიაკვნეში გავიდა ანაფორის გასახდელად.

ხოლო მისი მრავალრიცხოვანი, უჩვეულოდ ახალგაზრდა მრევლი არ დაშლილა. მას შემდეგ, რაც მაგიდები შემოიტანეს და ძველებურ ხატებსა და ოქროს შანდლებს შორის ჩაამწკრივეს, ერთმანეთში საუბარიც დაიწყო. სქელი პალტოები გაიხადეს და ტელეფონები მოიმარჯვეს. ერთმანეთის ნომრებს იწერდნენ, ერთმანეთის მზერას ეძებდნენ, ან გაურბოდნენ. და ღვთისმოსავთა ამაღლებული განწყობა ფლირტმა და კისკისმა შეცვალა.

ეს იყო მორიგი შეკრება პეტრესა და ფებრონიას კლუბში, მოსკოველ მართლმადიდებლებს შორის ერთგვარი „სპიდ დეიტინგისათვის“ (სწრაფი პაემნებისათვის) განკუთვნილი საღამო. ყოველ კვირა დღეს, ბოლო ლიტურგიის შემდეგ, გომონოვი თავს უყრის მარტოხელა კაცებსა და ქალებს თავისი მრევლიდან და სხვებსაც, ვისაც ამის სურვილი აქვს. მაშინ, როცა ერთმანეთს ესაუბრებიან, ბუტერბროდებსა და ჩაის მიირთმევენ, მამა ალექსი იძლევა ეკლესიის სწავლებასთან შეზავებულ რჩევებს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე.

მამა ალექსი გომონოვი
მამა ალექსი გომონოვი

ბევრი თავისი მეორე ნახევრის მოსაძებნად არის მოსული, ზოგი კი ეძებს თანამგზავრს სასეირნოდ, საეკლესიო ღონისძიებებზე დასასწრებად, წმინდა ადგილებში სამოგზაუროდ. რაც შეეხება 67 წლის გომონოვს, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, კლუბში ის, უბრალოდ, დროს მოსაკლავად დადის.

მართლმადიდებელი გოგონები უფრო სანდოები, უფრო ერთგულები არიან.

მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ პირველად შემოაბიჯა მიძინების ტაძარში, გომონოვმა მრავალი მორწმუნე შემოკრიბა. ბევრს იზიდავს ყოველწლიური საზაფხულო ბანაკი და სამოქალაქო აქტივობის პროგრამაში, სამეჯლისო ცეკვის კურსები და მოგზაურობა მართლმადიდებელთათვის წმინდა ადგილებში.

2007 წელს გომონოვს აჩუქეს ხატი, რომელზეც გამოსახული არიან პეტრე და ფებრონია, ქორწინების მფარველი მართლმადიდებელი წმინდანები. იმ კვირას მან პეტრე და ფებრონია ახსენა წირვის დროს, რაც მალე ყოველკვირეულ ტრადიციად იქცა. მერე დაიწყო ჩაითა და ბუტერბროდებით გამასპინძლება. მრევლის წევრებს სთხოვდნენ, ნუ მოერიდებოდნენ ერთმანეთთან საუბარს. ასე მიეცა დასაბამი პეტრესა და ფებრონიას კლუბს.

მისი დახმარებით 11,5 წელიწადში შეიქმნა, როგორც კლუბის ორგანიზატორები ამბობენ, 200-ზე მეტი ოჯახი. ბევრის ამბავია მოყოლილი კლუბის ვებსაიტზე.

„მართლმადიდებელი გოგონები უფრო სანდოები, უფრო ერთგულები არიან“, ამბობს 29 წლის სერგეი, რომელიც ოთხი წელია დადის კლუბში. „შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ არ გიღალატებენ“.

იმ საღამოს სერგეი იულიას ელაპარაკებოდა, მუსიკის მასწავლებელს. იულიას თავსაფარი ეკეთა - როგორც ეკლესიაში მყოფი ქალებიდან თითქმის ყველას. თუმცა, კლუბში სავალდებულო არ არის ასეთი წესის დაცვა.

სერგეი და იულია
სერგეი და იულია

„შესაძლებელია, გავიცნო ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ეკლესიასთან და მას მაინც გავყვე. მაგრამ, ვფიქრობ, მართლმადიდებელი იქნება“, ამბობს იულია. მერე იცინის და ამატებს - სხვა, ალბათ, ვერავინ გამიძლებსო.

მართლმადიდებლური მსოფლხედვის სატრფოს პოვნის შანსის გარდა, ასეთი შეკრებები იძლევა ალტერნატიულ რელიგიურ გამოცდილებას - განსხვავებულს ტრადიციული, მკაცრი ლიტურგიისაგან

გომონოვი ირწმუნება, რომ არ აპირებდა მარტოხელათა კლუბის შექმნას. „ეს არის სოციალური თავყრილობა ახალგაზრდებისათვის. სად ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, თუ არა აქ?“

სინამდვილეში, მოსკოველ ახალგაზრდებს უამრავ ადგილას შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა. კლუბები და ბარები რეგულარულად აწყობენ საღამოებს მარტოხელებისათვის, და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტინდერი თუ მსგავსი აპლიკაციები. ამასობაში, მართლმადიდებლებისთვისაც შეიქმნა ბევრი პლატფორმა გულისსწორის გასაცნობად.

მაგრამ ვინც პეტრესა და ფებრონიას კლუბსა და მსგავს ადგილებში დადის - რუსეთში კი იზრდება მათი რიცხვი - ამბობს, რომ ეძებს იმას, რასაც სხვაგან ვერსად მიაგნებდა.

მართლმადიდებლური მსოფლხედვის სატრფოს პოვნის შანსის გარდა, ასეთი შეკრებები იძლევა ალტერნატიულ რელიგიურ გამოცდილებას - განსხვავებულს ტრადიციული, მკაცრი ლიტურგიისაგან, რომელსაც ყოველ დღე ატარებენ მოსკოვის ეკლესიებში. პეტრესა და ფებრონიას კლუბში ყოველი შეხვედრა ლოცვით იწყება. მერე ერთმანეთში საუბრობენ, რის შემდეგაც ყურადღების ცენტრში ექცევა გომონოვი, ხელში მიკროფონით. ის პასუხს იძლევა ფურცლებზე დაწერილ ანონიმურ შეკითხვებზე.

„მამაო, თუკი კაცი დაბეჯითებით ამბობს, შვილები არ მეყოლებაო, რა უნდა ქნა?“ - ასეთია პირველი შეკითხვა, რომელიც კვირას ჟღერს. „ღმერთმა შექმნა კაცი და ქალი და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით“, ამბობს პასუხად გომონოვი. „ეს კაცი არღვევს ღვთის კანონს, რაც კარგი არ არის. ნუ მიბაძავთ მის მაგალითს“.

პეტრესა და ფებრონიას კლუბი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ყოველკვირეული პლატფორმაა, სადაც გულისსწორის პოვნის მსურველი მართლმადიდებლები იკრიბებიან.

მეორე შეკითხვის ავტორს სურს გაერკვეს, ღირს თუ არა მღვდლის ქალიშვილზე დაქორწინება. გომონოვი მცირე პაუზის შემდეგ პასუხობს: ეს, რასაკვირველია, დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთი არსება გონიერებით გამოირჩევაო.

კითხვა-პასუხი მთელი საათი გრძელდება და სხვადასხვა თემას ეხება, მათ შორის მარტოობას და სპირტიანი სასმელებისადმი რუს ჯარისკაცებში გავრცელებულ მიდრეკილებას.

გომონოვის ასისტენტი და კლუბის მთავარი კოორდინატორი, ეკატერინა გრომოვა ამბობს, რომ კლუბში საღამოებს რეგულარულად ესწრება 120-ზე მეტი ადამიანი. მათი უმრავლესობა 25-დან 40 წლისაა, ქალების რიცხვი ოდნავ ჭარბობს კაცებისას. ქალების უმრავლესობა, როცა კლუბში მიდის, ამას ქმრის პოვნის იმედით აკეთებს. კაცებიდან კი ბევრს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს, სურვილი ნახოს, „როგორები არიან მარლმადიდებელი გოგონები“.

პეტრესა და ფებრონიას კლუბი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ყოველკვირეული პლატფორმაა, სადაც გულისსწორის პოვნის მსურველი მართლმადიდებლები იკრიბებიან. მაგრამ არსებობს სხვა რესურსებიც. 2000-ანი წლებიდან დაიწყო პაემნების საიტების ნამდვილი ბუმი. ერთ-ერთ პორტალს, რომელიც მორწმუნეებს დახმარებას სთავაზობს, „ერთგულების ანბანი“ ჰქვია.

მასზე დასარეგისტრირებლად უნდა უპასუხო 78 შეკითხვას ცხოვრების სტილზე, რწმენაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე. პასუხი უნდა გასცე, მაგალითად, შეკითხვას, „წარმოგიდგენია თუ არა ქორწინებაში ყოფნა ხორციელი კავშირის გარეშე?“ ან „რა არის ცხოვრების აზრი?“

მაგრამ რომან ლუნკინის, რუსეთში რელიგიის საკითხთა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის, დაკვირვებით, მორწმუნეები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ინტერნეტ-რესურსებით და ცდილობენ, პირადად გაიცნონ პატენციური გულისსწორები. მართლმადიდებელთა კლუბები მოსკოვის გარდა მოქმედებს კიროვში, ბარნაულში, ბევრ სხვა ქალაქში.

საღამოს 9-თვის, როცა მორწმუნეთა კლუბური საღამო დასასრულს უახლოვდება, მიძინების ტაძრიდან მაგიდები გააქვთ. ყველაფერი მზად უნდა იყოს მომდევნო დილის წირვისათვის. გრომოვას რამდენიმე ადამიანი ეხმარება, მათ შორის ანდრეი, 28 წლის ელექტრიკოსი. ის კარგ ხასიათზეა, პაემანი დაუნიშნა კლუბში გაცნობილ გოგონას. ანდრეი ბევრს არაფერს მოითხოვს იდეალური მეუღლისაგან: ის მოყვარული და ერთგული უნდა იყოს და კიდევ - მართლმადიდებელი, რომელიც რეგულარულად დადის ეკლესიაში, როგორც თვითონ ანდრეი.

XS
SM
MD
LG