Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში: რა მოხდება, თუ ეს მოხდება?


2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოაქვეყნოს გადწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე და საბოლოოდ გაირკვეს რა ბედი ელის ტელეკომპანიას, რომლისთვისაც 2015 წლიდან სასამართლოში დაობს მისი ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა.

გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

რუსთავი 2-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

რა გადაწყვეტილებას ელის დღეს რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოსგან?

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნინო ჯომარჯიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სტრასბურგის სასამართლომ 18 ივლისს უნდა გამოაცხადოს, დაირღვა თუ არა რუსთავი 2-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში.

რა უფლებებზეა საუბარი?

· სამართლიანი სასამართლოს უფლება;

· გამოხატვის თავისუფლება;

· საკუთრების უფლება.

სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ერთი მუხლის დარღვევა, ყველა მუხლის დარღვევა ან იმის თქმა, რომ კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა.

შეიძლება თუ არა სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნოს?

· არა. სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნია. ის ვერ გადაწყვეტს ვის ეკუთვნის რუსთავი 2 - მის კომპეტენციაში არ შედის კომპანიის ან მისი წილის მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტა.

რა შეუძლია თქვას სტრასბურგის სასამართლომ?

· სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია თქვას, დაირღვა თუ არა რუსთავი 2-ის და მისი მფლობელების უფლებები;

· და გამოიტანოს რუსთავი 2-სა და მისი მფლობელებისათვის თანხობრივი კომპენსაციის მიკუთვნების გადაწყვეტილება.

რა მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას?

ნინო ჯომარჯიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მხარეებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოითხოვონ ეროვნულ დონეზე საქმის განახლება - სახელმწიფო ვალდებული იქნება გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახლა დაიწყოს რუსთავი -ს საქმის განხილვა.

თავად სტრასბურგს არა აქვს ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება.

რა მოხდება თუ სტრასბურგი იტყვის, რომ არც ერთი მუხლი დარღვეულა?

ასეთ შემთხვევაში, მხარეებს აქვს უფლება საქმე დიდ პალატაში გაასაჩივრონ. მათ ამისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. ხოლო სანამ საბოლოო გადაწყვეტილება ძალაში არ შევა, მანამდე დროებითი ღონისძიება ისევ მოქმედია.

რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი ამბობს, რომ ტელეკომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენაა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სხვა მუხლი, რაზეც ჩვენ ვდაობთ, დაირღვა სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო“.

თამთა მურადაშვილი არ მოელის, რომ სტრასბურგი ყველა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ის მთავრობის პოზიციასაც ითვალისწინებს ხოლმე.

რა გარანტია არსებობს, რომ საქმის ეროვნულ სასამართლოში დაბრუნების შემდეგ განაჩენი განსხვავებული იქნება?

ადვოკატს მიაჩნია, რომ თუ ქართულმა სასამართლომ მიიღო იგივე გადაწყვეტილება იმაზე, რასაც სტრასბურგი დარღვევად აფასებს, ის იგივე შეცდომას ხელახლა დაუშვებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG