საპარტნიორო ფონდს კახეთში, საგარეჯოში, ერთი თვის წინ 500 ჰექტარამდე ტერიტორია გადაეცა. მიწის ნაკვეთებს, რომლებიც 2010 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობა ამუშავებდა. სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა ითხოვს მიწების ნაწილი საკუთრებაში გადაეცეთ. მოსახლეობის პრეტენზიებს იზიარებენ საპარტნიორო ფონდშიც და ამბობენ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავლენ.
გიორგიწმინდაში მცხოვრები გიორგი გუგუტიშვილის თქმით, ფონდისთვის გადაცემული 500 ჰექტარი მიწიდან გარკვეული ნაწილი წლების განმავლობაში ადგილობრივებს იჯარით ჰქონდათ აღებული, თუმცა საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა. გლეხები ახლა მიწების შეძენას აპირებდნენ, მაგრამ გაიგეს, რომ ნაკვეთები უკვე საპარტნიორო ფონდის საკუთრებაა.
„მიწები, სადაც დღემდე მოსავალი მოგვყავს, აქამდე გაუფორმებელი გვქონდა. ახლა ერთ დღეში საპარტნიორო ფონდზე გადაფორმდა. როგორ შიძლება ისეთი მიწების გასხვისება, სადაც ზოგს ვენახი აქვს გაშენებული, ზოგს ხეხილის ბაღები?!“ - თქვა ფერმერმა გიორგი გუგუტიშვილმა.
3 მარტს სოფელ გიორგიწმინდაში გუგუტიშვილთან ერთად ათეულობით ადგილობრივმა გამართა აქცია მიწის დაკანონების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათ შემთხვევით გაიგეს, რომ მიწები საპარტნიორო ფონდს გადაეცა. დახმარებისთვის მიმართეს მერიას, სადაც უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.
„მიწები, რომელიც თავადვე მოგვცეს, თურმე წაურთმევიათ და არ ვიცოდით... თავიდან გვითხრეს, რომ უნდა გაეფორმებინათ, შემდეგ გვეუბნებოდნენ, რომ იჯარა იყო და დაამუშავეთ, პრობლემა არ იქნებაო. ბოლოს ისე გაასხვისეს, რომ ჩვენ არაფერი გაგვიგია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
რადიო თავისუფლება საპარტნიორო ფონდს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იციან თუ არა მათ ადგილობრივთა პრეტენზიების შესახებ და როგორ აპირებენ გლეხების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ოფიცრის, თენგიზ წერეთლის თქმით, მიწების საკუთრებაში მიღებისას საპარტნიორო ფონდმა არ იცოდა, რომ ეს მიწები ასევე ადგილობრივი ფერმერების სარგებლობაში იყო:
„როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ, დაუყოვნებლივ შევქმენით სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის ერთადერთი მიზანია დაადგინოს კონკრეტულად რა და რომელი ნაკვეთებია ისეთი, სადაც მოხდა გადაფარვა. ასეთი ნაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, შევთანხმდებით კომპრომისულ ვარიანტზე. ჩვენი ინტერესი არანაირად არ არის, რომ რომელიმე გლეხს დამუშავებული მიწა წავართვათ და ჩვენი პროექტისთვის გამოვიყენოთ“.
დავის დასრულების შემდეგ საპარტნიორო ფონდი ინვესტორის მეშვეობით საგარეჯოში ზეთისხილის პლანტაციის გაშენებას გეგმავს.
გიორგიწმინდელები საპარტნიორო ფონდში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ საკითხი მათ სასარგებლოდ არ გადაწყდა, საპროტესტო აქციებს გააგძელებენ.