Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ლაპარაკობს დეპუტატი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე


“თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში დიდი ენერგეტიკული კრიზისი გველოდება და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი დადგება” - განაცხადა პარლამენტარმა რევაზ არველაძემ 2018 წლის ივლისში. 1992-1993 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი და დღემდე ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ატომური ელექტროსადგურის თემას 2019 წლის მარტში კიდევ ერთხელ მიუბრუნდა.

პარლამენტარმა რევაზ არველაძემ 11 მარტს თქვა, რომ უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით, აშენდეს ჰესები. ეს რეაქცია მოყვა საქსტატის ბოლო მონაცემებს, რომელიც თანახმადაც ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა უცხოური ინვესტიციები.

რევაზ არველაძე
რევაზ არველაძე

​სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვერსია ინვესტიციების კლებასთან დაკავშირებით განსხვავდება რევაზ არველაძის ვერსიისგან. საქსტატი თვლის, რომ უცხოური კაპიტალის კლება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას მოყვა. საქსტატისავე ინფორმაციით, ენერგეტიკაზე მეტი ფულს ინვესტორები საფინანსო და სატრანსპორტო სექტორებში დებენ.

​ეკონომისტი გია ჯანდიერი თვლის, რომ როდესაც ქვეყანაში რომელიმე ერთი სექტორია დომინანტური, მისი შეფერხების შემთხვევაში ეკონომიკა ავტომატურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთი მოცემულობა ნებისმიერი ქვეყნისთვის პრობლემურია და მიზანი არა რომელიმე სფეროში განსაკუთრებული პირობების შექმნა უნდა იყოს, არამედ ეკონომიკის მეტად განვითარება.

მართლაც არსებობს თუ არა ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე?

2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად მეტ აქტუალობას იძენს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხიც.

“ზოგადად, თუ ენერგეტიკის სფეროში არ გვექნება სწორი პოლიტიკა, შეიძლება ისევ გავხდეთ ენერგოიმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა” - თვლის ეკონომისტი გია ჯანდიერი, რომლის შეფასებითაც, ახლა ქვეყანას ინერტულად სწორი პოლიტიკა აქვს რადგან ხელს არ უშლისამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.

გადმოწერა

“ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაცრი მოთხოვნები და ვითხოვდეთ მაგალითად იმას, რომ ვინც აქ ფულის ჩადებას გადაწყვეტს, უნდა იყოს ლონდონის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ჰქონდეს გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, საერთაშორისო ნდობა, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის და ადგილობრივებთან კომუნიკაციის გამოცდილება - ეს იქნება სწორი პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება ხილული, არაპოლიტიკური ფულით შექმნილი კომპანიები.” - ამბობს იგი.

რამდენად საჭირო და რეალურია ატომური ელექტროსადგურის აშენება საქართველოში?

ატომური ელექტროსადგურის საქართველოში აშენების იდეა არსებობდა 2007 წელსაც, როცა ამ მიზნით ტერიტორიაც კი მოინიშნა - შირაქის ველზე. ენერგეტიკის სპეციალისტები იხსენებენ, რომ ამ იდეას კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს და საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ატომური ელექტროსადგურის აშენებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც და თუკი ქვეყანა მოინდომებს, შესაძლებელიც არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რამდენიმე ადამიანის სურვილზე, არამედ ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტზე დაფუძნებული, რომელის მიღების რეკომენდაციაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

ატომური ელექტროსადგურის უარყოფითი მხარეებია ის, რომ მის აშენებას ბევრი დრო სჭირდება, ექსპლუატაციას მრავალი მაღალი კომპეტენციის სპეციალისტი, რომელთა მოძებნაც საქართველოში გაჭირდება.

გარდა ამისა, ბირთვული ელექტროსადგურის მოქმედების ვადა შეზღუდულია და 30-დან მაქსიმუმ 60 წლამდე შეიძლება მისი ფუნქციონირება. ატომური ელექტროსადგურის მუშაობა რადიოაქტიულ ნარჩენებს და მძიმე წყალს წარმოშობს, დახურვის შემდეგ კი რჩება რადიოაქტიული ნაგებობა, რომლის არსებობაც საქართველოში მისი სეისმურობიდან და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსაფრთხოდ რთულია ჩაითვალოს.

“განცხადება იმის შესახებ, რომ ატომური ელექტროსადგური უნდა აშენდეს მომავალში, საკმაოდ არასერიოზულია და სხვა მიზნებს ემსახურება და არა იმას, რომ ვინმე მართლა აპირებს მის აშენებას.” - თვლის ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი.

ატომური ელექტროსადგურის მომხიბვლელობა მის სიმძლავრეშია. მაგალითად საფრანგეთის მიერ მოხმარებული ენერგიის 75% 2016 წლისთვის შეადგენდა ქვეყანაში არსებული 58 ატომური ენერგოსადგურის მიერ წარმოებული ენერგია და მხოლოდ 12%-ს ჰიდროელექტოსადგურებისგან მიღებული. 2035 წლისთვის საფრანგეთი გეგმავს საერთო მოხმარებაში ატომური ელექტროსადგურებისგან მიღებული ენერგიის წილის 50%-მდე შემცირებას.

განახლებადი ენერგიის წარმატებით გამოყენების შემთხვევები კი აჩვენებს, რომ არსებობს ალტერნატივები. მაგალითად გერმანიაში, საერთო ენერგომოხმარების 35 %-ს შეადგენს ქარის სადგურებიდან მიღებული ენერგია.

რა შეიძლება გააკეთონ პარლამენტარებმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის?

“ მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება პარლამენტმა და ამ ძვირფასმა დეპუტატმაც, გაიხსენონ რომ ახალი კონსტიტუციით მათ აქვთ გაზრდილი საზედამხედველო უფლება. გამოიყენოს ეს უფლება, შეიქმნას კომისია და გამოიკვლიოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება. როცა ბატონი არველაძე საუბრობს, რომ მოსახლეობას ვიღაც აქეზებს, სჯობს გამოიკვლიონ რა საკითხებია, რაც იწვევს მოსახლეობის და სხვა ჯგუფების უკმაყოფილებას ჰესების მშენებლობისას.” - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, რომელიც თვლის, რომ მოსახლოებას აქვს მტკიცე საფუძველი, იყოს უკმაყოფილო ჰესების მიმდინარე მშენებლობებით.

“ჰესებთან დაკავშირებული პროტესტი საქართველოს არაერთ რეგიონში არსებობს და პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებს: იგნორირებას უკეთებს ჩვენს კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას, მაგრამ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში ჯერ-ჯერობით ეს გადის.”

“მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის, როდესაც ამბობ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ვიღაც მართავს. ეს ნიშნავს, მათზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს, გგონია, რომ მათ საკუთარი აზრი არ აქვთ, ვერ აცნობიერებენ საკუთარ პრობლემებს. გამოიკვლიონ, რატომ არის მოსახლეობა უკმაყოფილო ჰესების მშენებლობისას? ნახონ, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ჰესების მშენებლობას? შეისწავლონ ენერგეტიკის სფეროში არსებული ინტერესთა კონფლიქტები, ხომ არ ლობირებს ჰესების მშენებლობას ის ხალხი, ვისაც აქვთ ინტერესი ენერგოკომპანიებში და ვნახავთ, რომ ასე არის."

ირაკლი მაჭარაშვილს არაერთი ჰესის მშენებლობა ახსენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის და გარემოს ინტერესი ერთად იყო უგულებელყოფილი. მაგალითად შუახევჰესი, რომელიც ენგურჰესის შემდეგ ყველაზე დიდი ჰესია, ამუშავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩამოინგრა და უკვე წელიწადზე მეტია ერთი კილოვატი ენერგიაც კი არ გამოუმუშავებია, მის ექსპლუატაციაში ხელახლა გაშვებას კი დამატებით მილიონების ინვესტირება ჭირდება.

“ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გეოლოგიურად არ იყო კარგად შესწავლილი, გარემოზე ზემოქმედების დასკვნა არ იყო სრულყოფილი. შედეგად მივიღეთ დაზიანებული ბუნება, დაზარალებული მოსახლეობა, ბუნება და დენი მაინც არ გვაქვს. ეს არის პროექტი, რომელიც დიდად იყო გაპიარებული საქართველოს მთავრობის მიერ, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა გახსნაზე, არ დაუჯეროთ გარემოს დამცველებს, მათ მარტო ყვირილი იცოდნენო. პარადოქსი რა არის იცით? იგივე კომპანიამ მიიღო ნებართვა, ააშენოს კიდევ უფრო დიდი ჰესი, ნამახვანი ჰესი, რაც რა თქმა გვიჩენს კითხვებს, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. “ - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი

XS
SM
MD
LG