Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეუბნება ვაშინგტონი "ქართულ ოცნებას"?


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში „ქართული ოცნება“ კრიტიკას საერთოდ ვერ ხედავს და მხოლოდ მხარდაჭერის გამოხატულებად აღიქვამს. ოპონენტები კი დარწმუნებული არიან, რომ ტექსტში სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საჭიროების ხაზგასმა საერთოდ არ იქნებოდა საჭირო, სახელმწიფო დეპარტამენტს ამ მხრივ ყველაფერი რიგზე რომ ეგონოს.

რას ეუბნება შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას“ და რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის კვალდაკვალ? რატომ არის ეს განცხადება განსაკუთრებით საყურადღებო დასავლეთის მკაცრი გზავნილების ფონზე?

რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში?

სახელმწიფო დეპარტამენტის 23 დეკემბრით დათარიღებული განცხადება საქართველოს მხარდამჭერი აქცენტით იწყება - „შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს“. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ:

  • ქებას იმსახურებს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის ბოლოდროინდელი პროგრესი;
  • შეერთებული შტატები მხარს უჭერს საარჩევნო რეფორმის გარშემო მიმდინარე დიალოგს მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის.

ამის შემდეგ კი მოდის მოწოდება კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების გასაგონად.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ - სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“.

ტექსტის ბოლოს ვხვდებით შეერთებული შტატების დაპირებას, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსთან, „რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებას“.

როგორ გაიგო ვაშინგტონის მესიჯები „ქართულმა ოცნებამ“?

ტექსტში კრიტიკული ვერაფერი დაინახა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს მხარდამჭერი განცხადებაა და კრიტიკა არ იგულისხმება.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00

„ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მეგობრობასა და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მაღალ შეფასებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა კობახიძემ 24 დეკემბერს.

შეკითხვების საპასუხოდ, მან ასევე თქვა:

  • „აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა იმისათვის, რომ არანაირად არ იყოს უზრუნველყოფილი პროკურატურისა და სასამართლოს მიკერძოება“;
  • „არ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა და სასამართლო... არც დაჟინებაზეა საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნებზე“;
  • „მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისათვის - ეს არ არის კრიტიკა“.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას შეგნებულად ამახინჯებენ ოპონენტები. თუმცა, როგორც პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, „ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკმაოდ ხაზგასმითაც“.

მისი შეფასებით:

  • ამერიკის შეერთებული შტატები „მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლოს რეფორმაში ხორციელდება“;
  • ამერიკის შეერთებული შტატები „მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ თავისი დაპირისპირებული პოზიციები და საბოლოო შეთანხმების საკითხი“;
  • „ამას როგორი ინტერპრეტაციაც უკეთდება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ, კვლავ სპეკულაცია მოახდინონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა“.

ასეთი შეფასებები არალოგიკურად ეჩვენებათ ოპონენტებს. მათი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებას საერთოდ არ გააკეთებდა და არც სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიზებას ახსენებდა, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველს რომ ვერ ხედავდეს.

როგორ გაიგეს ვაშინგტონის მესიჯები ოპონენტებმა?

„ამ განცხადებიდან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს მოუწევს, გადადგას ნაბიჯები, რომლებითაც დემოკრატიული განვითარების მიმართ თავის ერთგულებას დაადასტურებს. ამის თქმა საჭირო გახდა რატომ? იმიტომ, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა და ეს მოწოდებაც ამან გამოიწვია...

იქვეა ნათქვამი, რომ სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება, პროკურატურა უნდა იყოს პოლიტიზებისგან დაცლილი და კანონის შესაბამისად ახორციელებდეს საქმიანობას“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში არსებული პრობლემებით, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებით.

  • „მე რა ინფორმაციაც მაქვს და რა ანალიზის გაკეთებაც შემიძლია, პირველ რიგში, ეს არის საქმეები, რომლებიც მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკოსების მიმართ“;
  • „რამდენიმე ძალიან აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურის მიმართ მიდის სისხლის სამართლის გამოძიებები... ზოგიერთი არის წლების წინ დაწყებული საქმე“;
  • „როდესაც 10, 11 და 8 წლის წინ დაწყებულ საქმეებს ააქტიურებ, ეს ავტომატურად იწვევს ხოლმე კითხვის ნიშნების გაჩენას“.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, ანუ არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, და ასევე, მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას.

ბევრის მსგავსად, ოთარ კახიძეც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოთქმული მკაცრი შეფასებების გაგრძელებაა. ბოლო პერიოდში მკაცრად კრიტიკულ აქცენტებს სვამდნენ ამერიკული მედიასაშუალებები. მკაცრი შეფასებები გახმაურდა ევროპარლამენტარების მხრიდანაც.

რას არ უშველის ახსნა-განმარტებები?

ბოლო პერიოდში დასავლეთიდან წამოსულ მკაცრ სიგნალებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირითადად ოპონენტების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას მიაწერდა.

ამ ფონზე, ვაშინგტონისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება საპარლამენტო დელეგაციამაც ითავა. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძეც იყო, შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართა.

„გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ვითარდება საქართველოში... ჩვენ მივაწოდეთ ზუსტი, სრული, ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს ამ პროცესებთან დაკავშირებით“, - აცხადებდა კობახიძე.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილს არ უკვირს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული შეფასებები ისევ დაეწია ვაშინგტონიდან ჩამოსულ საქართველოს დელეგაციას. მისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ახსნა-განმარტებებით აზრს ვერავის შეაცვლევინებს, რადგან ვაშინგტონმა მშვენივრად იცის, რა პრობლემებია საქართველოში.

„იქ წასვლა, ახსნა, ბიძინა ივანიშვილის მუქარა - წერილს მივწერ ვაშინგტონსო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შეერთებული შტატების შეურაცხყოფაა... მათთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა საქართველოში მოქმედი ამერიკის საელჩო... კობახიძემ თავისი დემაგოგიით ვინ რაში უნდა დაარწმუნოს?!“, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.

ხუხაშვილის თქმით:

  • „ქართული ოცნების“ მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხით 2020 წლის შემდეგ“;
  • „ხელისუფლება ვერ ხედავს გზას, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული მეთოდებით მიღწევადია ეს მიზანი (ძალაუფლების შენარჩუნება)“;
  • „წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა მან საერთაშორისო სტანდარტიდან გამომდინარე - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმამაღლა დადო პირობა და შემდეგ ყველა გადააგდო“;
  • „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტაქტიკა ძალიან სახიფათო კონფლიქტში შედის დასავლეთთან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ღიად კრიტიკული და კონკრეტული აქცენტების შემცველია პოლიტოლოგ არჩილ გამზარდიასთვისაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს განცხადება დასავლეთიდან, მათ შორის, ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკული სიგნალების ერთგვარი დაგვირგვინებაა.

„ახლა ეს შეფასებები, მე რასაც ვუყურებ, მასობრივიც გახდა და კამპანიური ხასიათისაც გახდა... მაგრამ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი, ინსტიტუციური დამოკიდებულებაა შეცვლილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ... რაც ჩვენ საერთაშორისო დონეზე გვესმის, ტონის კიდევ უფრო გასამკაცრებლად უკვე აღარ რჩება დიდი სივრცე“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისი თქმით:

  • ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და არ დაუშვებს, რომ ხელისუფლების შეცდომების გამო, პასუხი აგოს მთელმა საქართველომ;
  • პარალელურად, ხდება საქართველოს ხელისუფლების სიტყვიერი წახალისება (რეფორმების პროცესის შექება) და შეცდომებზე მითითება იმ იმედით, რომ სამომავლოდ ვითარება გამოსწორდეს;
  • თუმცა კარგად ინფორმირებული დასავლეთის წინაშე ხელისუფლება პრობლემების გადაფარვას ვერანაირი ახსნა-განმარტებებით ვერ მოახერხებს.

ახსნა-განმარტებებისთვის ძალების მობილიზებას უშედეგოდ მიიჩნევს თამარ ჩუგოშვილიც. როგორც ის ამბობს, „ახსნის ნაკლებობა კი არ არის, არამედ არის სწორი გადაწყვეტილებებისა და სწორი ნაბიჯების ნაკლებობა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG