Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გაქრება ყვითელი ავტობუსები და როგორ შეიცვლება ტრანსპორტის ქსელი?


თბილისი
თბილისი

ყვითელი ავტობუსის გამონაბოლქვი და, განსაკუთრებით, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის რუტინად არის ქცეული.

როდის განიტვირთება გზები და როდის განახლდება თბილისის ავტოპარკი სრულად? - ამის შესახებ დღეს ქალაქის მერიც ლაპარაკობს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსიც.

თბილისი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის, თქმით, დღეს თბილისს 800 ძველი ყვითელი და 144 ახალი ავტობუსი ჰყავს. მათგან 540 ყოველდღიურად მოძრაობს ქალაქში. „იმის გამო, რომ ქალაქში ავტობუსების არასაკმარისი რაოდენობა იყო, 12-მდე ხაზი აღვადგინეთ, არ დაველოდეთ ახალი ავტობუსების შემოსვლას და ძველი შევაკეთეთ“.

მამუკა მუმლაძის თქმით, 100-მდე ავტობუსი და 200-მდე მიკროავტობუსი გაჩერებულია, რადგან ვერ გაიარეს ტესტირება, თუმცა იგი ირწმუნება, რომ 2019 წლიდან სატრანსპორტო მიმართულებით ცვლილებები ხილული იქნება და მომავალ წელს სრულად ჩანაცვლდება ავტოპარკი.

კომპანია „სისტრა“ თბილისის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობს, რაც, მამუკა მუმლაძის თქმით, მეტად მოქნილს გახდის ქალაქში მოძრაობას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.

თბილისი
თბილისი

„იქნება პრიორიტეტული ხაზები ავტობუსებისთვის, სატრანსპორტო დერეფნები, ზონალური პარკირება...

სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, გარკვეულ მონაკვეთებში კერძო ავტომობილებისთვის შეიძლება გაუვალი გახდეს თბილისის ქუჩები, ავტობუსისთვის კი უფრო გამტარი“.

ის ამბობს, რომ თუკი მიკროავტობუსებმა არ გააუმჯობესეს თავიანთი სერვისი, შეიძლება შემცირდეს სამარშრუტო ხაზების მანძილიც და მათი რაოდენობაც.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ფეისბუკის მეშვეობით ყვითელი ავტობუსების პრობლემურობასა და ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რამდენიმე თვეში ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება.

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ ავტობუსების ჩანაცვლება აუცილებელია, თუმცა ტრანსპორტის ქსელი სწორი განვითარებისთვის კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო.

„დაგეგმარება უნდა იყოს, პირველ რიგში, ქვეითზე მორგებული. ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდეგ - კერძო ავტომობილი. ინვესტირებაც ამ თანმიმდევრობით უნდა მოხდეს. საჭიროა მეტი უსაფრთხო სივრცე ქვეითებისთვის. მიწისქვეშა გადასასვლელი - ეს არის წარსული. თანამედროვე პირობებში ქვევით არ უნდა უშვებდე ადამიანს. ცენტრალურ ქუჩებში საჭიროა 30-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი და მეტი „ზებრა“ გადასასვლელი. ავტობუსების შემოყვანასთან ერთად, ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს“.

კომპანია „სისტრას“ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის წარსადგენად 15 თვე მისცეს, დროის თითქმის ნახევარი კი უკვე გასულია. შესაბამისად, მალე გამოჩნდება, თუ როგორი იქნება თბილისის სატრანსპორტო ქსელი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG