Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია უკრაინის ტომოსში და რით განსხვავდება ის დანარჩენი 14-სგან?


კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომემ, 5 იანვარს ხელი მოაწერა ტომოსს - დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს.

რა არის ტომოსი?

ტომოსი საეკლესიო დოკუმენტია. თუკი უწინ ტომოსი წარმოადგენდა ბრძანებულებას, რომელიც გამოიცემოდა სხვადასხვა მიზეზით, ბოლო რამდენიმე საუკუნეა, ტომოსი იქცა ამა თუ იმ რეგიონის ეკლესიის დამოუკიდებლობის დეკლარაციად. სწორედ ტომოსზე დაყრდნობით აყალიბებს ახალი ეკლესია თავის წესდებას - საეკლესიო კონსტიტუციას.

მართლმადიდებლობა ამჟამად 15 დამოუკიდებელ ეკლესიას ითვლის. უკრაინის გარეშე მათი რიცხვი 14-ს შეადგენდა. მათი ნაწილი ძველად ჩამოყალიბდა, ნაწილმა კი დამოუკიდებლობა ახლო წარსულში მოიპოვა, ძველი ეკლესიებისგან გამოყოფის გზით.

რით არის განსხვავებული უკრაინის ტომოსი?

უკრაინის ტომოსის უნიკალურობა ის არის, რომ მასში მკაფიოდ არის განსაზღვრული ახალი ეკლესიის საზღვრები. აკრძალულია გაერთიანებების (თემების) არსებობა უკრაინის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, უკრაინელ მორწმუნეთა თემები დიასპორებში (ევროპა, აშშ, კანადა) მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადადის.

  • უკრაინის ტომოსში პირველად გაიწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის როლი უმაღლეს სააპელაციო ინსტანციად სადავო საკითხების გადაწყვეტისას;
  • ტომოსში არის პუნქტები, რომლებიც კრძალავენ ეკლესიის სტატუსის, მისი ხელმძღვანელის ტიტულისა და ეკლესიის წესდების დამოუკიდებლად შეცვლას. ამის გაკეთება მხოლოდ კონსტანტინოპოლთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ერთმანეთისგან განსხვავდება ყველა ტომოსი.

როგორი ტომოსი აქვთ სხვა ქვეყნებს?

ზოგჯერ ტომოსში ეკლესიის ისტორიაა ასახული. მაგალითად, სერბეთის ტომოსში დეტალურად არის აღწერილი სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შექმნის ისტორია. მსგავსი პუნქტი აქვთ ასევე პოლონელებს, ჩეხებსა და სლოვაკებს.

ალბანეთის ეკლესიის ტომოსი, რომელიც 1937 წელს გამოიცა, უნიკალურია იმით, რომ მასში ცალკეა გაწერილი საერო ხელისუფლების დაპირებული გარანტიები მართლმადიდებელ მორწმუნეთა თავისუფლებისა და უფლებების შესახებ. ალბანეთში მართლმადიდებლები უმცირესობას წარმოადგენენ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი ეკლესიის დამოუკიდებლობას, მათ შორის, სწორედ ტომოსში ასახული ამ დაპირების წყალობით მიაღწია.

რუმინეთის ეკლესიის ტომოსში, რომელიც მან 1885 წელს მიიღო, ცალკეა აღნიშნული, რომ ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლს სთხოვა „მისმა უდიდებულესობა რუმინეთის მეფემ და მისმა სამეფო ხელისუფლებამ “.

საბერძნეთში ტომოსი გამოიცა 1850 წელს, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ადგილობრივი სამღვდელოებისა და მორწმუნეთა ოფიციალური თხოვნით. ეს დეტალი ასახულია ტომოსში. საბერძნეთის დოკუმენტი უნიკალურია იმითაც, რომ ის ადგილობრივ სინოდს ანიჭებს მორწმუნეთა განქორწინების რეგისტრაციის უფლებამოსილებას. მანამდე, განქორწინების მსურველებს კონსტანტინოპოლისთვის უნდა მიემართათ.

უკრაინის ტომოსში ნახსენებია ახალი ეკლესიის წინამძღოლი და უკრაინის პრეზიდენტი.

საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიათა დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სპეციალურ საეკლესიო ზეთს (მირონს) ისინი მხოლოდ კონსტანტინოპოლიდან იღებენ. მირონს იყენებენ, მაგალითად, ნათლობისას ან ახალი ეკლესიების კურთხევისას. სხვა ეკლესიებს შეუძლიათ ზეთი თავადაც დაამზადონ. მათ ტომოსებში დათქმა არ არის ჩადებული. უკრაინის ახალი ეკლესია საეკლესიო ზეთს კონსტანტინოპოლიდან მიიღებს.

ტომოსებს აერთიანებს ის, რომ მათში მითითებულია ახალი ეკლესიის დასახელება და მისი წინამძღოლის ტიტული. ტომოსთა უმრავლესობის მიხედვით, უმაღლეს ხელისუფლებად დასახელებულია სინოდი - რამდენიმე ეპისკოპოსისგან შემდგარი კოლეგიალური ორგანო, მინისტრთა კაბინეტის მსგავსი რამ.

ყველა ტომოსში ნათქვამია, რომ ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, მან წერილები უნდა გაუგზავნოს სხვა ეკლესიათა ხელმძღვანელებს - რწმუნებათა სიგელების გადაცემისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მსგავსად.

ყველა ტომოსში აღნიშნულია, რომ ახალშექმნილი ეკლესია და განსაკუთრებით - მისი მეთაური ვალდებულები არიან „წმინდად შეინახონ მართლმადიდებლური სარწმუნოება“.

XS
SM
MD
LG