Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არსად აღარაა ეგეთი ფასი“ - რამ გააძვირა ხახვი რეკორდულად და როდის გაიაფდება?


ხახვი რეკორდულად გაძვირდა. ეს ფოტო 2022 წელსაა გადაღებული - ღიაჩალისფერი ხახვის ფასი 1,15 ლარი იყო.
ხახვი რეკორდულად გაძვირდა. ეს ფოტო 2022 წელსაა გადაღებული - ღიაჩალისფერი ხახვის ფასი 1,15 ლარი იყო.

საქართველოში ხახვი, - ქართული სამზარეულოს არაერთი კერძის აუცილებელი ინგრედიენტი, - ამ გაზაფხულზე რეკორდულად გაძვირდა.

ამჟამად თბილისში, ქსელურ მაღაზიებსა თუ უბნის დახლებზე, ერთი კილოგრამი ხახვის ფასი საშუალოდ 5-დან 7 ლარამდე მერყეობს. ზოგან, რეგიონებში, გაცილებით ძვირიც კია.

„საგარეჯოში 10 ლარი მივეცი“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოფლის მეურნეობის ჯგუფში ფეისბუკზე.

შეიძლება, უფრო იაფადაც გადააწყდეთ - მაგრამ უფრო იშვიათად. „დღეს სამგორში მივეცი 3.5 ლარი“, - წერს ერთ-ერთი მოქალაქე, რაზეც ჯგუფში პასუხობენ: „ეტყობა, გაგიმართლათ. არსად აღარაა ეგეთი ფასი“.

სამეგრელოში, კერძოდ ჩხოროწყუში, კილოგრამის ფასმა 5 ლარს მიაღწია. „ვერ ვხვდები, რა მოხდა. ლარი, ლარ-ნახევარი მახსოვს საშუალო ფასი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხახვი ქართული სამზარეულოს კერძებში ხშირი ინგრედიენტია
ხახვი ქართული სამზარეულოს კერძებში ხშირი ინგრედიენტია

ხახვი ბევრი ადამიანისათვის შეუცვლელი ინგრედიენტია არაერთი, როგორც ტრადიციული ქართული, ისე უცხოური სამზარეულოს კერძის მომზადებისას, - დაწყებული მწვადითა თუ ლობიოთი, გაგრძელებული კიტრისა და პომიდვრის სალათით, კატლეტით, და დასრულებული ბურგერებითა თუ შაურმით, - რომ აღარაფერი ვთქვათ ხახვის შემწვარ რგოლებზე.

რეცეპტების ერთ-ერთ ქართულ, პოპულარულ ვებსაიტზე 2051 კერძი იძებნება, რომლისთვისაც ხახვია საჭირო.

რამ გააძვირა?

„საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხახვის გაძვირების მიზეზად ადგილობრივი პროდუქციის შემცირებას ასახელებს.

ახლა „ძველახლობაა“, - პერიოდი, როდესაც წინა წლის მოსავალი იწურება და ჯერ არც ახალია შემოსული. წინა წლებში, ადრე და შუა გაზაფხულზე, ხახვის ფასი ზოგჯერ ამ მიზეზით იმატებდა ხოლმე. თუმცა ახლანდელი ფასები რეკორდულია.

„წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, - რადგანაც ხახვის ფასი, ჭარბი იმპორტის ფონზე, დაბალი იყო და ძლიერ კონკურენციას უწევდა ადგილობრივ წარმოებას, - ადგილობრივმა ფერმერებმა არ დაგეგმეს ის მოცულობები, რომელიც სჭირდება ჩვენს შიდა ბაზარს. ამ დროს, იმ ქვეყნებმა, საიდანაც შემოგვქონდა ხახვი, შეზღუდვები დააწესეს. აქედან გამომდინარე შეიქმნა დეფიციტი. როდესაც მოთხოვნა იგივე დარჩა, ხოლო ბაზარზე მიწოდება შემცირდა, ბუნებრივია, ფასები მაღლა წავიდა“, - განმარტავს ბეჟიტაშვილი.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში ხახვი ორი მეთოდით მოჰყავთ: თესლის გრუნტში თესვით (ინტენსიური მეთოდით) და ბოლქვების დათესვით (ექსტენსიური მეთოდით). ქვეყანაში ძირითადად თესლით მოყვანაა გავრცელებული, თუმცა დასავლეთ საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ტრადიციულად, ბოლქვით მოჰყავდათ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლიდან საქართველოში ხახვის წარმოება იკლებს - 2020 წელს 11.6 ათასი ტონა იყო, 2021-ში - 8.4 ათასი ტონა, 2022 წელს კი 5.5 ტონამდე შემცირდა.

რეგიონების მიხედვით ჩაშლილი ბოლო მონაცემები 2021 წლიდანაა ხელმისაწვდომი - როდესაც ქვეყანამ 8.4 ათასი ტონა ხახვი აწარმოვა.

ძირითადი მწარმოებელი რეგიონი შიდა ქართლია.

ბეჟიტაშვილის თქმით, მართალია, ამჟამად მოხმარებული ხახვის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წლიურად სრულად 90% იმპორტს მოვიხმართ“ და ეს მაჩვენებელი სეზონურად იცვლება ხოლმე.

ფასებს რაც შეეხება - მისი თქმითვე, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხახვი დაახლოებით სამჯერ იაფია, ვიდრე იმპორტირებული.

იმპორტი

ყოველწლიურად საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხახვი შემოაქვთ.

2021-22 წლებში ძირითადი იმპორტიორები თურქეთი და აზერბაიჯანი იყვნენ.

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობა აშშ დოლარებში სულ ოდნავ არის გაზრდილი - 2.4 მლნ აშშ დოლარიდან 2.7 მლნ აშშ დოლარამდე.

უფრო დეტალიზებული მონაცემები კი უჩვენებს, რომ იმპორტი იანვარ-თებერვალში წინა წლების მსგავსი იყო - 1.3 და 1 მლნ აშშ დოლარი, მარტში კი $350 ათასამდე შემცირდა.

შეცვლილია იმპორტიორი ქვეყნებიც: თუკი 2022 წლის I კვარტალში ხახვი თითქმის მთლიანად თურქეთიდან შემოვიდა, წელს I კვარტალში თურქეთის წილი (და რაოდენობაც) მკვეთრად შემცირდა - 99.8%-დან 12.3%-მდე, რუსეთისა კი ასევე მკვეთრად გაიზარდა - 0-დან 59%-მდე.

თურქეთიდან იმპორტის შემცირება გამოიწვია თურქეთის მთავრობის 2022 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებამ, ხახვის ექსპორტი აეკრძალა (კარტოფილის ექსპორტთან ერთად). იმ დროისთვის თურქეთშიც გაზრდილი იყო ხახვი ფასი - დაახლოებით 300%-ით. ფასების ზრდა თურქეთში გამოიწვია წარმოების გაძვირებამ (გაძვირდა კულტივაციისთვის საჭირო სასუქი და შენახვისათვის საჭირო ელექტროენერგია) და დეფიციტმა.

გარემოება, რომ თურქეთიდან ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა, უჩვენებს, რომ საქართველო, მსგავსი სცენარის კვლავ განვითარების შემთხვევაში, ხახვის იმპორტითაც შეიძლება გახდეს რუსეთზე დამოკიდებული.

„დროებითია“

ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ხახვის ასე გაძვირება „არასწორი გათვლებისა და სხვადასხვა ბაზრის დაკეტვის შედეგია“, თუმცა ეს დროებითია და უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიაფებაა მოსალოდნელი:

„როგორც კი ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ბაზარზე შემოსვლას [ახალი ხახვის შემოტანას], ეს ფასები დასტაბილურდება. უახლოესი ერთი თვის პროგნოზით, ადგილობრივი ხახვი შემოვა ბაზარზე და ჩაანაცვლებს იმპორტირებულს. ფასებიც უნდა წამოვიდეს ქვემოთ“, - გვეუბნება იგი.

დიდი სურათი

საქართველო ხახვის ექსპორტსაც აწარმოებს, თუმცა მინიმალურად - 2021 წელს ექსპორტმა $104 ათასი შეადგინა, 2022 წელს ნახევარი მილიონი დოლარი, წელს პირველ კვარტალში კი $141 ათასი. ხახვი საქართველოდან ძირითადად სომხეთში გადის - სავარაუდოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.

ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც სრულად დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც იფიქროს - „თუკი იქნება შემნახველი მეურნეობები და სწორი დაგეგმარება“.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადგილობრივები თავს იკავებენ ხახვის დიდი რაოდენობით ჭარბად წარმოებისგან, სათავსოების ნაკლებობაა, - თუკი სწრაფად ვერ გაყიდიან, პროდუქცია უფუჭდებათ.

საბურთალოზე, დელისის მეტროსთან, ერთ-ერთ დახლზე ხახვი 5-5.5 ლარი ღირს. 2023 წლის 28 აპრილი
საბურთალოზე, დელისის მეტროსთან, ერთ-ერთ დახლზე ხახვი 5-5.5 ლარი ღირს. 2023 წლის 28 აპრილი

„ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შემნახველი და სასაწყობე მეურნეობების განუვითარებლობაა. მაშინ, როდესაც არის ჭარბმოსავლიანობა, პროდუქტის განთავსება უნდა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით“, - ამბობს ბეჟიტაშვილი და განმარტავს:

„არსებობს ვაკუუმური მაცივრები, რომლითაც თავისუფლად შეიძლება პროდუქციის შენახვა 3 თვეც, 6 თვეც და 1 წელიც. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. და ეს მნიშვნელოვანი საკითხია სასურსათო უსაფრთხოების კუთხით და ადგილობრივი წარმოების დაცვისა და განვითარებისთვის“.

სპეციალისტის თქმით, ასოციაციებმა და სახელმწიფომ „საინფორმაციო მუშაობა უნდა გასწიონ, რათა ფერმერებმა იცოდნენ, რა მოხდა, რა მოლოდინებია, რათა უზრუნველყოფილ იყოს მათი პროდუქციის სტაბილური რეალიზაცია. თუ მათი მოლოდინები იქნება რეალობასთან ახლოს, ასეთი პრობლემები აღარ შეგვექმნება“, - ამბობს ბეჟიტაშვილი.

მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი რისკფაქტორი ის არის, რომ მაღალ ფასებს მოსდევს ხოლმე ჭარბი პროდუქციის წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, - იმ დროს, როცა მოთხოვნა არ იზრდება. ასეთ დროს იმპორტირებული ხახვი იაფდება და დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქტს, - ეს უკანასკნელი აღარ იყიდება, ან იყიდება თვითღირებულებაზე ნაკლებად.

ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობ, რომ „გარკვეულ პერიოდში, როდესაც ჩვენი მოსავალი არის ჭარბი, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის რეალიზაციას და გარკვეული შეზღუდვები უნდა დააწესოს იმპორტზე, რათა ჩვენი პროდუქცია არ დარჩეს გაუყიდავი და ფერმერებს სამომავლოდ არ მოესპოთ მოსავლის მოყვანის სტიმული ისე, როგორც მოხდა შარშან: აღარავინ დათესა ხახვი და ჩვენ დავრჩით თითქმის სრულად იმპორტზე დამოკიდებული, რამაც გამოიწვია ის, რაც დღეს მივიღეთ“.

XS
SM
MD
LG