Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცნობენ პროგრამები  ტროლებსა და ბოტებს და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ


ვინ ვინ არის - ასე ჰქვია მოხალისეების გაერთიანებას, რომელიც მომხმარებლებს ფეისბუქში ბოტების ამოცნობაში ეხმარება. ანონიმური ჯგუფის თითოეული წევრი მოხალისეა. ჯგუფი აუდიტორიას სთავაზობს გუგლ ქრომის დანამატს, რომელმაც ფეისბუკელებს ტროლები უნდა აპოვნინოს.

მთელი პროექტი საზოგადოებრივ საწყისებზეა აგებული. არავისგან არ ვიღებთ დაფინანსებას და მთლიან ინფრასტრუქტურულ თუ დეველოპმენტის ხარჯებს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით, - გვითხრა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც თვითონაც ანონიმურობას ინარჩუნებს და არც დანარჩენების ვინაობას ამხელს. “ჯერ ადრეა და, თანაც, ასე უფრო უსაფრთხოა,” - გვეუბნება იგი.

გვერდი ყოველდღიურად აქვეყნებს ფეისბუკსკრინებს, სადაც მომხმარებლის სახელისა და გვარის გვერდით ყვითლად არის მონიშნული „ბოტი“. ასე აღმოაჩინა ასობით ადამიანმა საკუთარ ფეისბუკსამეგობროში ჩამალული ტროლები და ბოტები, რომლებიც პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად აქტიურდებოდნენ. გარდა ამისა, გვერდი სხვის ფოტოსა და იდენტობას ამოფარებულ ანგარიშებსაც გამოავლენს.

როდესაც ვმსჯელობდით, როგორ უნდა მიგვეტანა საზოგადოებამდე ის აზრი, რომ მათი გადაწყვეტილებებით მანიპულირებას ცდილობენ არაკეთილსინდისიერი აქტორები, განვიხილავდით სხვადასხვა გზას, ტრენინგებს, სარეკლამო კამპანიას და .., მაგრამ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო სწრაფი გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად დაანახვებდა ყველას, თუ რა მდგომარეობაშია ქართული ფეისბუქი.“, - გვეუბნება ჯგუფის ერთ-ერთი წევრი

ჯგუფის თქმით, ისინი, ბოტების გარდა, კიდევ სამი კატეგორიის ფეისბუკმომხმარებლების შესახებ დებენ ინფორმაციას თავიანთ გვერდზე:

  • პარტაქტივი
  • სახელმწიფო მოხელე
  • მეხუთე კოლონა - ჯგუფი ასე უწოდებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა

რა ტექნიკას იყენებს "ვინ ვინ არის" და რამდენად სანდოა იგი?

ტყუილის ამოსაცნობად ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდი დაკვირვებაა. ამ ხერხს, წლებია, მიმართავენ ის მედიაორგანიზაციები, რომლებიც ტროლებსა და დეზინფორმაციაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა რადიო თავისუფლების 2018 წლის ჟურნალისტური გამოძიებაა. საქმე ეხებოდა უკრაინაში 2014 წელს მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდების ფაქტს, როდესაც ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში თავი კიევის აეროპორტის თანამშრომლად გაასაღა და ტვიტერზე დაწერა, რომ ავიაკატასტროფამდე ლაინერის სიახლოვეს ორი უკრაინული ავიაგამანდგურებელი დააფიქსირა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ტვიტის ავტორმა ამ ინფორმაციის გავრცელებაში ფული აიღო, კვალი კი მოსკოვამდე მივიდა.

ფაქტების გადამოწმება, სხვა ჟურნალისტური პრაქტიკის პარალელურად, დაიწყო ალგორითმების საშუალებითაც.

„ვინ ვინ არის“ ამ ორივე მეთოდს იყენებს ბოტების გამოსავლენად, ჩვეულებრივ ფეისბუკმომხმარებლებს კი სთავაზობენ გუგლ ქრომის დანამატს, რომლის ინსტალაციის შემდეგ, ნებისმიერ ფეისბუკგვერდზე კომენტარების ველის კითხვისას, ბოტები აღინიშნება სპეციალური ნიშნით.

მათი ალგორითმი ბოტებს ერთნაირი მესიჯბოქსის მიხედვით პოულობს. ამ ალგორითმს შეუძლია წაიკითხოს ეს მესიჯბოქსი, დაამუშაოს, შეადაროს არსებულ მოდელს და დადოს დასკვნა, რომ, ვთქვათ, აი, ეს იუზერი გარკვეული პროცენტით შეესაბამება ამ მოდელს, ან არ შეესაბამება. გასაგებია, რომ მხოლოდ ენაზე და მესიჯბოქსზე დაკვირვებით ამ ყველაფერს ვერ განვსაზღვრავდით, ამიტომ ამავე მოდელში არსებობს 40-მდე მარკერი, რასაც აკვირდება ეს პროგრამა, დაწყებული რეგისტრაციის თარიღით, დამთავრებული ფოტოებით და სოციალური ინტერაქციით. ყველა მარკერს, გასაგები მიზეზების გამო, აქ არ ჩამოვთვლით. მას შემდეგ, რაც ალგორითმი გადაარჩევს იმ მომხმარებლებს, რომლებიც გარკვეული პროცენტით ჯდებიან ამ მოდელში და გარკვეულ რაოდენობა მარკერებს ემთხვევიან, მოდერატორი ხელით, მექანიკურად შეამოწმებს ამ სიას, რომ დარწმუნდეს, ნამდვილად ყველაფერი სწორად გადაირჩა თუ არა, და მხოლოდ ამის შემდეგ ემატება ბაზაში და გამოჩნდება, "ვინ ვინ არის" ქრომის დამატებაში მომხმარებლებისთვის, - გვეუბნება ჯგუფის წარმომადგენელი.

საქართველოში ტროლების გამოვლენის პროცესში სხვადასხვა ფორმითაა ჩართული „მედიის განვითარების ფონდი“. Gantrole.ge მათი ერთ-ერთი პროექტია. გვერდზე თავმოყრილია ტროლები, რომლებიც ორგანიზაციამ შესწავლისა და გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. აქვე შესაძლებელია ტროლის დარეპორტებაც.

უსაფრთხოა ტროლებზე ნადირობა?

„ვინ ვინ არის” ამბობს, რომ მათ მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში ნაკლებადაა იმის ალბათობა, რომ შეცდომა მოხდეს და ვინმეს არასწორად მიეწეროს ბოტის სტატუსი ან შეცდომით მოხვდეს მისი ფოტო ბოტების სიაში, თუმცა ამბობენ, რომ პროგრამა შეუმცდარი არაა.

ამიტომაც გვაქვს ვერიფიკაციის ფორმა, სადაც შეუძლია მომხმარებელს გაიაროს პროცედურა და ამოვიღებთ სიიდან. თუმცა ეს შეცდომები ყოველ შემდეგ განახლებაზე მცირდება. რაც უფრო იხვეწება ალგორითმი, მით უფრო ნაკლები შეცდომაა”.

გუგლ ქრომის დანამატი, როგორც სხვა დანამატები, ითხოვს წვდომას გვერდზე, სადაც ბოტი უნდა გამოავლინოს. „ვინ ვინ არის“ ამბობს, რომ გუგლ ქრომის დანამატი მომხმარებლის ფეისბუკმონაცემებს არ იღებს და მისი უსაფრთხოება გუგლის პროგრამისტების მიერაა შემოწმებული.

“მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, რომ თითოეული ტროლის გამოაშკარავება მათ ორგანიზაციაში ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესია. თუ 100%-ით არ ვართ დარწმუნებულები რომ ანგარიში ტროლია, ისე არ ვანიჭებთ ამ სტატუსს. ჯერ ვაკვირდებით საეჭვო პროფილის აქტივობას, მის გზავნილებს, როდის აქტიურობს, როდის ჩუმდება, რა სიტყვებს იყენებს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი მიმანიშნებელი არის ის, როცა ხდება სხვა ადამიანის პირადი ფოტოების გამოყენება. თუ ამას ემატება ამ მომხმარებლის მიერ ორგანიზებული კამპანია კომენტარების სახით, ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქმე გვაქვს ტროლთან, - ამბობს სოფო გელავა.

მსოფლიოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივი ტროლებისა და ბოტების გამოვლენაზე, თუმცა ამისკენ აქტიურადაა მიმართული ფეისბუკისა და ტვიტერის პოლიტიკაც. 20 დეკემბერს ფეისბუკმა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG