ცხინვალის შრომა-გასწორების კოლონიის არც ერთ პატიმარს შიმშილობის გამოცხადების შესახებ წერილობით არ უცნობებია დაწესებულების ადმინისტრაციისთვის, - განუცხადა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ზალინა ლალიევამ ჟურნალისტებს.
პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გასულ შაბათ-კვირას შეიტყვეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში წელიწად-ნახევრის წინ გატარებული რეფორმის შედეგად, კოლონიაში არსებული პირობები მაქსიმალურად მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის აღსრულების კოდექსს, რითაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ხელმძღვანელობს.
შიმშილობის მიზეზია - ამანათების გადაცემის ნორმების შეცვლაა. თუკი ადრე ყოველდღე, დილიდან ოთხ საათამდე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამანათის შეგზავნა, ახლებური, რუსული ნორმებით, რომელიც ჩვენთანაც გადმოიღეს, ამანათის შეგზავნა ორ თვეში ერთხელ შეიძლება მათთვის, ვინც ციხეშია და თვეში ერთხელ მათთვის, ვინც საგამოძიებო იზოლატორშია...ფატიმა მარგიევა
ლალიევას განცხადებით, რეფორმამდე ყველა კატეგორიის პატიმარი ერთნაირ პირობებში იხდიდა სასჯელს. „თუკი ადრე მსჯავრდებულთა უფლებები ირღვეოდა, ახლა საკნები თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. გაუმჯობესდა პირობები“.
ზალინა ლალიევას განცხადებით, პატიმრების შიმშილობაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ისინი წერილობით მიმართავენ ადმინისტრაციას, რომ უარს ამბობენ საკვებზე:
„მოცემულ შემთხვევაში, ამას ჰქვია შრომა-გასწორების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა“.
დღეს ცხინვალის კოლონიაში 56 პატიმარია - 38 მსჯავრდებული და 18 ეჭვმიტანილი. პატიმრებმა შიმშილობა 27 სექტემბერს გამოაცხადეს. მიზეზებზე მათ დაწერეს პარლამენტის სპიკერ ალან ტადტაევის სახელზე გაგზავნილ წერილში.
პატიმრების პროტესტის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ კოლონიაში არსებული პირობებია, არამედ, მათი სიტყვებით, სასჯელის მოხდის სფეროში რუსეთის კანონმდებლობის ბრმად კოპირება. თუკი ადრე ნათესავებს შეეძლოთ ყოველდღე გადაეცათ პატიმრისთვის საკვები პროდუქტები, ახლა ეს მხოლოდ თვეში ორჯერ არის ნებადართული, ოჯახის წევრებთან პაემნების რაოდენობა კი წელიწადში 8-მდე შეამცირეს.
პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი აქტივისტის ფატიმა მარგიევას საიტიდან გავრცელდა მას შემდეგ, რაც მას პატიმრების ნათესავებმა მიმართეს. ამას მოჰყვა პარლამენტის სპიკერ ალან ტადტაევის საჯარო რეაქცია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტარებმა მიიღეს წერილი პატიმრებისგან და პროფილური კომიტეტი მუშაობს საკითხზე.
ერთ-ერთი პატიმრის დედამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში დაადასტურა ახალი წესების შემოღება ამანათებსა და პაემნებზე საპატიმროებში. მისი სიტყვებით, თუკი ადრე საკვების მიტანა ყოველდღე შეეძლოთ, ახლა ეს მხოლოდ წელიწადში 6-ჯერ არის ნებადართული, ოჯახის წევრებთან პაემნების რაოდენობა კი წელიწადში 8-მდე შემცირდა.
სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი აქტივისტის, ფატიმა მარგიევას სიტყვებით, ახალი წესების შემოღებით აღელვებულმა პატიმრებმა პარლამენტს ჯერ კიდევ „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნამდე - 20 სექტემბრამდე - მიმართეს, თუმცა, კანონმდებლებისგან რეაქცია არ ყოფილა:
„შიმშილობის მიზეზია - ამანათების გადაცემის ნორმების შეცვლაა. თუკი ადრე ყოველდღე, დილიდან ოთხ საათამდე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამანათის შეგზავნა, ახლებური, რუსული ნორმებით, რომელიც ჩვენთანაც გადმოიღეს, ამანათის შეგზავნა ორ თვეში ერთხელ შეიძლება მათთვის, ვინც ციხეშია და თვეში ერთხელ მათთვის, ვინც საგამოძიებო იზოლატორშია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ციხეში არ არის პატიმრების გამოკვების საშუალება, იქ არსებული საკვებით არსებობა შეუძლებელია და პატიმრებს თავი იმით გაჰქონდათ, რომ პატიმრების მშობლები ან ნათესავები ახერხებდნენ რაღაცის მიტანას ყოველდღიურად. ახალი ნორმის ამოქმედების პირობებში ადამიანები შიმშილობენ. მათ გადაწყვიტეს რაღაც სახით პროტესტის გამოხატვა, რომ ადრინდელი ნორმები დააბრუნონ. არ არის იმის გაგება, რომ ჩვენს ციხეში ისედაც მკაცრი პირობებია. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის სხვადასხვა ვადით იხდიან სასჯელს, იქ ერთნაირად მძიმე პირობებში იმყოფებიან, ფაქტობრივად, განსაკუთრებული რეჟიმის ზონაში“.
ფატიმა მარგიევას სიტყვებით, გაუქმდა აუცილებელი სასეირნო სივრცის არარსებობის ერთგვარად საკომპენსაციოდ პატიმრების ცალკეული კატეგორიისთვის არსებული ღია კამერებიც:
„ახლა მათ დახურულ კამერებში კეტავენ. მათ მიმართეს პარლამენტს, სადაც არის საკანონმდებლო კომიტეტი, რომელსაც გარკვეული ზომები უნდა მიეღო და იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოღებულ ახალ წესებში შესწორებები შეეტანა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა. ასევე ბევრჯერ დაისვა საკითხი, რომ საშუალო სიმძიმის და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, რომლებსაც მკაცრი რეჟიმი არ აქვთ მისჯილი, საპატიმროებში ყოფნის ერთი წელი, იქ არსებული პირობების გამო, ორ წლად ჩაეთვალოთ, თუმცა არც ეს გაკეთებულა“.
ცხინვალის შრომა-გასწორების კოლონიის პატიმრებმა ორი წლის წინ, 2018 წლის ივლისშიც გამოაცხადეს შიმშილობა. მაშინ იუსტიციის ახალდანიშნულ მინისტრს მოუწია ჟურნალისტების თანდასწრებით მათთან მოლაპარაკებებზე წასვლა.
თუკი ისინი [იუსტიციის სამინისტრო] ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის აღსრულების კოდექსით, შეგვიძლია ჩვენთვის მიუღებელი ნაწილები შევაჩეროთ, თუკი ისინი ჩვენს პირობებში ვერ იმუშავებს. ანუ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ მოთხოვნების მიხედვით მუშაობა...ზიტა ბესაევა
ორი წლის წინ მსჯავრდებულები მოითხოვდნენ პატიმრობის პირობების გაუმჯობესებას: სასეირნო ზონის გაფართოებას, საკნებში ფანჯრების გაჭრას ან ჭრილის გაფართოებას, აგრეთვე მოითხოვდნენ, რომ არ შემოეღოთ შეზღუდვები ამანათებზე და ოჯახის წევრებთან პაემნებზე. ერთ-ერთმა პატიმრობამისჯილმა, იურისტმა კი ლალიევას ურჩია ბრმად არ გადმოეღო ამ სფეროში რუსეთში მოქმედი კანონები, არამედ შეეტანა თავისი შესწორებები.
ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ ამაყად გამოაცხადა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად გაარემონტეს ადგილობრივი ციხე, 60 კაცზე გათვლილ სასადილოში კი დღეში სამჯერ გასცემდნენ საკვებს, რომლის ღირებულებაც დღეში 60-დან 112 რუბლამდე გაიზარდა. პატიმრების ახალი პროტესტით თუ ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრომ არა მარტო არ შეასრულა თავისი დაპირებები, არამედ შეუდგა სასჯელაღსრულების სისტემის რუსეთის სტანდარტებზე გადაყვანას.
პარლამენტის წევრმა, იურისტმა, ზიტა ბესაევამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ ელოდება სამხრეთ ოსეთის ციხეში დეპუტატების დღევანდელი ვიზიტის შედეგებს:
„თუკი ისინი [იუსტიციის სამინისტრო] ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის აღსრულების კოდექსით, შეგვიძლია ჩვენთვის მიუღებელი ნაწილები შევაჩეროთ, თუკი ისინი ჩვენს პირობებში ვერ იმუშავებს. ანუ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ მოთხოვნების მიხედვით მუშაობა. სხვა საქმეა და მე არ ვიცი, რა კანონქვემდებარე აქტებს იღებენ იუსტიციის სამინისტროები. ეს სანახავია - რამდენად რეალურად შეესაბამება ისინი ჩვენთან არსებულ პირობებსა და რუსეთის მსგავს საკანონმდებლო აქტებს“.
მომზადებულია „ეხო კავკაზას“ მასალების მიხედვით.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.