Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რომ არა რუსეთის ეკლესია, ეს ომი არ მოხდებოდა“ - არქიმანდრიტი ჰოვორუნი


კირილ ჰოვორუნი, თეოლოგი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი არქიმანდრიტი.
კირილ ჰოვორუნი, თეოლოგი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი არქიმანდრიტი.

„სტალინის ხატის - ანაც ისეთი ხატების, სადაც სტალინი ფიგურირებს - ეკლესიაში დასვენება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებლობის შებღალვა, დამახინჯება. ეს არის ის, რასაც მე პოლიტიკურ მართლმადიდებლობას ვეძახი - ეს რუსული პრაქტიკაა, ესაა პოლიტიკით დამახინჯებული მართლმადიდებლობა, ერთგვარი გეოპოლიტიკური მართლმადიდებლობა. ეს არ კეთდება რელიგიური მოტივებით, ესაა შემთხვევა, როდესაც რწმენას პოლიტიკურ ნარატივს არგებენ“, - ასე აფასებს ნეტარი მატრონია მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ ამბებს თეოლოგი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი არქიმანდრიტი კირილ ჰოვორუნი. უკრაინაში Რუსეთის აგრესიის მძაფრი კრიტიკისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომხრეობის გამო, ჰოვორუნს რუსეთის პატრიარქის, კირილის პირადი ბრძანებით, მღვდელმსახურების უფლება ჩამოერთვა. ვაჟა თავბერიძე მას რუსეთ-უკრაინის ომში ეკლესიისა და რწმენის როლზე ესაუბრა,

ყველაფერი, რასაც უკრაინაში რუსეთი ჩადის, არღვევს ათ მცნებას, და ქრისტიანის ვალია, მდუმარედ არ შეჰყურებდეს ათი მცნების ფეხქვეშ გათელვას.

რადიო თავისუფლება: 2015 წელს გამოაქვეყნეთ ესე სათაურით: „ქრისტიანული ვალი უკრაინაში“, სადაც მკაცრად გააკრიტიკეთ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია და ეკლესიები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც თქვენ ამბობთ, „მუჭში მოგუდულად საუბრისგამო. 8 წლის შემდეგ, რა შეიცვალა? დღეს როგორია ქრისტიანის ვალდებულება უკრაინაში?

არქიმანდრიტი ჰოვორუნი: პიროვნულ დონეზე, ეს ვალდებულება სახარებიდან მოდის, იესოს სწავლებიდან. ყველაფერი, რასაც უკრაინაში რუსეთი სჩადის, არღვევს ათ მცნებას, ანუ ქრისტიანული რწმენის ფუნდამენტურ ღირებულებებს. არა კაც კლა! არ მოიპარო! და ა.შ. ქრისტიანის ვალია, მდუმარედ არ შეჰყურებდეს ათი მცნების ფეხქვეშ გათელვას და საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რათა ხმამაღლა დაგმოს ეს ყველაფერი. და ბევრი ქრისტიანი, სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენელნი, სწორედ ამას აკეთებენ: ისინი ღიად გმობენ ამ ომს და ამით იხდიან თავიანთ, ქრისტიანულ ვალს უფლის წინაშე. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა ეკლესიაზე, მათ წინამძღვრებსა და ოფიციალურ განცხადებებზე, ისინი ვერ ბედავენ რუსული აგრესიის ღიად დაგმობას. ზოგი მათგანი დუმს, ზოგი დუმილს კი ძლევს, მაგრამ მხნეობა არ ჰყოფნის, ბოროტმოქმედისკენ ხელი გაიშვიროს და ამის ნაცვლად, ომზე საუბრისას ბუნდოვანებასა და ევფემიზმების ენას მიმართავენ, მკაფიო პოზიციის დაკავებას გაურბიან. ეს დიდ, ეკუმენურ ჯგუფებსაც ეხება, როგორიცაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც ხშირად საკმაოდ პრობლემურ ენას ხმარობს ომის აღსაწერად. ისინი ხშირად უკრაინასა და რუსეთს ერთმანეთს უთანაბრებენ, სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი ამ ომში... იგივე შეიძლება ითქვას რომის კათოლიკურ ეკლესიაზეც, რომელიც ყველაზე დიდი ეკლესიაა, მის მიერ გამოყენებული ენაც ყოველთვის მკაფიო არ არის. ერთი მხრივ, პაპმა ფრანცისკემ ღიად დაგმო ომი და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს, მეორე მხრივ, ის ზოგჯერ ორაზროვან მეტაფორებს იყენებს ამ ომის აღსაწერად, რაც უკრაინელ ხალხს გულს სტკენს - მაგალითად, როდესაც ამ ომს „ძმათა ომი“ უწოდა, ან კიდევ, როდესაც თქვა, რომ ომის მიზეზი იყო ის, რომ „ნატო რუსეთის კართან ყეფდა“. რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ის ღიად უჭერს მხარს უკრაინას და თანაუგრძნობს უკრაინელ ხალხს, მაგრამ... თუმცა, ზოგი სხვა ეკლესია ამასაც არ აკეთებს, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესიები, რაც სამწუხაროა, რადგან უკრაინელთა უმრავლესობა სწორედ მართლმადიდებელია და ისინი მეტ მხარდაჭერას ელოდნენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისგან და ქვეყნებისგან, მათ შორის, საქართველოსგანაც.

ვატიკანი ყოველნაირად ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს ბოროტების ჩამდენისკენ თითის გაშვერას, სახელით მოხსენიებას, ღიად ბრალის დადებას. ასე მოიქცა ვატიკანი ჰიტლერთან, მუსოლინისთან მიმართებით...

რადიო თავისუფლება: მინდა გკითხოთ, თუ რა არის მართლმადიდებელი ეკლესიების თავშეკავების მიზეზი, მაგრამ მანამდე ვატიკანზე მინდა ჩაგეძიოთ - რატომ ვერ ელევიან ბუნდოვან ლექსიკას?

არქიმანდრიტი: ეს ტრადიცია ათწლეულებს ითვლის, სულ მცირე, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ვატიკანი ყოველნაირად ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს ბოროტების ჩამდენისკენ თითის გაშვერას, სახელით მოხსენიებას, ღიად ბრალის დადებას. ასე მოიქცა ვატიკანი ჰიტლერთან, მუსოლინისთან მიმართებით... ვატიკანი ცდილობს ურთიერთობის კულტივირებას სხვადასხვა რეჟიმთან, მიუხედავად იმისა, თუ რას სჩადიან ეს რეჟიმები, და მაქსიმალურად ცდილობენ, არ გამოიყენონ კონფრონტაციის ენა. ვფიქრობ, ვატიკანში ჯერ კიდევ ბჟუტავს იმედის ნაპერწკალი, რომ როგორმე, რამენაირად მოახერხებენ და რაღაც ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეძლებენ მოსკოვთან, კრემლთან, ამიტომაც ერიდებიან ღია დაპირისპირებას, მანევრირებისთვის სივრცეს იტოვებენ.. ეს მიდგომა... ეს უფრო პოლიტიკური მიდგომაა, ვიდრე ქრისტიანული რწმენით ნაკარნახები, ასე ვიტყოდი. და დიახ, არ დაგვვიწყებია, თუ როგორ გაამათრახა პაპმა პატრიარქი კირილი, როდესაც მოუწოდა მას, პუტინის „საკურთხევლის ბიჭობას“ შეშვებოდა და პოლიტიკის ნაცვლად, რწმენაზე ესაუბრა, მაგრამ მაინც, როდესაც საქმე ოფიციალურ განცხადებებზე მიდგება, ვატიკანი მაინც ყოყმანობს, უჭირს, დაგმოს ძალადობრივი რეჟიმები და დაასახელოს მოძალადეები, და ეს პოლიტიკით ნაკარნახები გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიებს და მათ თავშეკავებას ომზე საუბრისას - ვფიქრობ, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის პოლიტიკური მიზეზები. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ე.წ. ბიზანტიური მემკვიდრეობა და მისი იდეალიზებაა - იმპერიული აზროვნების გადმონაშთი, სადაც სახელმწიფო და ეკლესია იდეალურ სიმბიოზში იმყოფებიან ერთმანეთთან. მართლმადიდებელი ეკლესიები ჯერ კიდევ ამ იმპერიულ აზროვნებაში არიან ჩარჩენილნი, მათთვის ბიზანტია ისევ ცოცხლობს, მართლმადიდებელი იმპერიის ზეობის ერა, როდესაც იყო იმპერატორი, იყო ეკლესია და წარმოუდგენელი იყო მათი არსებობა უერთმანეთოდ. და ვფიქრობ, ბევრი მართლმადიდებელი ეკლესია დღეს რუსეთს აღიქვამს, როგორც ერთგვარ ახალ ბიზანტიას, მკვდრეთით აღდგენილ ძველ მართლმადიდებელ იმპერიას. და ისინი მზად არიან, ყველაფერი მიუტევონ ამ ახალ იმპერიას, ოღონდ კი მათმა ბიზანტიურმა ოცნებამ იცოცხლოს... ბევრს ამის ქვეცნობიერის დონეზე სწამს - კრემლი, რუსეთი, ძალაუფლების ცენტრი, რომელიც აცხადებს, რომ მართლმადიდებლობას დაიცავს, რწმენის დამცველის მანტიამოსხმული რუსეთი გარყვნილი დასავლეთის წინააღმდეგ... ისინი მოჯადოებულნი არიან ამ იდეით, პარალიზებულნი არიან ამ რეინკარნირებული ბიზანტიით, ღრმად სწამთ, რომ დასავლეთი მათი მტერია, რუსეთი კი ერთადერთია, ვისაც მათი დაცვა შეუძლია, შესაბამისად, იმ ყველაფერზე თვალის დახუჭვა, რასაც რუსეთი სჩადის, მისაღები ფასია, რომლის გადახდაც ღირს... ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დუმან მართლმადიდებელი ეკლესიები. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად იცის და მათ ამ სისუსტეს, მოწყვლადობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, თავისი იმპერიული ექსპანსიისთვის.

რადიო თავისუფლება: მაგრამ თუნდაც იმავე ბიზანტიის ისტორიაში მრავლადაა ეპიზოდები, როდესაც ეკლესია და ტახტი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდათ, იქნებოდა ეს პოლიტიკური მოტივები თუ იდეოლოგიური... დღეს კი ამას ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ ეკლესიას, რომელიც რუსეთისკენ ხელს იშვერს და ამბობს - ეს ყალბი ბიზანტიაა.

არქიმანდრიტი ჰოვორუნი: სიმართლეს ბრძანებთ. და ამის მიზეზი ისაა, რომ ის ხალხი, ვინც ბიზანტიაზე ქადაგებს, ან სრულებით არ იცნობს ბიზანტიას, ანაც თვალს ხუჭავს რეალობაზე, იმ ბიზანტიაზე, როგორიც რეალურად არსებობდა და რომლის ისტორიაც სავსე იყო ეკლესიასა და იმპერატორს შორის დაპირისპირებებით. ეს რეალური ბიზანტია მათ ინტერესებს არ ემსახურება, სამაგიეროდ, მათი, გამოგონილი ბიზანტია, რომელიც მითებზეა აგებული, ისტორიული რეალობის ნაცვლად - ბევრად უფრო მოსახერხებელია. ავიღოთ, მაგალითად, მიტროპოლიტი ტიხონ შევკუნოვი, პუტინის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელიც დღეს ყირიმშია. ამ ადამიანმა შექმნა თავისი ბიზანტია - დაწერა წიგნი ბიზანტიაზე, იყო ფილმის პროდიუსერი ბიზანტიაზე - ოღონდ მის ბიზანტიას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, წმინდა წყლის ფანტაზიებია.

ვიცი, რომ ქართველი ხალხი მეტწილად უკრაინას გულშემატკივრობს, რადგან ახსოვთ ის ტკივილი და მწუხარება, რაც საქართველოს რუსეთმა დაატეხა თავს 2008 წელს. მაგრამ საქართველოს ეკლესია, სამწუხაროდ, მთავრობის მოსაზრებებს ეყრდნობა.

რადიო თავისუფლება: თქვენ სხვა მიზეზებიც ახსენეთ - მათზეც ვისაუბროთ. მაგალითად, ავიღოთ სცენარი, როდესაც ესა თუ ის ეკლესია თავს იკავებს ხმამაღალი განცხადებებიდან იმის გამო, რომ არ უნდათ, მოსკოვი ზედმეტად გააღიზიანონ. და ასეთ მაგალითად, ქაღალდზე მაინც, ალბათ შეგვიძლია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განვიხილოთ.

არქიმანდრიტი ჰოვორუნი: ისევ სიმართლეს ბრძანებთ. ბიზანტიაზე ოცნება მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია და არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი შიდა და გარეპოლიტიკური მიზეზებიც, რომლის გამოც, შესაძლოა, ესა თუ ის ეკლესია თავს იკავებდეს. ავიღოთ მაგალითად ანტიოქიის ეკლესია, რომლის არსებობაც დიდწილად დამოკიდებულია ბაშარ ასადის „კეთილ“ ნებაზე, ასადი კი კრემლის მარიონეტია. ავიღოთ სერბეთის ეკლესია - სერბეთის მთავრობა მოსკოვის გავლენის ქვეშაა, ეკლესია კი მთავრობას ვერ ეურჩება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ საქართველოზეც - საქართველოს მთავრობა საკმაოდ პრორუსული და ღიად ანტიუკრაინული განწყობით გამოირჩევა, რაც, საბედნიეროდ, არ ასახავს ქართველი ხალხის განწყობას. მე ვიცი, რომ ქართველი ხალხი მეტწილად უკრაინას გულშემატკივრობს, რადგან ახსოვთ ის ტკივილი და მწუხარება, რაც საქართველოს რუსეთმა დაატეხა თავს 2008 წელს. მაგრამ საქართველოს ეკლესია, სამწუხაროდ, მთავრობის მოსაზრებებს ეყრდნობა. ასე რომ, დიახ, არსებობს მთელი რიგი პოლიტიკური მიზეზები და მოტივები, რის გამოც ეკლესიები დუმან.

რუსი მზადაა იშიმშილოს, ბევრ რამეზე უარი თქვას, მათ შორის - რეალობის დანახვაზეც, თუ ეკლესია ეტყვის, რომ ეს ომი წმინდა ომია.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუსეთს, როგორც ახალ ბიზანტიას - რამდენად დიდ როლს თამაშობს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ომში? რამდენად დიდ გავლენას ახდენს მათ მიერ ამ ომისწმინდა ომად“, „ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობადმონათვლა რუს მრევლზე?

არქიმანდრიტი ჰოვორუნი: ამასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს და, რადიკალური მოსაზრება მაქვს. მე ვთვლი: რომ არა რუსეთის ეკლესია, ეს ომი არ მოხდებოდა. შეუძლებელი იქნებოდა. ომს სჭირდება იდეები, განმარტებები, მიზეზები, თუ რატომ უნდა იომო. რუსეთის ეკლესია ამ ომს გამართლებას უძებნის - თავისთავად ცხადია, რომ ეს მაინც უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ომად რჩება, მაგრამ რუსებზე ეს განმარტებები მუშაობს. კი, რუსი ჯარისკაცების უმრავლესობა ომში ფულისთვის მიდის, ისინი ფულისთვის იბრძვიან და არა იდეისთვის, მაგრამ ეკლესიის მიერ მათი წმინდა მეომრებად მონათვლა დამატებითი სოციალური კაპიტალია - როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ეს ომი სამართლიანი და საჭირო ომია, ამ ომში მებრძოლი რუსი კი გმირი რუსია, შესაბამისად, ფულს ემატება დამატებითი მოტივაციაც - საზოგადოების კეთილგანწყობა, სტატუსი. როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ეს ეგზისტენციალური, მეტაფიზიკური, კოსმიური მასშტაბის ომია დასავლეთის ბოროტების წინააღმდეგ - რუსი მზადაა იშიმშილოს, ბევრ რამეზე უარი თქვას, მათ შორის - რეალობის დანახვაზეც, თუ ეკლესია ეტყვის, რომ ეს ომი წმინდა ომია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ როდესაც დადგება დღე და ამ ომში დამნაშავეებს პასუხისგება მოუწევთ, ტრიბუნალი იქნება ეს თუ რაიმე საერთაშორისო სასამართლო, იქ უნდა იდგნენ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ ომის წახალისებისა და გამართლების გამო, მათი „წვლილი“ არ უნდა მიიჩქმალოს.

უკრაინას დღეს ერთსულოვნება და ერთიანობა სჭირდება აგრესორის წინააღმდეგ და არა ერთმანეთში მოქიშპე ეკლესიები.

რადიო თავისუფლება: უკრაინაზე გადავინაცვლოთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ გაჭიანურებულ რელიგიურ დისპუტსა და კონფლიქტზე, რომელიც უკვე წლებია, უკრაინის ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიმდინარეობს, ომის დროს კი კულმინაციას მიაღწია?

არქიმანდრიტი ჰოვორუნი: მოგახსენებთ - დღეს უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიაა, ერთი ავტოკეფალურია, დამოუკიდებელი, მეორეს კი გარკვეული კავშირები შენარჩუნებული აქვს მოსკოვის პატრიარქატთან, რომელსაც ადრე ექვემდებარებოდა. ზუსტად რა მასშტაბისა და რა ინტენსივობის კავშირებზეა საუბარი, გადაჭრით თქმა ძნელია - თავად ეკლესია ორ ბანაკადაა გაყოფილი: ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ მოსკოვს საბოლოოდ გამოეყვნენ, მეორე ამბობს, რომ პატრიარქ კირილს ჯერ კიდევ მიაგებენ პატივს. ეს ნაცრისფერი ზონაა. ეს დისპუტი პრობლემურია, მას კარგი არაფერი მოაქვს უკრაინისთვის, უკრაინას დღეს ერთსულოვნება და ერთიანობა სჭირდება აგრესორის წინააღმდეგ და არა ერთმანეთში მოქიშპე ეკლესიები. ვფიქრობ, აქ ორივე ეკლესიას მიუძღვის ბრალი - ისინი კი არ აერთიანებენ, არამედ ჰყოფენ საზოგადოებას და ეს სამწუხაროა.

რადიო თავისუფლება: რამდენადაც ვიცი, უკრაინის რადაში შესულია და განიხილება კანონპროექტი, რომელსაც ის, მეორე, მოსკოვთან ბუნდოვანი კავშირების მქონე მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ თავზე თავდასხმად აფასებს და შიშობენ, რომ მთავრობა მათ კანონგარეშედ გამოცხადებას ლამობს, გაუქმებას უპირებს. ოფიციალური კიევის განმარტებით, ამ კანონის მიზანია, რელიგიურ სტრუქტურებზე რუსული გავლენა შეამციროს, უკრაინის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რწმენის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. სადაა სიმართლე?

Არქიმანდრიტი ჰოვორუნი: პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ სამართლებრივი გადმოსახედიდან, ეს კანონი ეკლესიების გაუქმების არანაირ მექანიზმს არ შეიცავს. კანონი ამბობს, რომ ეკლესიები, რომელთა ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს აგრესორ ქვეყანაში - რუსეთში, რეგისტრაციის განსხვავებულ პროცედურას გაივლიან. და თუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ასე თავგამოდებით ამტკიცებს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გაემიჯნა და მასთან აღარაფერი აკავშირებს, სიმართლეს ამბობს, მაშინ არაფერი ჰქონიათ სანერვიულო. და თუ მაინც ნერვიულობენ, ეს ერთგვარი ირიბი აღიარება გამოდის, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან რაღაც კავშირებს მაინც ინარჩუნებენ... ასე რომ, თუ სურთ, არ ეშინოდეთ, სჯობს გამოვიდნენ და ღიად, მკაფიოდ და საბოლოოდ დააფიქსირონ, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტენ. ამ კანონის პრობლემა რეალურად იმაშია, თუ როგორ აღიქვამენ მას საზღვარგარეთ, არსებობს რისკი, რომ უკრაინისადმი არაკეთილგანწყობილი ჯგუფები ამ კანონს ბერკეტად გამოიყენებენ და უკრაინას წარმოაჩენენ, როგორც ქვეყანას, სადაც რელიგიური თავისუფლება იზღუდება, რაც სრული აბსურდია. Რელიგიური თავისუფლება უკრაინაში გამაოგნებლად მაღალია, მსოფლიოში ალბათ ვერსად ნახავთ ისეთ მეგობრულ ურთიერთობებს, მაგალითად, ებრაელსა და მუსლიმს შორის, როგორც უკრაინაში. ეს რელიგიური მრწამსების მთელი პოლიფონიაა, რომელიც ერთ მიზანს - უკრაინის დაცვას ემსახურება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG