„დღეს გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა არჩევნების შედეგები. ბელარუსის პრეზიდენტად აღიარებულია ალიაქსანდრ ლუკაშენკა“, - ნათქვამია ცსკო-ს მოკლე შეტყობინებაში.
კომისიამ უცვლელად დატოვა ძალაში წინასწარი შედეგები. საბოლოო შედეგებით, ხმების 80,1 % ერგო ა. ლუკაშენკას, ხოლო 10,12% - მის მთავარ მეტოქეს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც ლიეტუვაში გამგზავრების შემდეგ, დღემდე დუმდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ლიეტუვაში მყოფმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაავრცელა სპეციალური მიმართვა საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი და ხელისუფლების გადაბარების პროცესი.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა კი მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს გაურბის. იგი 14 აგვისტოს მხოლოდ მუშების გაფიცვებს გამოეხმაურა და კიდევ ის განაცხადა, რომ „ჯერ ცოცხალია“ და არც ქვეყანა დაუტოვებია, როგორც ამას ზოგიერთი ინფორმირებული პირი ავრცელებს.
ლიეტუვაში მყოფმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც აქამდე დუმდა, 14 აგვისტოს ორი მიმართვა გაავრცელა - ერთი ვიდეოს სახით, ხოლო მეორე წერილობით.
ორივე მიმართვა მნიშვნელოვანია, რადგან შეეხება ოპოზიციის უახლოეს გეგმებს და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ბელარუსში ბევრი მიიჩნევს 9 აგვისტოს არჩევნების გამარჯვებულად, ლიეტუვაში წასვლის მიუხედავად, პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
საკოორდინაციო საბჭოს მიზნები
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ბელარუსში კანონიერების აღდგენის გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით, მე, სვიატლანა ციხანოუსკაია, ხელისუფლების გადასაბარებლად გამოვდივარ საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით. ამ საბჭოში შევლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი და პატივსაცემი ბელარუსები და თავისი საქმის პროფესიონალები. ვავალებ ჩემს ნდობით აღჭურვილ პირთ, ოლეგ კოვალევსკისა და ადვოკატ მაქსიმ ზნაკს, მიიღონ ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა გაერთიანებებისგან განაცხადები საბჭოს წევრების კანდიდატების თაობაზე“, - ნათქვამია სვიატლანა ციხანოუსკაიას მიმართვაში, რომელიც „ტელეგრამის“ საშუალებით გამოქვეყნდა.
პარალელურად, სვიატლანა ციხანოუსკაია მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება ბელარუსის ხელისუფლებასთან.
„თხოვნით მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპულ ქვეყნებს, დაგვეხმარონ ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგის ორგანიზებაში“, - აცხადებს ციხანოუსკაია.
ამ მიმართვის პარალელურად, 14 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის დემოკრატიული პარტიებისა და მოძრაობების ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, 9 აგვისტოს არჩევნებში გაიმარჯვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
„ლუკაშენკა არჩევნებში დამარცხდა და ძალაუფლება მიიტაცა ძალით. მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია იერმოშინამ, პასუხისგებაში მიეცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელი შემადგენლობა იმ მასობრივი ფალსიფიცირების ორგანიზებისათვის, რამაც ხელისუფლების უზურპაცია გამოიწვია“, - ნათქვამია ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული პროფკავშირების კონგრესის, მოძრაობა „მომხმარებელთა კავშირისა“ და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ძალადობისა და რეპრესიების შეწყვეტას, არჩევნების შემდეგ და წინასაარჩევნო პროცესში დაპატიმრებული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ბელარუსში სულ უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს.
14 აგვისტოს ქალაქ გროდნოს ადმინისტრაციულ შენობასთან ქვეყნის ერთ-ერთი გიგანტური საწარმოს, „აზოტის“, სულ მცირე, 4 000 მუშა შეიკრიბა.
„წადი“, „სირცხვილია“, „თავისუფალება“, „არჩევნები!“ - სკანდირებდნენ გროდნოს ცენტრში შეკრებილი მუშები, რომლებმაც, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, აიძულეს ქალაქის ადმინისტრაცია, გაეთავისუფლებინა წინა დღეებში სამშვიდობო აქციებში მონაწილეობისათვის დაკავებული ქარხნის მუშები და მათი ახლობლები.
ლუკაშენკა: „მე ჯერ ცოცხალი ვარ“
14 აგვისტოს „სოლიდარობის ჯაჭვის“ აქციას მინსკში შეუერთდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს საარჩევნო კომისიები. ცნობილია, რომ ადგილობრივი და საოლქო სააარჩევნო უბნები ძირითადად დაკომპლექტებულია პედაგოგებით, რომლებზეც ზეწოლას ახდენდნენ სკოლის დირექტორები და საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა.
ასეთი ზეწოლის ფაქტი გახმაურდა ქალაქ ვიტებსკში. სოციალურ მედიაში გაჟონა ფარულმა აუდიოჩანაწერმა, რომელზეც მკაფიოდ ისმის, თუ როგორ აიძულებს ვიტებსკის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი სტაშევსკი, კომისიის წევრებს, ოქმი გადაწერონ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, სასარგებლოდ.
მინსკის ცენტრში 14 აგვისტოს მშვიდობიან აქციაზე შეკრებილი პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ისინი გმობენ ძალადობას და სურთ სამართლიანი არჩევნები.
„2 + 2 = 4. 80 % სიყალბეა“, „შეწყვიტეთ ძალადობა“, „მე მასწავლებელი ვარ და მინდა ამით ვამაყობდე“ - ასეთი იყო მათი ლოზუნგები.
ბელარუსის ხელისუფლება და ოფიციოზი აქამდე უარყოფდა მუშებისა და პედაგოგების გაფიცვების ფაქტს. 14 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კი აღიარა, რომ ადგილი აქვს ქვეყანაში „შრომით კოლექტივებში“ მღელვარების გამოწვევასო, თუმცა ხაზი გაუსვა არა მუშების პროტესტის მიზეზს, არამედ გაფიცვის შესაძლო მძიმე შედეგებს ქვეყნის ეკონომიკისათვის.
„თუ ადამიანს არ სურს მუშაობა, რა ვქნათ, მათრახით ხომ რა დავატანთ ძალას?! მაგრამ ადამიანებს და კოლექტივებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ, მაგალითად, ქარხანა „ბელარუსკალი“ გაიფიცება ორი დღით, ჩვენი კონკურენტი რუსები და კანადელები პირჯვარს გადაიწერენ და ბაზარზე სწრაფად გაიტანენ იმას, რისი გატანაც უნდათ. რაც შეეხება „მტზ“-ს, „მაზს“ და სხვებს, კი, ბატონო, თუ დღეს 10 ტრაქტორს არ გამოუშვებთ და არ მიაწვდით ბაზარს, ხვალ ამ ტექნიკას გერმანელები და ამერიკელები გააკეთებენ. ყველა იბრძვის ამ ბაზრებისთვის და თუ მათ დავკარგავთ, მერე ვეღარასოდეს განვავითარებთ ჩვენს წარმოებას“, - განაცხადა 14 აგვისტოს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს არ გაუკეთებია კომენტარები დემონსტრანტების სასტიკ დარბევაზე, დახოცილ და დაშავებულ ადამიანებზე, ათასობით დაპატიმრებულ აქტივისტსა და ევროკავშირის ქვეყნების მოწოდებაზე, რომ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და დაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები.
„ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა 14 აგვისტოს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად აპირებს, ამ საკითხზე მოითხოვოს სასწრაფო ვიდეოშეხვედრა ევროკავშირის წევრებთან.
ამასობაში 15-16 აგვისტოს ბელარუსში მასობრივ საპროტესტო აქციებს ელოდებიან.
14 აგვისტოს ვიდეომიმართვაში სვიატლანა ციხანოუსკაია მოუწოდებს ბელარუსის ქალაქების მერებს, არ შეუშალონ ხელი მოსახლეობას 15-16 აგვისტოს მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარებაში და თავად გამოვიდნენ ამ აქციების ორგანიზატორებად.
მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც უარი თქვეს „დანაშაულებრივი ბრძანებების“ შესრულებაზე.
„ჩვენ, ვინც ცვლილებებს ვემხრობით, უმრავლესობა ვართ. და ეს დასტურდება საბუთებით, უბნების ოქმების ასლებით. იქ, სადაც ბიულეტენები პატიოსნად დაითვალეს, ჩემი მომხრეების რიცხვი 60-70 პროცენტს აღწევს, ნოვაია ბარავიაში კი 90 პროცენტი იყო. ბელარუსებს არასოდეს მოუნდებათ წინა ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრება, არავის სჯერა მისი წარმატებისა“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ, რომელმაც თავის მომხრეებს მოუწოდა გამართონ მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, როგორიცაა „სოლიდარობის ჯაჭვი“ და, ასევე, გაფიცვები.
ციხანოუსკაიას არც ერთ მიმართვაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკას კომენტარი არ გაუკეთებია.
ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა პარასკევს მხოლოდ იმის ხაზგასმა მიიჩნია საჭიროდ, რომ „ჯერჯერობით ცოცხალია“ და არც საზღვარგარეთ წასულა, როგორც ამას უვრცელებენ.
„ძნელი სათქმელია, თუ რა უნდოდა ამით ეთქვა ლუკაშენკას. მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვას „ჯერჯერობით“. თავისით ის თანამდებობიდან არ გადადგება, მაგრამ შეიძლება ეს მას აიძულოს მისმა გარემოცვამ, განსაკუთრებით, თუ მოსკოვიდან იქნება დავალება“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი.
ოფიციალური მოსკოვი კი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობს, რასაც ვერ ვიტყვით კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაზე, რომელიც ამ დღეებში გამუდმებით პარალელს ავლებს უკრაინის მაიდნის მოვლენებთან.
მაგრამ ყველას გადააჭარბა ინგლისურენოვან ტელეარხ „რაშა თუდეის“ დირექტორმა, სკანდალურად ცნობილმა მარგარიტა სიმონიანმა.
მისმა ორწინადადებიანმა ტვიტმა ააფეთქა საინფორმაციო სივრცე.
„საერთოდაც, დიახ, დროა უკვე, რომ თავაზიანმა ადამიანებმა დაამყარონ წესრიგი, როგორც ეს მათ იციან“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა.
„თავაზიან ადამიანებად“ და „პატარა მწვანე კაცებად“ რუსულ მედიაში მოიხსენიებდნენ იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინეს.