Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰყვებიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც სახლში მკურნალობენ


PCR ტესტირება ბათუმში. 2 სექტემბერი, 2020 წ.
PCR ტესტირება ბათუმში. 2 სექტემბერი, 2020 წ.

კორონავირუსით ინფიცირებული 700-ზე მეტი პაციენტი აჭარაში სახლში მკურნალობს. ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ შეიმუშავა და პრაქტიკაში პირველად ბათუმში გამოიყენა. პროტოკოლის მიხედვით, პაციენტებს, რომელთა კორონავირუსიც მსუბუქად მიმდინარეობს და, ამასთან, იზოლირების შესაძლებლობა აქვთ, მკურნალობის სახლში გაგრძელება შეუძლიათ. სამედიცინო კონტროლი და ექიმის მეთვალყურეობა კი ონლიან რეჟიმში იწარმოებს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე პირველ პაციენტს, რომლებიც კოვიდ-19-ს სახლში მკურნალობენ.

41 წლის პედაგოგი ბათუმიდან

ბევრი სითხე და ჯანსაღი კვება. უფრო მეტად წვნიანი საკვები, ბოსტნეული და ხილი. ხორცი და რძის პროდუქტები აუცილებლად, რომ ორგანიზმმა ძლიერი იმუნიტეტი შეიმუშაოს...

ჩვენი პირველი რესპონდენტი 41 წლის საჯარო სკოლის პედაგოგი ქალია ბათუმიდან. იგი იხსენებს, რომ ისეთი სუსტი სიმპტომები ჰქონდა ( არც ხველა, არც ცემინება), ვერც კი მიხვდა, რომ ავად იყო და ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებდა, რომ არა საჯარო სკოლის თანამშრომლების გეგმიური PCR-ტესტირება. ანალიზმა მოულოდნელად დადებითი პასუხი აჩვენა. თავისივე სურვილით, პედაგოგი სახლში დარჩა მკაცრი საკარანტინო წესის დაცვით.

„კერძო სახლში ვცხოვრობ ქმართან და შვილთან ერთად. ორივემ ტესტი ორჯერ ჩაიტარა მას შემდეგ, რაც მე დამიდასტურდა. ყველა ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით. სველი წერტილები ყველას პირადი გვქონდა. ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით. ჩვენი ახლობლები სახლის კართან გვიდებდნენ საჭმელს“, - გვიამბობს ის.

ოჯახის ექიმისგან რჩევებს პაციენტი ტელეფონით იღებდა. წესის თანამხად, ტემპერატურას დღეში რამდენჯერმე იზომავდა და ცხრილში აღნიშნავდა.

„მე ოჯახის ექიმები მეკონტაქტებოდნენ. ქალბატონი ნიგარი ჭელიძე ძალიან ხშირად მირეკავდა. რამდენჯერმე მოვიდა და ისე მომიკითხა, სახლში არ შემოსულა, დისტანციურად 2-3 მეტრის დაშორებით გვესაუბრა. როცა დარწმუნდა, რომ ისევ უსიმპტომოდ ვიყავი, სატელეფონო ზარებით გააგრძელა რჩევები და მონიტორინგი. ექიმის რჩევით კარანტინის ბოლოს განმეორებითი ტესტი გავიკეთე და ფილტვებზე რენდგენი გადავიღე, როგორც ექიმმა მითხრა, კონტროლისთვისო“.

14 დღის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა განმეორებით ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, ისევ სახლში, იზოლაციაში რჩება. ვირუსის უსიმპტომო მიმდინარეობისას წამალი არ დაულევია. „ბევრი სითხე და ჯანსაღი კვება. უფრო მეტად წვნიანი საკვები, ბოსტნეული და ხილი. ხორცი და რძის პროდუქტები აუცილებლად, რომ ორგანიზმმა ძლიერი იმუნიტეტი შეიმუშაოს. სითხეებს აუცილებელი ყურადღება ეთმობა ამ დროს. დღეში ორი ბოთლი წყალი აუცილებლად უნდა დამელია“, - გვიხსნის ის.

ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო წესით ცხოვრების პირობებში 41 წლის ინფიცირებული მასწავლებელი ყოველღე ონლაინ გაკვეთილებს მაინც ატარებდა, მოსწავლეებმა მისი ავადმყოფობის შესახებ არც მაშინ და არც ახლა არაფერი იციან. ეს მხოლოდ ადმინისტრაციისთვის იყო ცნობილი.

„შინაგანი შფოთვა მაინც მქონდა. ექიმებს ვეკითხებოდი: ანტიბიოტიკი ხომ არ მივიღო, რამე პრეპარატი დამატებით ან გადასხმა გავიკეთო? მაგრამ რადგან უსიმპტომო ვიყავი, ჩათვალეს, რომ იმუნიტეტი ორგანიზმს აქვს და მხოლოდ ჯანსაღი კვებით უნდა გამეძლიერებინა. ყველაზე მთავარი კი იყო იზოლირება“, - ამბობს რესპონდენტი.

ნინო, 28 წლის მედდა

ბინაში ვარ ცალკე, სულ მარტო, მეთერთმეტე დღეა უკვე. ხშირი შეხება მაქვს ეპიდემიოლოგებთან და მეუბნებიან, რომ არანაირ რისკჯგუფს აღარ წარმოვადგენ...

უკვე მეთერთმეტე დღეა, სახლშია იზოლირებული 28 წლის მედდა. როცა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროტოკოლი დაადგინა, რომლითაც კოვიდკარანტინებში მყოფი უსიმპტომო პაციენტების ბინაზე გადასვლა გახდა შესაძლებელი, ნინო სახლში დაბრუნდა. ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტებთან მუშაობდა, როცა მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი დაეწყო. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ანალიზის ჩატარებიდან მალევე ყველა სიმპტომი გაუქრა. „ გადამდები აღარაა ჩემი ორგანიზმი, რადგან სიმპტომები არ მქონია”.

ნინო კიდევ ოთხი დღე იქნება თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც ექთანი სამსახურში, კოვიდკლინიკაში, აპირებს დაბრუნებას. „ყველას აინტერესებს, კორონავირუსი რომ გაქვს, რა ხდება შენს თავს. ჩემს შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული, უსიმპტომო ვიყავი. ჩემი მშობლები არ ელოდნენ. დედა შეშინდა და მაგის გამო ვინერვიულე, თუმცა როგორც კოვიდდადებითმა, არ მინერვიულია. ამაზე რთულად გადამიტანია სხვა დროს ვირუსი რთული ანთებით, რომელსაც კორონა არ ერქვა“, - ამბობს ნინო.

აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ამოქმედებული ახალი პროტოკოლით, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 350-მდე უსიმპტომო პაციენტმა.

სტაციონარში მკურნალობს 447 კოვიდდადებითი.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი.

კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 869 ინფიცირებული მოქალაქე.

XS
SM
MD
LG