ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხალხის დასაშლელად გამოიყენეს სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლის მანქანები.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, მას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი.
„ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა.
დაშავებულია ტვ „პირველის“ რამდენიმე თანამშრომელი. „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის თქმით, სპეცრაზმი ყველაფერს აკეთებდა, რომ ოპერატორებს ვერ ემუშავათ და ეთერი გათიშულიყო.
„ძალიან ბევრი წელია საინფორმაციოს უფროსი ვარ და ეს არის პირველი აქცია, სადაც ასეთი სისასტიკით ექცეოდნენ ოპერატორებსა და ჟურნალისტებს. „ვიცი, რომ ჟურნალისტი ხარ“, - ასე ეუბნებოდნენ და იწყებოდა თავდასხმა. დადასტურებით ვიტყვი, ბრძანება იყო, ეცემათ ჟურნალისტები. სხვანაირად შეუძლებელია ეს აიხსნას“.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებს წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს ასხამდნენ, რის გამოც ისინი გონებას კარგავდნენ, აპარატურა კი ზიანდებოდა.
„ყველა ადასტურებს, რომ წყლის ჭავლში მხოლოდ წყალი არ იყო. ჟურნალისტ ანა მდივანს ალერგიული შეტევა დაეწყო. ახლა გადაგვყავს გამოკვლევებზე, რომ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე.
დავით ბიჭიკაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რესპონდენტთან, საბა ბუაძესთან ერთად ტროტუართან იდგნენ. მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე ნანუკას ემუქრებოდნენ, ქაჯაია, შენ ნახავო. მერე, უკვე რუსთაველზე, გაუშვეს წყლის ჭავლი და ნანუკა ნახევარი საათი სასწრაფო მანქანაში იჯდა. აპარატურა დაზიანდა და აღდგება თუ ვერა, ესეც არ ვიცით.
გიორგი შეწირული - შაბათის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორი. გიორგის დასდევდნენ, რადგან ყველა წინა აქციის დროს მტკიცებულებების დიდი ნაწილი მან გადაიღო, ლევან ხაბეიშვილის გატაცების კადრები, ალეკო ელისაშვილის… ჩვენი კადრებით გაირკვა, ვინ სცემდა ელისაშვილს. გიორგის ორჯერ დაესხნენ თავს, წააქციეს და სცემეს, დაკავებასაც უპირებდნენ“, - ამბობს ნოდარ მელაძე.
თავს დაესხნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დავით ცაგარელს, რომელიც რუსთაველის მეტროსთან მუშაობდა.
„ტროტუარზე მივდიოდი. პირდაპირ ეთერში ვიყავი. ამ დროს აფთიაქიდან გამოსულმა სპეცრაზმელმა მოულოდნელად მუშტი ჩამარტყა მუცელში და შემაგინა. ჩავიკეცე, ვერ ამოვისუნთქე. სხვა სპეცრაზმელმა ფეხზე გადამიარა. მეცვა რადიო თავისუფლების ქურთუკი, პრესის ნიშანი მეკეთა, ჩანდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ეს მიზანმიმართული ქმედება იყო“, - ამბობს დავით ცაგარელი.
„პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც 29 ნოემბერს ცხვირის ოპერაცია დასჭირდა, სპეცრაზმელებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი ჰყვება, რომ სამართალდამცავებმა მას ძალიან ბევრი ურტყეს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ შესაძლო ძალადობის კადრებს იღებდა.
„რომ ამბობდა, ჟურნალისტი ვარო, უფრო ურტყამდნენ. განყოფილებაში გადაყვანილს წარმოუდგინეს ფურცელი, სადაც ეწერა, თითქოს პოლიციელებს აგინებდა. ლექსო ამას არ დაეთანხმა და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჩამოართვეს ორი კამერა თავისი ლინზებით, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი, - ნათია ამირანაშვილი იღებდა, როგორ შეჰყვნენ ნიღბიანები აფთიაქში აქციის მონაწილეს. ერთ-ერთმა დაინახა და კამერას ხელი დაარტყა. მინდია გაბაძეც იღებდა და თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს“.
„პროექტი 64“-ის დამფუძნებელი გიორგი გოგუა ამბობს, რომ მასაც ჭიჭინაძის ქუჩაზე დაესხნენ თავს, თუმცა, იცოდნენ, რომ ჟურნალისტი იყო.
„შეხლა-შემოხლა რომ ატყდა, ვიღებდი. მერე, უკან დაიხიეთო და დავიხიე, ქვევით დავიწყე ჩასვლა. არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ დროს წიხლი ჩამარტყეს ფეხში ორჯერ. მოვტრიალდი, რას შვრები-მეთქი და მესამედაც მომაყოლა“, - ამბობს გოგუა.
სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო წვერავა ქაშვეთთან შექმნილ ვითარებას აშუქებდა, როდესაც სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, ჟურნალისტები იქაურობისთვის მოეშორებინათ.
„დაიწყეს ჯიკაობა. ფეხი გადამიბრუნდა. ვიღაც ქალმა მიშველა, რომ არ წავქცეულიყავი. ძალიან უხეშად, ხელების ქნევით და შეხებით მოგვაშორეს იქაურობას“, - ჰყვება წვერავა.
OC Media-ს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ორჯერ მოყვა წყლის ჭავლში.
„ჭიჭინაძეზე შემაღლებულზე ვიდექი და ჩამოვვარდი, ფეხი დავიშავე. მაინც გავაგრძელე მუშაობა. უკვე ქაშვეთის კუთხეში პირდაპირ სახეში შეგვასხეს წყალი. მასში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი იყო გარეული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვალებს ვეღარ ვახელდი. ნაცნობებმა ხელი მომკიდეს და ასე მიმიყვანეს სასწრაფომდე. უკვე გამთენიისას სპეცრაზმი ფოსტის შენობისკენ გადმოვიდა. დასდევდნენ ხალხს. ორჯერ ვცადე გადაღება და ორჯერვე ტელეფონი გამაგდებინეს ხელიდან, თან მაგინებდნენ. ჟურნალისტს თუ არაჟურნალისტს ყველას უყვიროდნენ, არ გადაიღოთო“, - ჰყვება მარიამ ნიკურაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“ მიმართავს „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია. „მედიაომბუდსმენი“ ასევე მოითხოვს ჟურნალისტების საქმეების ცალკე გამოძიებას.
29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევა, მით უმეტეს, თუ იგი ჩადენილი იქნა ჟურნალისტის მიმართ, გამოძიებული უნდა იქნეს.
ფორუმი