“ცუდი ზღაპრები” 2020 წლის პირველი ფილმია, რომლის ნახვასაც გირჩევთ ჩვენს რუბრიკაში. იტალიელი რეჟისორების, ძმები დინოჩენცოების, სურათი ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის “ვერცხლის დათვით” აღინიშნა - პრიზით საუკეთესო სცენარისთვის, თუმცა იტალიური ფილმი ფესტივალის ბოლო დღემდე ბერლინის კინოფორუმზე აკრედიტებული ჟურნალისტების ფავორიტად ითვლებოდა.
წლევანდელი “ბერლინალე” უკანასკნელი დიდი კინოფესტივალია, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე ჩატარდა. 2020 წლის დასრულებამდე დიდი დრო არ დარჩა. როგორც ამბობენ, ერთადერთი კინოფორუმი, რომლის მოწყობას, წესით, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, ვენეციის კინოფესტივალია სექტემბრის დასაწყისში. ანუ ბერლინალეს პროგრამას ვენეციის კინოფორუმის პროგრამა დაემატება. ეს იქნება და ეს 2020 წლის საავტორო კინო - სულ რამდენიმე კარგი ფილმი, რომელთა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ იტალიელი ძმების ეს სურათი. და არაიმიტომ, რომ “ცუდი ზღაპრები” კინოხელოვნების შედევრია, რომელმაც იტალიურ კინოს დიდება უნდა დაუბრუნოს. “ზღაპრები” არაერთ ძველ ფილმს გაგახსენებთ. პირველ რიგში, მიხელ ჰანეკეს “თეთრ ბაფთას”. მაგრამ თუკი “ბაფთაში” თანმიმდევრულად, ნიუანსებშია ნაჩვენები ძალადობრივი სისტემის გავრცელებისა და გაძლიერების პროცესი აღმზრდელობით დაწესებულებაში, იტალიური ფილმის ავტორებმა არა იმდენად სკოლაზე, რამდენადაც უფრო თანამედროვე ოჯახზე გადაიტანეს ყურადღება. სწორედ ოჯახი, ჩვეულებრივი იტალიური ოჯახი, წარმოადგენს აქ ტერორის, ბავშვების ღირსების შელახვის, მათი ჩაგვრის კერას, ძალადობაზე
აგებულ სოციალურ ჯგუფს, რომელიც თითქოს თავის თავში ბადებს ტრაგედიას.
იტალიელ ძმებს ჰანეკეს ოსტატობამდე და სიღრმემდე ბევრი უკლიათ, მაგრამ მე პირადად ერთი რამ უფრო მომწონს “ცუდ ზღაპრებში”, ვიდრე ჰანეკესთან - ავტორების სურვილი გვიჩვენონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არა დისტანციიდან, არა ცივად, როგორც ჰანეკესთან (ეპიგონობაზე თუ ვილაპარაკეთ, არც ჰანეკეც გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალურობით, ყველა სცენაში ბაძავს ინგმარ ბერგმანს), არამედ ისე, როგორც თავად ბავშვები დაინახავდნენ საკუთარ თავს. ფილმში თითქოს კამერაც “გაბავშვებულია”, რათა ავტორები მაქსიმალურად ჩასწვდნენ ბავშვების მდგომარეობას.
“ცუდ ზღაპრებში” ამბავი ვითარდება ერთ-ერთი გმირის, ერთი ბავშვის დღიურების მიხედვით. ვინაიდან გოგონა “ბავშვურად” წერს, თხრობაც წყვეტილია და ზოგჯერ ლოგიკას მოკლებული, საკუთრივ ამბავი კი წარმოდგენილია რიტმის მუდმივი დარღვევებით, ხაზგასმულად ხელოვნური მიზანსცენებით, ზოგჯერ არაბუნებრივი განათებით. აი, ზუსტად ისე, როგორც ბავშვის ნახატებში, სადაც მასშტაბები მუდამ დარღვეულია ბავშვის ინტერესის მიხედვით - ის, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ზომებში გაზრდილია, რაც ნაკლებად მოსწონს ან აინტერესებს, შემცირებული. ასეთი თხრობა ცოტა ართულებს ფილმის აღქმას, მით უმეტეს, რომ სურათი რამდენიმე ბავშვის ცხოვრებას აღწერს, რომის გარეუბანში მცხოვრები ბავშვებისა, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ - მათ არ ჰყავთ კარგი მშობლები!
არსებითად ამ მშობლებს არც არაფერი დაუშავებიათ. უყვართ თავიანთი შვილები ისე, როგორც შეუძლიათ. თითქოს ყურადღებასაც არ აკლებენ და ისე არ იქცევიან, როგორც პრიმიტიულ ფილმებში, სადაც ბავშვები ცდილობენ გული გადაუშალონ მშობლებს, მაგრამ მშობლებს მათთვის არ სცალიათ. ასეთ ბანალობებს “ცუდ ზღარებში” ნაკლებად ნახავთ. მაგრამ ბავშვებს მშობლების ყურადღება არ აკმაყოფილებთ. უფრო
პირიქით, აღიზიანებთ კიდეც ეს ყურადღება. მათ არა ყურადღება, არამედ სიყვარული უნდათ. სიყვარული კი არ არის. “ცუდ ზღაპრებში” საერთოდ არაა სიყვარული.
თანამედროვე კინომ უკვე გაგვახსენა, რომ ასეთ უსიყვარულობას ბავშვების რისხვა მოჰყვება ხოლმე. ანდრეი ზვიაგინცევის “უსიყვარულო” სწორედაც რომ ნიმუშია ადამიანობისგან დაცლილი სამყაროსი, სადაც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გახრწნილია. ზვიაგინცევთან 12 წლის ალიოშამ დასაჯა მშობლები, თანაც ისე, რომ მათ არ მისცა საშუალება ეპასუხათ კითხვისთვის - რა მოუვიდა ბავშვს? თავი მოიკლა თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდა? ბავშვებმა სასტიკი დასჯა იციან, სასტიკი პასუხი ძალადობაზე, რომელსაც მშობლებისგან განიცდიან. და რამდენადაც ზვიაგინცევთან ალიოშას საქციელი, პირველ რიგში, პროტესტია იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ რუსი ბავშვები დღეს, “ცუდი ზღაპრების” ავტორებს ნაკლებად აქვთ პრეტენზია თანამედროვე იტალიური საზოგადოების ანალიზზე. ფილმში ხაზგასმულიც კია, რომ ოჯახები, რომელთა შესახებ გვიამბობენ ავტორები, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, ვისთან ცხოვრობს ბავშვი - ჰყავს დედა და მამა, თუ ნახევრად ობოლია. გარემო იტალიელ ძმებს ნაკლებად აინტერესებთ (მით უმეტეს, რომ გარემო ძირითადად ბავშვის თვალით იხატება). შესაბამისად, ფილმში ბევრი რამ ისეთი ხდება, რაც ახსნილი არაა - ბავშვების საქციელი უცნაურად სწყდება გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მათ ქმედებაში რაღაც კონკრეტული მოტივაცია არ უნდა ეძებოთ. აზრი არა აქვს.
ეს ბოლომდე უთქმელობა, გასაიდუმლოებულზე, ბუნდოვანზე თამაში (“ცუდმა ზღაპრებმა” ბერლინში ბევრს იორგოს ლანთიმოსის ფილმები გაახსენა), ხაზობრივი თხრობის უარყოფა, მუსიკის ენაზე რომ ვთქვათ, დრამატურგიული “სტოკატოები” (პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ბერლინში სამართლიანად გადასცეს იტალიელ ძმებს) მაყურებელსაც საგონებელში აგდებს: რა უნდათ ბავშვებს ჩვენგან? რას გვთხოვენ? რატომ გვირღვევენ კომფორტს? დაბოლოს, რატომ იძიებენ ჩვენზე შურს - თანაც, ასე სასტიკად? “ცუდ ზღაპრებში” ამ კითხვებზე პასუხს ვერ მიაგნებთ. მაგრამ ფილმს თუ ბოლომდე უყურებთ და შემზარავ ფინალს ნახავთ, ამ კითხვებზე პასუხის ძებნას საკუთარ თავში დაიწყებთ.