Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საჩუქარი ვამპირებს“ - რუსულენოვანი ინტერნეტი გიორგი გაბუნიას მონოლოგზე


კვირა საღამოს ტელეარხ „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელს მოულოდნელად რუსულ ენაზე მიმართა - უფრო სწორად, არა მაყურებელს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც ის თითქმის ერთი წუთის განმავლობაში აგინებდა უშვერი და უწმაწური ფორმულებით. ცხადია, რუსეთში ამის შესახებ მალე გაიგეს. მომხდარს პირველები გამოეხმაურნენ კრემლის მომხრე ბლოგერები და ცენტრალური ტელეარხების წამყვანები, რომლებმაც ლანძღვა არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ საქართველოს მთავრობის, საკუთრივ საქართველოსა და ქართველების მიმართაც არ დაიშურეს.

ანდრეი მედვედევი

ეს არ არის ფეიკი. სამწუხაროდ, ეს ტელეწამყვანი გაბუნიაა, რომელმაც სულ დაკარგა კონტროლი. არ ვიცი, ეს არხის ეთერი იყო, თუ ის მანამდე ხურდებოდა ასე, მაგრამ ვითარების არსი არ იცვლება. სამწუხაროდ, მას, ალბათ, არ ესმის, რომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, მის ქვეყანაზე აისახება და მასთან დამოკიდებულებაში. როგორი არამზადაა! საინტერესო იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის რეაქციებზე დაკვირვება და პოლიტიკოსებისაზეც. თუმცა ტურიზმის განვითარებას ან სხვა კავშირებს ეს ვიდეო ხელს არ შეუწყობს. ამას წყალი არ გაუვა.

Fantastic Plastic Machine

რაც შეეხება ქართულ ტელევიზიაში დღევანდელ „შეურაცხყოფას“, გადაჭრით არ მესმის, რატომ ვიღელვეთ ასე. ერთი ციცქნა, ღატაკი ქვეყნის ტელეარხზე ვიღაც იდიოტმა რაღაც თქვა. და რა? იცით, მაგალითად, რას ამბობენ კონგოს ტელევიზიით? სვაზილენდის? ლესოთოსი? იქნებ იქ ყოველდღე აყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მთავარსარდალს. მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ივარჯიშონ. იმპერია დიადია. მათ ყოველ დაცემინებას ვერ გამოვეხმაურებით.

ევგენი პეტროვი

ეს არ არის პაციენტის კერძო მოსაზრება. მას ამის თქმის უფლება მისცეს, ეს ეთერში გაუშვეს. გუნდის გარეშე ასეთები არ ხდება. და ბოდიშის მოხდაზე უარიც არხის კერძო პოზიციაზე მიუთითებს. „რუსთავი“ არ არის მთელი საქართველო, მაგრამ ქართველთა მდუმარე თანხმობის გარეშე ასეთი რამ არ მოხდებოდა.

ეგორ ხოლმგოროვი

კითხვები, რასაკვირველია, არ ჩნდება. უფრო სწორად, ჩნდება ერთი. ქართულ ტელევიზიაში გადაცემა რუსულ ენაზე რატომ მიჰყავთ?

დმიტრი სმირნოვი

ამ ხალხმა ყველაფერი ადამიანური დაკარგა. საქართველო - ფანტასტიკური იმედგაცრუება!

ოლგა სკაბეევა

ჩემთან არ გამოვაქვეყნებ ქართულ ვიდეოს გაბუნიას მონაწილეობით ტელეარხ „რუსთავი 2“-დან.

მოინდომებთ - თავად იპოვით.

კომენტარის გაკეთება ზედმეტია.

საზიზღრობა და უხამსობა! წმინდა წყლის პროვოკაცია!

გააკეთოს კომენტარი ქართველმა მინისტრმა, რომელიც ამბობდა, რომ არ სურდა რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა.

და საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვას მოსაზრება.

თავად ჭრით ტოტს, რომელზეც სხედხართ.

ვლადიმირ სოლოვიევი

ქართული ტელევიზიის დღევანდელი საზიზღრობის შემდეგ ვინმეს კიდევ შერჩა ილუზიები? ვინმეს კვლავ სურს თავი გამოიდოს მუდმივი მანტრების გამეორებით „მაღალ კულტურაზე, სტუმართმოყვარეობაზე, საერთო ღირებულებებსა და სახალხო დიპლომატიაზე?“ იქნებ დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს?

ქართველებთან ერთად რისხვა უკრაინელებსაც დაატყდათ

დმიტრი ბორისენკო

ტელეარხ „რუსთავი 2“-ის „ჟურნალისტმა“ გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში დედა აგინა რუსეთის პრეზიდნტ ვლადიმირ პუტინს, აგინა მის დედას და რუსებს. აბა, რა გითხრათ. Цэ-Европа № 2. გილოცავთ, ქართველებო! უაღრესად კულტურული ქვეყანა გოპნიკურ [ხულიგნურ] ფსკერად გადააქციეთ. СУГС!​ [დიდება უკრაინას, დიდება გმირებს]“

იგორ გრევცოვი

ასეთ ფსკერზე ევრომაიდანიც კი არ დაშვებულა.

.

Доктор прописал

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეარხის საქმეებში ჩარევისა და ცენზურის მცდელობას უწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის დედის გინებას აფასებს „დესტაბილიზაციის მცდელობად“ და „საზიზღარ პროვოკაციულ ქმედებად“. „ტელეარხის საქმეებში ჩარევის მცდელობა“... ოკ. ფსკერი გაიხვრიტა, მაგრამ ტელეარხზე გაჩერებას არ აპირებენ.

ვითარება ვერც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ განმუხტა

იულია ვიტიაზიაევა

საქართველოს პრეზიდენტი გმობს...

ეს გაბუნია უნდა მოხსნან! და საქართველოს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაცია უკვე რუსეთის საელჩოსთან უნდა იდგეს და პატიებას ითხოვდეს. და არა მხოლოდ პუტინისგან, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქისგან!

ილია რემესლო

„რუსთავი 2“-ის გაბუნია - კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში საკმაოდ დაფასებულია უხამსობა და რუსოფობია.

ერთ უგუნურთან არავინ აიგივებს მთელ ხალხს.

მაგრამ საკუთარ უგუნურებზე პასუხის გაცემა ქართველ ხალხს ევალება. განსაკუთრებით, თუ ასეთი უგუნურები ამდენი არიან.

თინა კანდელაკი

ტელეარხმა „რუსთავი 2“-მა, რომლის რეალური ბენეფიციარი მიხეილ სააკაშვილია, ამწუთას ფსკერი გახვრიტა და ამაზე ქვემოთ ვეღარ დაეშვება.

ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისში წამყვანი დიდხანს ბინძურად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს - ისე, როგორც ამას აკეთებენ ყველაზე ცივსისხლიანი რადიკალები, რომლებიც დგანან საქართველოში მომხდარი უსასტიკესი დანაშაულების უკან.

ვთვლი, რომ ტელეარხი „რუსთავი 2“, რომელიც 18 ივლისს თავის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, არა მხოლოდ ვალდებულია ბოდიში მოიხადოს - ამგვარი ქცევისთვის ჩვენს პრეზიდენტს, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა მოუხადოს ბოდიში. არ მგონია, ვლადიმირ პუტინს ეს ბოდიშები სჭირდებოდეს, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა შენარჩუნდეს სახის „ნარჩენები“ იმ ქვეყანაში, სადაც ამგვარი ეთერი შესაძლებელია.

10 წელია ვიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოროტმოქმედია... მისი ადგილი ცივილიზებულ საზოგადოებაში კი არა, ციხეშია იმ ყველაფრისთვის, რაც მან საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. მისნაირი ადამიანები არიან მიზეზი ყველაზე სისხლიანი ომებისა, რომელთა შემდეგ ნანგრევები რჩება...

Пир во время чумы

„რუსეთავი 2“-ის, სადაც ეთერი მიჰყავს ამ ენაჭარტალა მეგრელ გაბულიას (sic), 30 % ეკუთვნის დავით ბეჟუაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის, ძმას.

70 %-ს ფლობს სააკაშვილის ოჯახის ახლო მეგობარი, თუმცა ის, უბრალოდ, საქართველოს მედიასივრცეში აშშ-ის ინტერესებს უზრუნველყოფს.

„რუსთავი 2“-ს რეალურად ბეჟუაშვილების ოჯახი ხელმძღვანელობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელა ბეჟუაშვილი დაინიშნა საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელად.

ის ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვას 2008 წელს, როცა სამხრეთ ოსეთში ოპერაცია იგეგმებოდა.

არსობრივად გელა იყო ის, ვინც ხვრეტდა რუს მშვიდობის დამცველებს, რომლებსაც ცხინვალში ჰქონდათ ბინა.

და, სხვათა შორის, აქამდე ცნობიერად მივიდა: 2000-2002 წლებში ის აშშ-ის სამხედრო სკოლაში სწავლობდა.

ამიტომაც, ამ არხზე ეს ვერბალური პროვოკაცია ყველაზე ნაკლებად ჩამოჰგავს გადაცემის წამყვანის საავტორო პოზიციას.

ეს სულ სხვანაირი პოზიციაა.

გაბუნიას გამოსვლამ მოწონება და აღფრთოვანებაც კი დაიმსახურა უკრაინის მომხრე ბგლოგერებს შორის.

სლავა რაბინოვიჩი

ვოვა - ქართველი ხალხის დიდი მეგობარი!

ველით ალავერდს უკრაინელებისგან, მოლდაველებისგან, სირიელებისგან და ვენესუელელებისგან!

იგორ მაკარევიჩი

არ მესმის, რაშია სკანდალი.

ყველაფერი სწორად თქვა. ...

ერთადერთი - დედაზე ტექსტი ზედმეტი იყო. მაგრამ ეს ქართული მენტალობაა.

Витаускас

ის მორალისტები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის წამყვანს აკრიტიკებენ პუტინის მიმართ <&*#@> სიტყვების თქმისთვის, რატომ არ იხსენებენ იმ ქართველ და უკრაინელ დედებს, ცოლებს, ბავშვებს, რომლებსაც პუტინი კი არ ამცირებდა, არამედ იმპერიული მიზეზებით მოეპრიანა და მათი შვილების, ქმრების, მამების სიცოცხლე მოსპო?

რუს ოპოზიციონერებს შორის რეაქცია არ იყო მთლად ცალსახა.

ვიტალი მანსკი

უნიჭო, უნამუსო, უაზრო... და ძალიან სულელური.

რუსტემ ადაგამოვი

იმედი მაქვს, ტელეარხი „რუსთავი 2“ ჯანდაბაში გააგდებს ამ არამზადა გაბუნიას. ასეთი საზიზღარი ფორმით დედის და მამის მოხსენიება დაუშვებელია ადამიანისთვის, კაცისთვის. ეს სრულიად სცილდება ადამიანურ ზღვარს.

ალექსანდრ რიკლინი

ტელეარხ „რუსთავი 2“-ის წამყვანის დემარში პუტინის მისამართით - საშინელი, გულისამრევი საზიზღრობა... ძალიან დასანანია... და, რაც მთავარია, რატომ აძლევთ ვამპირებს ასეთ კოზირებს, ასეთ გულუხვ საჩუქრებს?

ჩემო ძვირფასო ქართველებო, ცხადია, რუსეთში ბევრს ესმის, რომ ეს საშინელი გაუგებრობაა... მაგრამ რაც უფრო მეტი თქვენგანი იტყვის მკაფიოდ და არაორაზროვნად მომხდარის თაობაზე, მით უკეთესი იქნება... საქმე პუტინში არ არის, - მიმიფურთხებია პუტინისთვის, - მაგრამ არის ჩარჩოები, საიდან გასვლაც არ შეიძლება. ...

ნიკოლაი ლევშიცი

გული მტკივა მომხდარის გამო. ორი კვირაა ვწერ რუსებისა და ქართველების სიყვარულზე, სითბოზე, ემოციებზე. მაპატიეთ, გთხოვთ, თუკი ვერ შევძელი ჩაგხუტებოდით, მომეცა ჩემი გულის ნაწილი, საქართველოსადმი სიყვარული. გავიმეორებ - აქ თქვენთვის უსაფრთხოა და თქვენ გელიან. ეს ახლა სულელურად აღიქმება, მაგრამ სიმართლეა.

იცით, მე ნემცოვთან ვმუშაობდი, მასთან ვმეგობრობდი და ის მოგზაურობისას ბევრ რამეს მიყვებოდა ხოლმე. ვვპ-ს [ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის] რეაქციის განსაზღვრა შეუძლებელია...

ნატალია გევორკიანი

ვაი, ვაი, ვაი, რა კოშმარია! „რუსთავი 2“-ზე ჟურნალისტმა თავის საავტორო პროგრამაში უცენზუროდ მიმართა, რამდენადაც ვხვდები, რუსეთის პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის სპიკერმა, რომელიმე ოფიციალურმა პირმა კი არა - ჟურნალისტმა. ეთერში, რა თქმა უნდა, დედის გინების გარეშე ჯობს. შეგახსენებთ, რომ ტელევიზიით თავის „საავტორო“ გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტსაც მოსწონდა ორაზროვანი გამონათქვამები საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის მისამართით. ეს კი ისე მოსწონდათ და კვლავაც ისე მოსწონთ ფედერალური ტელეარხების თოკშოუების წამყვანებს...

P.S. ვუყურე ჩანაწერს. საზიზღრობაა ნამდვილად. მაგრამ იმაზე საზიზღრობა არ არის, რასაც რუსეთის ტელეარხებზე ვისმენთ. სხვა საკითხია, უღირს კი ქართულ ტელეარხს ამ დონეზე დაშვება.

XS
SM
MD
LG