Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი სამშობლოში - როგორ ვერ დაიბრუნა აფხაზეთში ნაომარმა ზაურმა საქართველოს მოქალაქეობა


ზაურ კვირაია 70 წლის ხდება. იბრძოდა აფხაზეთში. თანამებრძოლები მას "გემდუღაის" ეძახიან, რაც აფხაზურად "წაართვის" ნიშნავს.
ზაურ კვირაია 70 წლის ხდება. იბრძოდა აფხაზეთში. თანამებრძოლები მას "გემდუღაის" ეძახიან, რაც აფხაზურად "წაართვის" ნიშნავს.

ოჩამჩირეში დაბადებულ და გაზრდილ ზაურ კვირაიას ქართული პასპორტის მისაღებად სამართლის გამოცდაში ორი ქულა დააკლდა. მან და მისმა ცოლმა, ტატიანამ ბოლო 30 წელიწადში ორჯერ დაკარგეს სახლი. ჯერ 1993-ში, ოჩამჩირეში, შარშან კი - უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსულმა ჯარმა დაიკავა.

აგვისტო კვირაიების ოჯახისთვის საბედისწერო თვეა. აგვისტოში დაიწყო აფხაზეთის ომი, 2022 წლის აგვისტოში ზაურს სამშობლომ მოქალაქეობაზე უარი უთხრა, წლევანდელი აგვისტოს შემდეგ კი კვირაიები უსახლკაროდ რჩებიან.

“მოწყალების” იმედად

ზაური და მისი უკრაინელი ცოლი, ტატიანა ახლა თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობენ. ბინას მათთვის ფონდი “მოწყალება” ქირაობს. ის რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს და წელიწადზე მეტია, საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. თუმცა “მოწყალების” იმედად კვირაიები დიდხანს ვეღარ იქნებიან, ორგანიზაცია იხურება.

ტატიანა და ზაური
ტატიანა და ზაური

“სანამ შევეძლებთ, დავეხმარებით”, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი საშა სოფეევი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ასეულობით ლტოლვილს დაეხმარნენ, მაგრამ დღეს რესურსები ეწურებათ. “მოწყალებაში” არ იციან, შეძლებენ თუ არა კვირაიების ქირის გადახდას სექტემბრიდან.

ორი ქულა

1994 წელს ხერსონში ახალი ცხოვრება დაიწყეს, თუმცა პასპორტებს დიდხანს არ აძლევდნენ, რადგან ოჩამჩირეში იყვნენ ჩაწერილები.

“გვეუბნებოდნენ, დაბრუნდით და გაეწერეთ, მერე ჩაგწერთო. მეთქი, ვერ დავბრუნდები, თავს წამაცლიან-თქო და ისინი მპასუხობდნენ, ზღაპრებს ნუ გვიყვებითო. უკრაინაში მაშინ ბევრმა არც იცოდა აფხაზეთის ომი”, - იხსენებს ტატიანა.

ბოლოს საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცეს. ტატიანამ 2000 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ზაურმა 2006-ში. ამის გამო ქართული პასპორტი დაკარგა.

პასპორტის დაბრუნება ზაურს ყველა პრობლემას არ გაუდაუჭრის. ეს მისთვის უბრალოდ “პრინციპის ამბავია”. შარშან რამდენიმე თვე ემზადებოდა, რადგან მოქალაქეობის ყველა მსურველის მსგავსად, სამი გამოცდა უნდა ჩაებარებინა: ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართალში. 17 აგვისტოს პირველი ორი ჩააბარა, სამართალში კი გამსვლელი შვიდი ქულის ნაცვლად, ხუთი აიღო.

გასაუბრებაზე იუსტიციის სახლში 4-კაციანი კომისია დახვდა.

“მეკითხებოდნენ, როდის დავიბადე, სად ვსწავლობდი… როგორც კი ვთქვი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, [რუსეთის] ქალაქ შახტიში გამიშვეს-თქო, ამით გასაუბრება დასრულდა. მითხრეს, თავისუფალი ხარო”, - ჰყვება ზაური. მალევე მოქალაქეობაზე უარი მიიღო.

ხშირი უარი

გამოცდებისთვის მომზადებაში ზაურს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ იურისტი, ნანა გოგოხია ეხმარებოდა. იგი ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. კომისია "ხშირად ეუბნება უარს ჩვენს ყოფილ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან”.

იმავეს ხედავს ირაკლი ტორუაც, რომელიც ორგანიზაციას “დევნილები დევნილებისთვის” ხელმძღვანელობს. იგი ამბობს, რომ მხოლოდ 2021-2022 წლებში მოქალაქეობის აღდგენა-მინიჭებაზე უარი დაახლოებით 5500-მა დევნილმა მიიღო.

უარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” მე-16 მუხლია - მოქალაქეობას ვერ მიიღებთ, თუკი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენთ.

18 ივლისს ზაური და ტატიანა იუსტიციის სახლთან მივიდნენ. იქ, სხვა დევნილებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება მოითხოვეს.
18 ივლისს ზაური და ტატიანა იუსტიციის სახლთან მივიდნენ. იქ, სხვა დევნილებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება მოითხოვეს.

ახლა პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელმაც მოქალაქეობის მიღება უნდა გაამარტივოს. მაგალითად, მსურველებისთვის ქვეყანაში ცხოვრების 10-წლიანი ვადა ხუთამდე მცირდება, გამოცდაზე გასვლა კი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ.

მაგრამ ირაკლი ამბობს, რომ უნდობლობა სახელმწიფოს მხრიდან “დამამცირებელია”. საქართველოში დაბადებულ ადამიანებს გამოცდების ჩაბარება საერთოდ არ უნდა უწევდეთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.

ორი ომი

აფხაზეთის ომზე ლაპარაკი ზაურს უსასრულოდ შეუძლია. ომის ნაკვალევი სხეულზე დღემდე ეტყობა. ორჯერ დაიჭრა მარჯვენა მხარში, დაუზიანდა ძვალი, არტერია და ნერვი. ბოლოს “ფეხიდან ამომაჭრეს არტერია და ხელში ჩამისვეს”, - ამბობს იგი.

განსაკუთრებით მძაფრად მას ტამიშის ბრძოლა ახსოვს. 1993 წლის 2-11 ივლისს ამ პატარა აფხაზური სოფლის დაცვისას, ქართველებმა 250 კაცი დაკარგეს.

ზაურს თანამებრძოლებმა “გემდუღაი” შეარქვეს, რაც აფხაზურად წაართვის ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ ”ქართველები უკან როცა იხევდნენ, ტექნიკას ტოვებდნენ. ბიჭებს ეს ტექნიკა მიგვყავდა”.

ტატიანა იხსენებს, რომ ხერსონში ჩასულს ვეღარ წარმოედგინა, კრემლის გაჩაღებულ მეორე ომსაც თუ მოესწრებოდა. “ჩვენი ბაბუები ერთად იყვნენ მეორე მსოფლიო ომში. მათი შვილიშვილები კი ტანკებს მოასხდნენ და ჩვენთან მოვიდნენ”, - ამბობს იგი.

რუსულმა ჯარმა ქალაქი თებერვლის ბოლოს დაიკავა, ტატიანა კი იქიდან მხოლოდ აპრილში წამოვიდა. იქამდე ეგონა, რომ ომი “დღე-დღეზე” დასრულდებოდა.

ყველაზე მეტად ის ვერ მოუნელებია, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის აუცილებლობას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვით ამართლებს. “ეს იმის სიტყვებია, ვლადიმირის, გვარს ვერ ვიტყვი [პუტინის]. იტყუება, იტყუება, ცინიკურად ლაპარაკობს. ვერც კი ვუსმენ”.

ივნისში, ნოვა-კახოვკის კაშხლის აფეთქებამ ხერსონი დატბორა. თუმცა ტატიანა ამბობს, რომ მათი სახლი ჯერ ხელუხლებელია. “30 წელი ოჩამჩირის ვიდეოებს ვუყურებდი. ახლა ხერსონისას ვუყურებ”.

ტატიანას სჯერა რომ დაბრუნდება, აი, ზაურს კი აღარ. მან კარგად იცის, რომ “რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ასე მარტივად არ თავისუფლდება”. მორალურად მზადაა იმისთვის, რომ უკვე მესამედ უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, მაგრამ არა იმისთვის, რომ ამ ახალ ცხოვრებას სამშობლოში “უცხოელის” სტატუსით გაატარებს.

კვირაიები უკრაინის მოქალაქეები კი არიან, თუმცა უკრაინულ პენსიას ვერ იღებენ, რადგან მათი პლასტიკური ბარათები დაბლოკილია. დღეს წყვილის ერთადერთი შემოსავალი თბილისის მერიის ყოველთვიური 300-ლარიანი დახმარებაა.

გაინტერესებს, ჩააბარებდი თუ არა ტესტებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად? შენი ცოდნა ისტორიაში, ენასა და სამართალში შეგიძლია შეამოწმო აქ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG