პარლამენტმა ოპოზიციის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა - შეფასებები პარლამენტს გარეთ
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას. ეს იყო საგაზაფხულო სესიის ერთადერთი განსახილველი საკითხი.
პარლამენტის პირველი სხდომა იყო გუშინ „მოქალაქეების“ ორი დეპუტატისთვის, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანისთვის. ეს მესამე პარტიაა, რომელიც პარლამენტში ამ დრომდე შევიდა. გუშინ ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ის და მისი თანაპარტიელი პარლამენტში „თავაწეულები შევიდნენ“.
შევა თუ არა ოპოზიციიდან კიდევ ვინმე საკანონმდებლო ორგანოში? ეს კითხვა ისევ ღია რჩება.
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ გუშინ „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ ნაბიჯის გადადგმა ურჩია და თქვა, რომ ამ მიმართულებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია.
მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავების გადაწყვეტილების კომენტირებისას კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, „ქართულმა ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ოპოზიციისთვის მისაღები კონკრეტული წინადადება, რათა შეთანხმება შედგეს.
სხვა განცხადებები:
- ზაალ უდუმაშვილი: უმრავლესობის გადაწყვეტილება ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის
- ზურა ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“: ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი
- ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას": "ყველაფერი განწირულია ჩასაფუშავად, პარლამენტი ერთპარტიულია, იქ ოპოზიცია არ შემოვა"
- ინაშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე: ყველაფერზე წავა, რომ საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს
- ირმა ნადირაშვილი: ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი
თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის მისთვის პირველ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ უკვე დეპუტატის რანგშიც მზად არის, უპასუხოს მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და უთხრა, რომ შეუძლია, კონსულტაციებისთვის მას დაურეკოს ხოლმე.
ამგვარად, წულუკიანმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა გვარამიას ტელეფონის ნომერი, რასაც მოგვიანებით მის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ გამოსვლის შემდეგ მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.
დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიზანი სწორედ ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გავრცელებით მის მიმართ ნეგატიური კამპანია ხალისდება.
მოსამართლემ ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით, ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შინაპატიმრობაში გაატარა.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე მის მიმართ „ივ როშეს“ საქმეზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე, კვლავ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა მასზე „ნოვიჩოკით“ განხორციელებულ თავდასხმასა და მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაში.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოვა
3 თებერვალს პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშის წარდგენით.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრებიან.
ეს ანგარიში რეგლამენტის ნაწილია. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების დასაწყისში თავმჯდომარე ვალდებულია, წარადგინოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც.
მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროპასთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ითხოვენ
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიჩნევენ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობამ“ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას გზა ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საუბარია იმ ერთობლივ წერილში, რომელიც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ერთობლივი წერილის შინაარსი 2 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასში ხაზგასმულია ასევე ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ
„შეწყდეს არათუ მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი“, - არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო.
EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტის მშენებლობისას მნიშვნელოვანია ორი რამ: შინაარსი და ხალხის ჩართულობა: „შინაარსი, ანუ დასაბუთება, მეცნიერული გათვლა, შეიძლება თუ არა მშენებლობა. რაც შეეხება განხილვის პროცესს, რომელშიც ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვხედავთ, რომ ესეც დარღვეულია“.
უწყობს თუ არა ხელისუფლება მორალურ სასამართლოს ივერი მელაშვილს?
სხვადასხვა აქტორები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, კრემლისტური, ულტრანაციონალისტური აქტორები, ქლიქბაიტ-საიტები რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართებით, ერთდროულად, უმეტესად კოორდინირებულად მონაწილეობდნენ კარტოგრაფების სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად.
ამ დასკვნით კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 1 თებერვალს გამოაქვეყნა. ონლაინ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას პირველი ხილული შედეგიც მალევე მოჰყვა - საჯარო სივრცეში, ტექნიკის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცმა ივერი მელაშვილს სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი ეძახა. ვიდეო მალევე გავრცელდა ხელისუფლების მხარდამჭერების და ულტრანაციონალისტების ჯგუფებში, ახალგაზრდა კაცს, ბაქარ ადამიას მადლობას უხდიდნენ ამ საქციელისთვის. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ უდანაშაულო ადამიანისთვის „მორალური სასამართლოს” მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. შემთხვევიდან მეორე დღეს პარლამენტის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ თქვა, რომ ივერი მელაშვილს სპეციალურად „ატარებენ” ხალხმრავალ ადილებში იმ მიზნით, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და მერე ეს ფაქტები, თუკი სასამართლო გაამტყუნებს, მისი დაცვის მხარემ გამოიყენოს.
როგორ გადაინაცვლა კარტოგრაფების წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ ვირტუალურიდან საჯარო სივრცეში და უწყობს თუ არა მორალურ სასამართლოს ხელისუფლება ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ბრალდებულებს? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
ამას, ცხადია, მარტო ჰოლივუდი არ გვატყუებს - გველის ნაკბენს ამოწოვა სჭირდებაო, მედუზის დასუსხულს კი შარდი შველისო. აი, ცხვირიდან სისხლის შეკავებას კი ლამის ყველა არასწორად ვცდილობთ...