ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს კარდენახის, ვეჯინის, კალაურის და სოფელ გურჯაანის რწმუნებულებმა.
საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილს არ სჯერა, რომ ეს პირები სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სოფლების რწმუნებულებს განცხადებები იძულებით დააწერინეს, რაც უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის ცუდ შედეგს. მსგავს განცხადებას არასერიოზული უწოდა სოფელ კარდენახის უკვე ყოფილმა რწმუნებულმა გიორგი მარტაშვილმა. მისი თქმით, სამსახური თავისი სურვილით დატოვა და მუშაობას კერძო სექტორში იწყებს.
„არჩევნების პირველ ტურში მთელ საქართველოში ერთი და იგივე სიტუაცია იყო. არაფრით გამოირჩეოდა ჩემი სოფელი. ამიტომ არასერიოზული მგონია განცხადება, რომ გამათავისუფლეს და თანაც პოლიტიკური მოტივით. მე დავწერე განცხადება წასვლაზე. ახლა სხვაგან, მშენებლობაზე ვაპირებ მუშაობის დაწყებას“ - ამბობს გიორგი მარტაშვილი.
სამსახურიდან სოფლის რწმუნებულების ნაწილის წასვლას არჩევნების შედეგებს არ უკავშირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. მისი თქმით, ეს ცოცხალი პროცესია და საკადრო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება. შეკითხვას, რატომ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს სურვილი დატოვოს თანამდებობა, სადაც მისი შრომის ანაზღაურება 1000 ლარამდეა, მერმა ასე უპასუხა:
გურჯაანში, სოფლის რწმუნებულების მიერ სამსახურის დატოვება დატოვება არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირებენ.
„შეიძლება ვინმემ ჩათვალა, რომ გარკვეულ სამუშაოს უბრალოდ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ან ბევრი დავალებაა ან სხვა. ჩემი მოთხოვნაა ოპერატიული მუშაობა და თუ რომელიმე თანამშრომელი თვლის, რომ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, შესაძლოა განცხადება დაწერა და წავიდა. ის, რომ არჩევნების შედეგების გამო გავათავისუფლო თანამშრომელი, ეს არის სიცრუე“.
გურჯაანში, სოფლის რწმუნებულების მიერ სამსახურის დატოვება დატოვება არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირებენ. რამდენიმე კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი. მისი თქმით, სოფელში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ კი მოსთხოვეს განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო. სიბაშვილის ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის წინ მას და სხვა მენეჯერებსაც დავალებული ჰქონდათ ემუშავათ როგორც ბაღის თანამშრომლებთან, ისე ბავშვების მშობლებთან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. თამარ სიბაშვილი სასამართლოში ბრძოლას აპირებს.