Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომაა დასაცავი „არაპოპულარული უმცირესობა“?  


8 ივლისს საქართველოში კიდევ ერთი ამაზრზენი, გულისამრევი რამ მოხდა. მოძალადე ექსტრემისტებმა LGBTQ+ ადამიანების უფლებათა მხარდამჭერი აქცია მორიგ ჯერზე დაარბიეს და გაძარცვეს, ხოლო პოლიციამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად.

ძალადობა და საზოგადოების პასუხი

ამას მოჰყვა ბუნებრივი რეაქციები: ბრაზი, აღშფოთება, იმედგაცრუება. ბევრმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ იგრძნო მორალური ვალდებულება, საჯაროდ გამოეხატა პოზიცია - სოლიდარობა გამოეცხადებინა ძალადობის მსხვერპლთათვის, კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ ყველას აქვს შეკრების და გამოხატვის უფლება და ხელისუფლება გაეკიცხა იმისთვის, რომ ეს უფლება არ დაიცვა.

ზოგი იტყვის, რა აზრი აქვს ამ ემოციურ ამოფრქვევებს ან ბანალური ჭეშმარიტებების მანტრასავით განმეორებას? რეალობა ისაა, რომ მთავრობას უმცირესობის დაცვის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. რაც არ უნდა ითუხთუხოს „ლიბერალურმა ბაბლმა“, ამით არაფერი შეიცვლება.

არ არის ასე. არსებობს რაღაც, რასაც შეიძლება ვუწოდოთ საზოგადოების მორალური ატმოსფერო, რომელსაც ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, ანგარიშს უწევს. თითოეულმა ადამიანმა, ვინც, კერძოდ, 8 ივლისის მოვლენები ხმამაღლა და მკაფიოდ შეაფასა, რაღაც გავლენა მოახდინა ამ ზოგად განწყობაზე.

ოღონდ, საზოგადოების წარმოდგენები იმაზე, რა არის სწორი თუ არასწორი, მუდმივი ბრძოლის ასპარეზია. ბევრისთვის ამაზრზენი და გულისამრევი ის იქნებოდა, პრაიდი რომ ჩატარებულიყო; მათი აზრით, ამის თავიდან ასაცილებლად ძალადობაც გამართლებულია.

რა უფრო მნიშვნელოვანია 8 ივლისის ასახსნელად - მთავრობის ნება თუ საზოგადოების განწყობა? საქართველოს ხელისუფლება ამ თემით თამაშობს: ის თავის უმოქმედობად შენიღბულ ქმედებებს ხალხის განწყობით ამართლებს. მისი დემაგოგია უნდა დავინახოთ, მაგრამ საზოგადოების განწყობაც რეალისტურად შევაფასოთ.

ძალადობა და ხელისუფლება

მიზეზი იმისა, რაც 8 ივლისს მოხდა, იყო არა ხალხის განწყობა, არამედ მთავრობის ქცევა. არ მაქვს კონკრეტული საბუთი, რომ ამ დღის ე.წ. კონტრაქცია ხელისუფლებამ დააორგანიზა, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის. უახლოესი წარსულის მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ, სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პოლიციას „კონტრაქციის“ განეიტრალება არ გაუჭირდებოდა. მეორე მხრივ, საკმარისი საბუთია იმის სამტკიცებლადაც, რომ ხელისუფლება მოძალადე ჯგუფების, სულ მცირე, მოკავშირეა, თუ არა უშუალო სპონსორი და ორგანიზატორი. ის თავისი საჯარო რიტორიკით ღიად უჭერს მხარს იმას, რასაც ისინი აკეთებენ და არ სჯის, ან მხოლოდ სიმბოლურად სჯის მათ კანონის აშკარა დარღვევისთვის. ამას „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან აკეთებს: ის თავისი ინტერესებისთვის იყენებს მოძალადე ჯგუფებს და, ამავე დროს, მათ ქმედებებს „უბრალო ხალხის“ სპონტანურ პროტესტად ასაღებს. 8 ივლისს არაფერი ახალი და მოულოდნელი არ მომხდარა.

ამ უკანასკნელი დებულების საპასუხოდ ზოგი ადამიანი იხსენებს წინა წლების გამოცდილებას, როცა პოლიციამ რამდენიმე ანალოგიური აქცია მართლაც დაიცვა. მაგრამ, თუ ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკიდან ამოვალთ, მისთვის ნორმაა ის, რაც 8 ივლისს მოხდა, ხოლო პოზიტიური შემთხვევები გამონაკლისია.

აქედან გამომდინარე, პრობლემის გადაწყვეტის გზაც აშკარაა და ის მთავრობის შეცვლაზე გადის. მაგალითად ოცზე მეტი წლის წინანდელი გამოცდილება გამოდგება: მაშინ ეკლესიისგან განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი, ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი სისტემურად და დაუსჯელად ძალადობდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე (ყველაზე მეტად - იეღოვას მოწმეებზე). მთავრობა თავის უმოქმედობას იმით ამართლებდა, რომ „სექტანტების“ დაცვა და ჯვრებით შეიარაღებულ ხალხთან დაპირისპირება არაპოპულარული საქმე იყო. 2003 წელს ხელისუფლება შეიცვალა, მოძალადეები დაისაჯნენ და ძალადობაც შეწყდა.

ხელისუფლების ლოგიკა

ამის თქმით შემეძლო დამემთავრებინა. მაგრამ არსებობს შეტრიალებული ლოგიკაც: ეს ხელისუფლება სწორედ იმისთვის უნდა შენარჩუნდეს, რომ საქართველოში პრაიდის ჩატარება ვერავინ გაბედოს. ეს ლოგიკა შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის ის მუშაობს.

რატომაა, რომ ხელისუფლება „ორკებად“ წოდებულ მოძალადეებს უმცირესობის აქციებს არბევინებს? რაშია მისი ინტერესი? მართლა „გაპიდარასტების“ ეშინია? თუ LGBTQ+ ჯგუფებს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს? არა, მისი მიზანია, აჩვენოს, რომ უმრავლესობის მხარესაა ქართველი ხალხისთვის უცხო „ლიბერალური ბაბლის“ წინააღმდეგ, რომელთანაც პოლიტიკურ ოპოზიციას აიგივებს. ამ უკანასკნელთა მხრიდან სექსუალურ უმცირესობათა დაცვაც, მისი აზრით, მისთვისვეა მომგებიანი. მას შეუძლია, თქვას: ერთ მხარესაა ხალხის მთავრობა და ხალხის ეკლესია, მეორე მხარეს - კულტურულად უცხო „ლიბერასტები“. რომელი გირჩევნიათ? თუ საკითხი ასე იდგება, მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში განუსაზღვრელი დროით დარჩება.

სწორია მისი გათვლა - მისივე ინტერესებიდან, და არა ზოგადი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე? როგორი უნდა იყოს ოპოზიციური საზოგადოების საპასუხო გათვლა? ეს ბევრისთვის უხერხული, მაგრამ მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი შეკითხვაა.

„ახლა ამის დრო არ არის?“

ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხია „ახლა ამის დრო არ არის“. თუ ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების - მათ შორის, უმცირესობების დაცვის - გადაწყვეტის გზა ხელისუფლების შეცვლაა, მაშინ ყველა ქმედება ამ მიზნით უნდა იყოს გასაზღვრული. ხელს უწყობს, თუ უშლის ოპოზიციის LGBTQ+ თემის უფლებების დაცვასთან კავშირი, ამ ამოცანის შესრულებას? შესაძლოა, უშლიდეს - ცხადია, რომ ხელისუფლება ამაზე აკეთებს გათვლას. მაშინ ჯობია, ამ ეტაპზე ოპოზიციამ ეს საკითხი გვერდზე გადადოს; მერე, როცა „რუსულ ოცნებას“ გაისტუმრებს, ყველაფერს მოევლება. უმცირესობის თემიც რაღაცნაირად უნდა დაარწმუნოს, ცოტა ხანს გაჩუმდეს და ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს.

მოყვანილ მსჯელობაზე ბუნებრივი პასუხია იმის თქმა, რომ არსებობს ადამიანის უფლებები და მათ შორისაა ნებისმიერი უმცირესობის ჯგუფის უფლება, იბრძოლოს თავისი ინტერესების დასაცავად ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუ, ცხადია, კანონის ფარგლებში დარჩება. დაუშვებელია, ოპოზიცია აშკარა უსამართლობის მიმართ გულგრილი დარჩეს.

ეს, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ ხომ არ აყენებს ეს სწორი პასუხი ოპოზიციას მწვავე დილემის წინაშე? თუ ამ საკითხში სამართლიან პოზიციას დაიკავებს, საკუთარი თავით და ერთმანეთით ყველა კმაყოფილი დარჩება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენას გაუადვილებს, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ პრაიდის აქციებს მომავალშიც დაარბევენ.

ჩემი აზრით, ასე მარტივად და, ამავე დროს, ტრაგიკულად არ არის საქმე. ამისთვის ორი არგუმენტი მაქვს. პირველი ისაა, რომ მოსწონს თუ არა ოპოზიციას არაპოპულარული უმცირესობის უფლებებთან ასოცირება, ეს მას მაინც მოუწევს. თუ ოპოზიციური საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი თემა პროდასავლური ორიენტაციაა, მაშინ თუნდაც ყველაზე არაპოპულარული უმცირესობის უფლებების დაცვა მისი განუყოფელი ნაწილია. ცხადია, აქ იგულისხმება უმცირესობის ძირეული უფლებები (პირველ რიგში, მათი გამოხატვის თავისუფლება) და არა იმ ექსტრემისტული შეხედულებების გაზიარება, რაც დასავლეთში ხანდახან ისმის და რასაც „ალტ-ინფოს“ სტილის ჯგუფები მთლიანად ლიბერალიზმს უსაფუძვლოდ მიაწერენ (ვგულისხმობ, მაგალითად, მოსაზრებას, რომ სქესთა შორის განსხვავება სუბიექტურია და საერთოდ შეიძლება გაუქმდეს). თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია იტყვის, რომ პროდასავლურია, მაგრამ ამ კონკრეტული ჯგუფის ელემენტარულ უფლებებს არ ცნობს, ესე იგი იტყუება და ამ ტყუილში მთავრობაც ადვილად გამოიჭერს.

ამ თვალსაზრისით, 8 ივლისზე ოპოზიციური პარტიების რეაქციები მოწმობს, რომ მათ ეს სულ უფრო უკეთ ესმით. ყველა ანგარიშგასაწევმა პარტიამ დაგმო 8 ივლისის ძალადობა. დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ზოგმა პარტიამ ამ დროს თავი შეიკავა LGBTQ+ თემის ხსენებისგან, სხვები კი ამ მხრივ უფრო თანმიმდევრულები იყვნენ. ამ განსხვავებას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ყველამ იცის, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული 8 ივლისის ძალადობა, ასე რომ, მისი დაგმობა თავისთავად ნიშნავს მსხვერპლის მხარეს დგომას.

მეორე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ „უმრავლესობის აზრით“ ხელისუფლების მანიპულირებაც სერიოზულ გაზვიადებაზეა აგებული. ზოგადად, ქართული საზოგადოება ნამდვილად უფრო კონსერვატულია დასავლეთ ევროპასთან შედარებით, მაგრამ ეს განსხვავება გაცილებით ნაკლებდრამატულია, ვიდრე ხელისუფლებას ან ზოგ სასოწარკვეთილ ლიბერალს წარმოუდგენია. არც ჰომოფობიაშია რამე სპეციფიკურად ქართული და არც სექსუალური უმცირესობების მიმართ შემწყნარებლობაა ექსკლუზიურად ევროპული. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოშიც განწყობა საგრძნობლად შეიცვალა შემწყნარებლობის მიმართულებით; ამ ნიშნით ევროპის სხვა ქვეყნებს ცვლილების ტემპით ჩამოვრჩებით და არა თვისობრივად. 8 ივლისის ძალადობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია ამ ცვლილების კიდევ ერთი მაჩვენებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში „ორკები“ წაგებულნი არიან.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG