Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში დაიწვა, თბილისში დარჩა - რა ვიცით ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატებზე?


ხანძარს გადარჩენილი ნახატები სოხუმში.
ხანძარს გადარჩენილი ნახატები სოხუმში.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძე - ევროპაში მცხოვრები აფხაზი მხატვარი, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება საქართველოს დაუტოვა - მისი ნახატები ინახებოდა როგორც თბილისში, ისე სოხუმში.

21 იანვარს ხანძრის შედეგად სოხუმში მთლიანად დაიწვა „ეროვნული სამხატვრო გალერეა“. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა (300-ზე მეტი) ნამუშევარი.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილი იყო.

ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი

მისი მამა – რუსეთის არმიის ოფიცერი კონსტანტინე შერვაშიძე ქართველ თავადაზნაურთა 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა, რის გამოც გადაასახლეს. ალექსანდრე ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში დაიბადა - 1867 წლის 24 დეკემბერს. ალექსანდრე სწავლობდა პარიზში, შემდეგ პეტერბურგში ჩავიდა და რევოლუციამდელ რუსეთში 50-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. 1917 წლისათვის პეტერბურგის თითქმის ყველა საიმპერატორო თეატრის მთავარი დეკორატორი იყო. მისი ნახატები გალერეებში იყო გამოფენილი.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევრები
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევრები

„ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტი წარმომადგნელი“ - ასე უწოდებდა მას სალვადორ დალი. რუსი რეჟისორი და თეატრის თეორეტიკოსი ნიკოლაი ევრეინოვი კი ამბობდა: „თავადი ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ აღმოსავლური რაინდული კეთილშობილების განსახიერება, რაც ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს“.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი

„ალექსანდრე შერვაშიძე მოდერნიზმის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. საფრანგეთში ცხოვრობდა, მეგობრობდა 20-იანი წლების ხელოვანებთან. მონაწილეობდა რუსული თეატრალური სეზონების გაფორმებაში, იყო გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი და ძალიან საინტერესო ადამიანი“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე.

ალექსანდრე შერვაშიძე რუსეთში მცხოვრებ შერვაშიძეებთან და დადიანებთან ახლობლობდა. 1900-იანი წლების დასაწყისში პარიზში მასთან წლობით ცხოვრობდნენ ბათუმელი ნაკაშიძეები.

როდესაც 1918 წელს მისი სოხუმელი ბიძაშვილი, პოეტი გიორგი შერვაშიძე გარდაიცვალა, ალექსანდრე სოხუმში დაბრუნდა და ახლა იქ განაგრძო მოღვაწეობა: თეატრალური კურსები გახსნა; საბავშვო სტუდია დააარსა; ლექციებს კითხულობდა.

ორი წლის შემდეგ, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ალექსანდრე შერვაშიძე იძულებული გახდა, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ფეოდოსიაში გამგზავრებულიყო. 1920 წელს მეუღლესთან – ნ. ბუტკოვსკაიასთან ერთად ევროპაში წავიდა და აღარც დაბრუნებულა.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი

ძირითადად პარიზში ცხოვრობდა, თუმცა სისტემატურად იწვევდნენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდში, მონტე-კარლოში. 1945 წელს მონტე-კარლოში ბალეტი „შოთა რუსთაველი“ დაიდგა და აქაც ფარდა, დეკორაცია და კოსტიუმები ალექსანდრე შერვაშიძემ დაამზადა.

სიცოცხლის ბოლოს მხატვარს ფინანსურად გაუჭირდა. ცხოვრობდა მოხუცთა პანსიონატში. სოხუმში დარჩენილ ქალიშვილს წერდა, მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტას საკუთარ თავზე, როდესაც ჩემი, როგორც დეკორატორის კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩიო.

1958 წელს თავისი მემკვიდრეობა მთლიანად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს აჩუქა - პირადი არქივი და 500-მდე ნამუშევარი, რომელთაც ქართულ-აფხაზურად – შერვაშიძე-ჩაჩბად აწერდა ხელს. ეს ამანათები ჩემი ხელით შევკარიო, წერდა.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი

„მისი სურვილით, გადმოეცა მუზეუმს. ახლა თბილისში მისი გრაფიკული ნამუშევრების უზარმაზარი კოლექცია გვაქვს და ასევე 5 ფერწერული ნამუშევარიც. რაც შეეხება სოხუმის კოლექციას, როგორც ჩანს, რაღაც ნაწილი თავიდანვე იქ იყო, 1963 წელს დამატებით 7 ფერწერული ნამუშევარი გადაეცა თბილისიდან, სამუდამო მფლობელობაში. 1985 წელს სოხუმში დიდი გამოფენა გაიმართა, მაშინ თბილისიდან კიდევ 4 ფერწერული ნამუშევარი წაიღეს, რომლებიც შემდეგ, შექმნილი ვითარების გამო, უკან ვეღარ დაბრუნდა“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.

ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი
ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატი

თბილისში მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 1985 წელს ალექსანდრე შერვაშიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისშიც. ალექსანდრე შერვაშიძე მონაკოს ქალაქ მონტე-კარლოში, 1968 წლის 17 აგვისტოს, 100 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალეს ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი სოხუმში გადააასვენეს.

* ილუსტრაციები აღებულია წიგნიდან „ალექსანდრე შერვაშიძე“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG