Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია მოკლული დედა-შვილის საქმის მასალებში - ძალადობა, რომელიც ერთ წელს გრძელდებოდა და ყველა დუმდა


ცოლისა და ცოლის დედის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილი სასამართლო დარბაზში, 24 მაისი
ცოლისა და ცოლის დედის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილი სასამართლო დარბაზში, 24 მაისი

რუსთავში მოკლული დედა-შვილის, 20 წლის მარიამ სოფრომაძისა და 47 წლის ინგა ბეგაშვილის საქმეზე ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს 24 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც.

სანამ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, რუსთავის სასამართლოს მეოთხე დარბაზში ჯერ თავად მოსამართლემ, შემდეგ კი პროკურორმა, მკვლელობის საქმეში არსებული დეტალების შესახებ ისაუბრეს.

ამ დეტალებს ისმენდნენ მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, მარიამ სოფრომაძის და და ინგა ბეგაშვილის შვილი. სხდომას ესწრებოდა მარიამ სოფრომაძის დეიდაც.

მარიამ სოფრომაძისა და ინგა ბეგაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში
მარიამ სოფრომაძისა და ინგა ბეგაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში

რა წერია მკვლელობის საქმეში?

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გიორგი ფირაშვილი ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაქორწინების პირველივე დღეებიდან, სისტემატურად ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.

აი, რა წაიკითხა მოსამართლე მადონა მაისურაძემ სხდომათა დარბაზში:

რუსთავის საქალაქო სასამართლო, 24 მაისი
რუსთავის საქალაქო სასამართლო, 24 მაისი

„მარიამ სოფრომაძეს, როგორც ქალს, სახლიდან გასვლის, ჩაცმის სტილის არჩევის, მშობლების ან ნათესავების ოჯახებში სტუმრობისა და მათთან მობილური ტელეფონით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდა.

2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე არსებულ პერიოდში, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რაც იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას. სისტემატურად უზღუდავდა თავისუფლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას. მათ შორის, მიუღებლად მიიჩნევდა დაშორებისა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების ფაქტს დედის ოჯახში“.

განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი გამოდგა ძალადობის იმ სცენის აღწერა, რომელიც ჯერ მოსამართლემ წაიკითხა, დამატებითი დეტალებით კი პროკურორმა ქეთევან სონიძემ შეავსო.

2024 წლის 20 მარტს, გიორგი ფირაშვილმა მარიამ სოფრომაძეს, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების მიზნით, ყელში ხელების ძლიერი, ხანგრძლივი და არაერთჯერადი მოჭერის შედეგად განახორციელა ძალადობა.

პროკურორი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ ფაქტის შემსწრე იყო ბრალდებული გიორგი ფირაშვილის დედაც:

„ბრალდებულმა სცადა მეუღლის დახრჩობა, რამაც გამოიწვია კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება და სისხლის ღებინება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტს არ ახმაურებდა როგორც ოჯახი, ისე თავად მოკლული“.

ქეთევან სონიძის თქმით, ძალადობის შემდეგ მარიამ სოფრომაძეს სამედიცინო დახმარების მიღება დასჭირდა, თუმცა, ექიმს არ გაუმხილა დაზიანებების რეალური მიზეზი:

„ექიმს უთხრა, რომ არანაირ დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა, რის გამოც, აღნიშნული ინფორმაცია პოლიციის ყურამდე ვერ მივიდა“...

რა იცოდა მოკლული დედა-შვილის ოჯახმა?

ამ დროისათვის, საქმეში მარიამ სოფრომაძის დეიდისა და დეიდაშვილის გამოკითხვის ოქმები დევს. როგორც პროკურორი ამბობს, სწორედ ისინი აღწერენ ძალადობის იმ ფაქტებს, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებული კაცი ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა ცოლის მიმართ.

როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც:

პროკურორი ქეთევან სონიძე
პროკურორი ქეთევან სონიძე

„ეს ფაქტები, მათთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა... საქმე გვაქვს სამწუხარო მოცემულობასთან, როცა საზოგადოება უკუღმართი ტრადიციების გამო უფრთხილდება ოჯახის იმიჯს, რეპუტაციას და არ ატყობინებს სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ“.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამმა ქმრის სახლი ორი თვის წინ, მასზე განხორციელებული მძიმე ფიზიკური ძალადობის შემდეგ დატოვა და დედის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

24 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლო ისე დატოვეს მარიამ სოფრომაძისა და ინგა ბეგაშვილის ოჯახის წევრებმა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჟურნალისტებს ესაუბრა მოკლული ინგა ბეგაშვილის მეზობელი, თეონა კაკიაშვილი, რომელმაც ოჯახის წევრების მსგავსად, იცოდა 20 წლის გოგოს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ:

„ეს ადამიანი იყო მანიპულატორი. ცდილობდა, რომ მისი რეალური სახე არავის დაენახა. მუდმივად ცდილობდა, რომ მარიამს არ ჰქონოდა კომუნიკაცია ნათესავებთან, მეგობრებთან. ვიცი, რომ სახლშიც კი ერიდებოდა ნათესაობა მასთან კომუნიკაციას. ესაა სამწუხარო, რომ როცა ოჯახმა გაიგო, რომ ახრჩობდა, არ შეატყობინეს პოლიციას... არ ვიცი, როცა ოჯახს არ უნდა, ცდილობ, რომ შენც თავი შეიკავო. მე თვითონ ვარ შემსწრე, როგორ აიძულებდა გაეთიშა მარიამს ტელეფონი, როცა თავის დას ელაპარაკებოდა. ნუ ელაპარაკები, ნუ გაქვს კომუნიკაციაო. თვითონ ოჯახთან ჰქონდა პრობლემა, ვინც მარიამის გარშემო იყო. განსაკუთრებით ერჩოდა მარიამის დედას და დას, რადგან ცდილობდნენ, რომ ხელიდან გამოეგლიჯათ მარიამი“.

მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი

გიორგი ფირაშვილმა ცოლი და ცოლის დედა 22 მაისს, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, სახლისკენ მიმავალ გზაზე მოკლა. მათთან ერთად იმყოფებოდა მარიამ სოფრომაძისა და გიორგი ფირაშვილის ექვსი თვის შვილიც.

კაცმა ცოლი და ცოლის დედა სანადირო თოფიდან ხუთი გასროლით დახოცა. გულ-მკერდში მიყენებული ჭრილობების შედეგად, დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა.

დუმბაძის ქუჩა, მკვლელობის ადგილი, 22 მაისი
დუმბაძის ქუჩა, მკვლელობის ადგილი, 22 მაისი

პროკურორის თქმით, მკვლელობის იარაღი გიორგი ფირაშვილის სახელზე 2024 წლის პირველ აპრილსაა რეგისტრირებული. ქეთევან სონიძე ამბობს, რომ ბრალდებულმა დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეშიც მოიყვანა:

„ამ იარაღს ის საკუთარ მანქანაში ინახავდა. ის, რომ ბრალდებულმა დანაშაული წინასწარ დაგეგმილად ჩაიდინა, ამას მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მან ეს იარაღი დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. შეძენილი სანადირო თოფი თავისივე ვაზნებთან და ყუთთან ერთად ედო საკუთარ ავტომობილში. სანადირო თოფი ყუთით არავის დააქვს, თუკი ის სანადირო მიზნებისთვის სჭირდება. ბუნებრივია, მისი შენახვის ადგილი უნდა ყოფილიყო საკუთარი საცხოვრებელი სახლი, თუმცა, ბრალდებული ამას არ აკეთებდა, რადგან მას მომზადებული ჰქონდა იარაღი სწორედ აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად“, - ამბობს პროკურორი.

მკვლელობაში ბრალდებული დუმს

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. 24 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ თავის დაქნევით დაეთანხმა მოსამართლის კითხვას, გასაგები იყო თუ არა მის მიმართ წაყენებული ბრალის არსი.

გიორგი ფირაშვილის ადვოკატი, გიორგი ძოწენიძე ამბობს, რომ ეს არ არის „ჩვეულებრივი დუმილის უფლება“ და ამ სიტყვათწყობას ასე განმარტავს:

„ბრალდებული არის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მომხდარიდან გამომდინარე მართლაც რომ უჭირს ლაპარაკი, აშკარად ჩანდა ეს პროცესზეც. ის იმდენად მძიმე მდგომარეობაშია და განიცდის, რომ არც შეუძლია და არც უნდა ლაპარაკი. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვისაუბრეთ ფაქტთან დაკავშირებით. წინა შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ჩვენ არსებითი და შინაარსობრივი საუბარი, ამ ეტაპზე, არ გვქონია.

დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს გამოწვეული იყო გარკვეული წინაპირობებით“.

რა წინაპირობებზე მიუთითებს ადვოკატი, ამის შესახებ ის ჟურნალისტებთან არ საუბრობს და ამბობს:

„სხდომა დანიშნულია 16 ივლისს, ამ დრომდე წარიმართება გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას. გარდა ამისა, ჩვენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვაძლევს პარალელური გამოძიების წარმართვის შესაძლებლობას. ამიტომ შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მოხდეს გარკვეული გარემოებების დაფიქსირება“.

22 მაისს, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, დღის თორმეტის ნახევრისთვის, მარიამი, ექვსი თვის შვილთან და ქმართან ერთად კლინიკაში, პედიატრთან იყო. კლინიკაში იყო მარიამის დედაც. თუმცა, სხვა ექიმთან ვიზიტზე.

დედა-შვილი გიორგი ფირაშვილმა სწორედ კლინიკის დატოვების შემდეგ, პირველის ნახევრისთვის დახოცა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა:

11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას);

126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა).

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო რვა დღეში მოკლული ოთხი ქალი

23 მაისს, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში მოკლა 58 წლის ქალი, ფატიმა კოდუა, 51 წლის ქმარმა.

კაცმა დაზიანებები ქალს თავის არეში, ბლაგვი საგნით მიაყენა. ფატიმა კოდუას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, თავში მიყენებული ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მოკლული ქალის ქმარი. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დანაშაული, სავარაუდოდ, გენდერული ნიშნითაა ჩადენილი.

2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში შვიდი ქალი მოკლეს. მათგან სამი - ბოლო ორ დღეში.

რაც შეეხება ფემიციდის დანარჩენ შემთხვევებს:

  • 9 იანვრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილში მოკლა ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე.
  • რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.
  • 28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს, 21 წლის ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ინსტაგრამის მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო "მიაჩნდა საკუთრებად".
  • 16 მაისს, გარდაბანში, 23 წლის კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 29 წლის და.
  • "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. ამის გამო, 16 მაისს, ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006

ფორუმი

XS
SM
MD
LG