Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამნაშავე“ გადარჩენილები - რატომ აიძულებენ შოვში გადარჩენილებს, იმართლონ თავი


შოვში სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები ელოდებიან ვერტმფრენსა და მაშველებს
შოვში სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები ელოდებიან ვერტმფრენსა და მაშველებს

“რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”, - აი, ეს კითხვა გაუჩნდა 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიისას გადარჩენილ დავით ჯელაძესთან და მის მცირეწლოვან დისშვილთან.

3 აგვისტოს გადარჩენილები ირაკლი კობახიძემ სპეკულაციებშიც დაადანაშაულა და თქვა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესი“.

ფაქტობრივად, ანალოგიური კომენტარები გააკეთეს მალევე მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ: „თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი“.

ჩანართი - შედარება

ალბათ, ბევრს უნახავს 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი საავიაციო ტერაქტის დროს, TIME-ის ფოტორეპორტიორის, ლაილ ოვერკოს გადაღებული ცნობილი ფოტო, როგორ მოფრინავს ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენიდან კაცი.

ნიუ-იორკი, სავაჭრო ცენტრი. 2001 წლის 11 სექტემბერი
ნიუ-იორკი, სავაჭრო ცენტრი. 2001 წლის 11 სექტემბერი

ეს ადამიანი არ იყო ერთადერთი, ვინც იმ დღეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტა. ალმოდებული ცათამბჯენიდან გამომხტარი ადამიანები 11 სექტემბერს „ალ ჯაზირის“ ფოტოგრაფმა ხოსე ხიმენესმაც გადაიღო.

ფოტოგრაფი თავის მოგონებებში წერს: „პირველად ქალი დავინახე. შავკანიანი. ისე ახლოს ვიყავი კამერით, რომ ვხედავდი მის სახეს. მშვიდი და მოდუნებული ჩანდა, რადგან, გარდა გადახტომისა, სხვა გზა არ ჰქონდა. არ ყვიროდა, არც შველას ითხოვდა. როცა გადახტა, არ დამინახავს, როგორ დაენარცხა მიწას. ცათამბჯენის დასავლეთით რომ გადავინაცვლე, დავინახე, რომ ბევრი ადამიანი ხტებოდა სავაჭრო ცენტრის ფანჯრებიდან. ეს კადრები ჩემში დღემდე რჩება და ისევ და ისევ ვფიქრობ, რას ფიქრობდნენ, როდესაც ცათამბჯენიდან გადახტომის გადაწყვეტილებას იღებდნენ“.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ცათამბჯენიდან გადმომხტარი ადამიანების ნაწილი გადარჩა და აშშ-ის ხელისუფლებამ მათ გადარჩენის გზა დაუწუნა - რატომ გადმოხტით, როდესაც არსებობდა კიბეები, საიდანაც ჩამოსვლა შეგეძლოთ.

ან, მაგალითად, 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს გადარჩენილი ადამიანები რომ დაემუნათებინათ, გადარჩენის გზად და ნანგრევებისგან თავის დასაცავად რატომ შეარჩიეთ მაგიდის ქვეშ შეძრომა და არა ქუჩაში გამოქცევაო.

და მერე ამ ხალხს რომ დაეწყო თავის მართლება - იმ მომენტში ასე და ასე ჩავთვალეთ საჭიროდ და ასე და ასე გადავირჩინეთ თავიო.

შოვის ტრაგედიას გადარჩენილ ადამიანებს 14 აგვისტოს მართლა მოუწიათ თავის მართლება.

მაგალითად, თავის მართლება მოუწია დავით ჯელაძეს, რომელიც ღვარცოფმა მცირეწლოვან დისშვილთან ერთად წაიღო და რამდენიმე საათი იბრძოლა იმისთვის, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასულიყო:

დავით ჯელაძე სტიქიას გადარჩენილ ბავშვთან ერთად
დავით ჯელაძე სტიქიას გადარჩენილ ბავშვთან ერთად

„მე შემიძლია, ბატონო ირაკლი, ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბროთ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას. ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ, იქ არის ხალხი, ვინც შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა, არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“.

ირაკლი კობახიძის კომენტარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა კიდევ ერთი გადარჩენილი, გიო ადამია, რომელიც მეწყერსა და ღვარცოფში 6 წლის შვილთან, თომასთან ერთად მოჰყვა, დაახლოებით სამი საათი ელოდა ვერტმფრენისა და მაშველების გამოჩენას და საბოლოოდ, დამეწყრილი ზონიდან უსაფრთხო ადგილას ადგილობრივებმა გაიყვანეს:

გიო ადამია 6 წლის თომასთან ერთად; ირაკლი კობახიძე
გიო ადამია 6 წლის თომასთან ერთად; ირაკლი კობახიძე

„ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა მაშო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ, მეწყრის ორ-მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“

შოვში, ღვარცოფში მოყოლილი კიდევ ერთი გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კი ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებებს:

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე..."

„ხელისუფლება აიძულებს ამ ადამიანებს, რომ თავიდან ჩავიდნენ ჯოჯოხეთში“

ფსიქოლოგ მაია ცირამუას ხშირად უწევს მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ტრავმული გამოცდილება აქვთ.

ის ფსიქოლოგიური ტრავმა კი, რომელიც 3 აგვისტოს შოვში გადარჩენილებმა მიიღეს, მისი თქმით, სცდება მხოლოდ ერთი სიტყვის ჩარჩოს და გაცილებით ღრმა შინაარსს იძენს - „მათ სიკვდილთან იბრძოლეს“, - ამბობს მაია ცირამუა და ლაპარაკობს იმ რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, შოვში გადარჩენილების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დამძიმება, პოსტტრავმული მდგომარეობის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

ერთ-ერთი ასეთი რისკფაქტორი კი გადარჩენილებისთვის შოვში გამოვლილ გამოცდილებასთან იძულებითი დაბრუნებაა. ფსიქოლოგის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ხელისუფლება ამ ადამიანების ფსიქო-ემოციურ რეაბილიტაციაზე ზრუნავდეს, მათ სპეკულაციასა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს:

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

„ეს არის აბსოლუტურად არაჰუმანური დამოკიდებულება მათ მიმართ და მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ახლა ათასნაირი შეთავაზება უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებთან. ათასნაირ სერვისს უნდა სთავაზობდეს დღეს, ხვალ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ, პროგრამა თუ არ აქვთ, ახლა მაინც უნდა ქმნიდნენ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ვიღებთ იმას, რასაც სახელსაც კი ვერ ვუწოდებთ“.

მაია ცირამუას თქმით, აბსოლუტურად გაუმართლებელია ხელისუფლების მხრიდან გადარჩენილებისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლის გზების დაწუნება:

„ეს ადამიანები ჩააყენეს თავის მართლების პოზიციაში. არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელემ არ იცოდეს, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც ამხელა ტრავმა გადაიტანა. არ შეიძლება, არ იცოდეს სახელმწიფო მოხელემ, როგორ მოქმედებს ადამიანი კატასტროფების დროს, რომ მან შეიძლება რაღაცები ვერ გათვალოს და იმ გზით არ წავიდეს, რა გზითაც ჩვენ ან სხვები წავიდოდით. ასე, შორიდან, როდესაც მშვიდად, წყნარად დავყურებთ დამეწყრილი ზონის ფოტოებს, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, მოხაზო სასურველი მარშრუტები, მაგრამ როდესაც შენ ეჭვი შეგაქვს იმ ადამიანების სიმართლეში, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ, უდგენ სიცოცხლის გზას, როგორ უნდა გაევლოთ ეს გზა, აი, ეს არის არაჰუმანური. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს, ასეთი მაღალი საშიშროების სიტუაციაში, მოვთხოვოთ რაციონალური მოქმედება. მეცნიერულად დადგენილია, რომ ჩვენ ასეთ სიტუაციებში გვმართავს გადარჩენის ინსტინქტები და ხშირად სწორედ ეს ინსტინქტები ამართლებს“.

მაია ცირამუა ამბობს, რომ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ე.წ. გადარჩენილის ტრავმა ეწოდება. მისი თქმით, ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო ზრდის ამ ტიპის ტრავმის ჩამოყალიბების რისკებს:

„ეს არის აბსოლუტურად ირაციონალური განცდა, მაგრამ ხშირად იმ სიტუაციაში, სადაც ბევრი ადამიანი იღუპება, გადარჩენილებს უჩნდებათ ხოლმე ბრალეულობის განცდა, რომ ის გადარჩა და სხვა - ვერ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა, რომლის დასაძლევადაც ფსიქოლოგებს გვიწევს ხანგრძლივი მუშაობა. ამ ტიპის ტრავმა შემდგომში იწვევს სხვა არაერთ პრობლემას, დეპრესიას, შფოთვას, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ერთი შეხვედრა მაინც რომ გაეკეთებინა ხელისუფლებას ამ ადამიანებთან, მადლობა ეთქვათ მათთვის, რომ ასე იბრძოლეს სიცოცხლისთვის, ესეც კი უზარმაზარი მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ სრულიად სხვა სურათს“.

მაია ცირამუა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც გადარჩენილებს აიძულებს, "ხელახლა დაბრუნდნენ შოვში" - 3 აგვისტოს, იმ დროსა და სივრცეში, სადაც და როდესაც ისინი მეწყერსა და ღვარცოფში მოჰყვნენ: „იძულებულებს ხდიან, ხელახლა გაიხსენონ დეტალები და თავიდან ჩავიდნენ იმ ჯოჯოხეთში“.

სწორედ ამ მდგომარეობაზე მიუთითებს შოვში გადარჩენილი დათო ჯელაძის ფეისბუკპოსტის პირველი წინადადება, რომელიც მან 14 აგვისტოს გამოაქვეყნა და რომლითაც ირაკლი კობახიძეს მიმართა: „მე შემიძლია, ბატონო ირაკლი, ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბროთ“.

ფსიქოლოგი შოვში გადარჩენილების მდგომარეობის აღსაწერად იშველიებს ცნობილ ფრაზას ბრეხტის პიესიდან - „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო“.

„ზუსტად ეს მდგომარეობა აქვს ახლა ამ ადამიანებს, რადგან მათ ფსიქიკაში იმ დრომდე არ დადგება მშვიდობა, სანამ ფსიქიკა ან თვითონ არ გადაამუშავებს ამ ტრავმას, ან სხვა არ დაეხმარება მათ. ადამიანებს ძალიან უჭირთ ასეთი მძიმე ტრავმული გამოცდილებით აწმყოში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილები არიან, სამშვიდობოს არიან, მათ ფსიქიკაში ძალიან რთულად მყარდება მშვიდობა. ძალიან რთულად ერთვებიან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და ნუთუ შეიძლება, რომ ხელისუფლება ამ ხალხს დღეს ასე ექცევა?“

"პოტენციური მოწმეები ზეწოლისგან უნდა დავიცვათ"

ხელისუფლება, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ცდილობენ, რომ შოვის ტრაგედიაზე მიმდინარე გამოძიების საქმეში გამოსაკითხ ადამიანებზე, პოტენციურ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ და ისინი ამ ზეწოლისგან უნდა დავიცვათ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მოწმეებზე ზეწოლით ხელისუფლება ცდილობს, დაიზღვიოს თავი და წინასწარი განცხადებებით შექმნას საზოგადოებაში განწყობა, რომ, ერთი მხრივ, მათ ყველაფერი გააკეთეს როგორც სტიქიის შემდგომ რეაგირების მიმართულებით, ისე საქმის გამოძიების პროცესში:

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

„წარმოვიდგინოთ, რომ მოსამართლემ მანამდე გამოხატოს აზრი ამა თუ იმ საქმეზე, ვიდრე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ კი რას ვხედავთ? სანამ გამოძიებით დადგინდება, რა მოხდა შოვში, უკვე გამოთქვა აზრი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანომ, ვისაც ევალება ამ საქმის გამოძიება. ეს არის ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემა, რადგან, რა თქმა უნდა, წინასწარ მიკერძოებული აზრის გამოთქმა გამორიცხავს ობიექტური გამოძიების ჩატარებას. გარდა ამისა, საქმეს იძიებს ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეაგირებაზე, ანუ იძიებს, რამდენად ადეკვატური იყო სტიქიაზე რეაგირება. ცხადია, ეს უკვე წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში ჩადგა და დაიწყო პოტენციური მოწმეების დისკრედიტაციის პროცესი. მათ შორის კი იმ მაღალჩინოსნების პირით, რომლებიც საგამოძიებო პროცესის მონიტორინგზე არიან პასუხისმგებელნი:

„სწორედ პარლამენტს ევალება გააკონტროლოს, რამდენად სწორად მოიქცა შსს, როგორც გამოძიების ორგანო და როგორც რეაგირების ორგანო. თუმცა რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტიც არღვევს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის სტანდარტს, ისიც თავდაცვაში დგება და სრულიად წარმოუდგენელს ხდის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ეს კომისია ობიექტურ დასკვნას გამოაქვეყნებს“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ბოლო დღეებში ავრცელებენ განცხადებებს შოვის ტრაგედიის შესახებ, კონსტიტუციით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს არღვევენ და უშლიან ხელს მართლმსაჯულებას:

„ჩვენ უნდა დავიცვათ გამოსაკითხი პირები ზეწოლისგან. რომელიმემ რომ თქვას, რომ მე იქ არაფერი დამინახავს ან ჩვენების მიცემა არ მინდა, მაშინ გამოძიება ჩიხში შევა და ჩვენ ვეღარ გავიგებთ, იქ რა მოხდა. ამიტომ, ვალდებულები იყვნენ ეს მაღალჩინოსნები, რომ გაჩუმებულიყვნენ, ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის, განსაკუთრებით, თუკი მათ მომავალში შეიძლება დაეკისროთ ზედამხედველობის მოვალეობა“.

შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, რომლის ინიციატივაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პოლიტიკური სპეკულაცია“ და „ისტერიის შექმნის სურვილი“ უწოდა.

ღვარცოფი რაჭაში, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა, კურორტ შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ რვა ადამიანს ეძებენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

XS
SM
MD
LG