ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო - მიუხედავად აშშ-დან გაფრთხილებებისა, ოპოზიციის მხრიდან ზეწოლისა და სულ უფრო მეტი სახელმწიფოს უარისა, აღიაროს მისი ლეგიტიმურობა - წინააღმდეგია, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩაატარო ან გადადგეს. ის აცხადებს, რომ საიმედოდაა დაცული - ღმერთის, მისი ერთგული არმიისა და, რაც მთავარია, „მოსკოველი მეგობარი ვლადიმირის“ მიერ. ამავე დროს, როგორც დასავლეთში არიან დარწმუნებული, მადურო დაჩქარებული წესით ყიდის ვენესუელაში დარჩენილი სახელმწიფოს კუთვნილი ოქროს მარაგებს.
ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ, რომელმაც ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, 31 იანვარს თქვა, რომ არ გამორიცხავს მისთვის და მისი მომხრეებისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდებას „ნიკოლას მადუროს მიერ ხელისუფლების უზურპაციის შესაწყვეტად“. მაგრამ დასძინა, რომ ჯერჯერობით ცდილობს, არ მიმართოს ამ ზომას და დახმარებას არ სთხოვს აშშ-ს. როგორც ვენესუელის ოპოზიციური გაზეთი „ელ ნასიონალი“ წერს, მოგვიანებით ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ოპოზიციისა და უცხოეთში მისი მომხრეების გეგმები ეფექტიანი იყოს, აუცილებელია ვენესუელის არმიისა და უშიშროების ძალების მხარდაჭერა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დადგნენ კონსტიტუციის მხარეს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვთხოვოთ მათ, მხარი დაუჭირონ სახელმწიფო გადატრიალებას, რაშიც გვადანაშაულებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები,“ თქვა გუაიდომ.
მაგრამ ვენესუელის არმია და სპეცსამსახურები ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად გამოხატავენ ნიკოლას მადუროსა და „ბოლივარიული რევოლუციის“ იდეებისადმი ერთგულებას. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ბევრს მსჯელობენ იმაზე, რომ სამხედროების პოზიციაზეა დამოკიდებული ვენესუელის მომავალი. იმაზე, თუ როგორ იბრძვიან მადურო და გუაიდო მისი გულის მოსაგებად, ქვეყნდება მრავალი კარიკატურა. მაგალითად, ასეთი:
„მე მშვენივრად მიცავენ, მშვენიერი დაზვერვის სამსახური მყავს, უფრო მეტიც, მყავს უფრო მნიშვნელოვანი მფარველი - უფალი, რომელიც ხანგრძლივ სიცოცხლეს მომანიჭებს,“ განაცხადა ნიკოლას მადურომ ახლახან რუსეთის სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მადურომ დასძინა, რომ არანაკლები იმედი აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დახმარებისა, რომელიც მას დაჰპირდა, რომ მოსკოვი და კარაკასი გააგრძელებენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. „ჩვენ მოგვეპოვება უმაღლესი კლასის რუსული სამხედრო ტექნიკა, ვენესუელაში ყოველთვიურად ჩამოდის ყველაზე თანამედროვე რუსული შეიარაღების სისტემები,“ აღნიშნა მადურომ. და იქვე დაამატა, რომ დარწმუნებულია, რომ დიდი ხანია მის მოკვლას აპირებენ აშშ-ისა და მეზობელი კოლუმბიის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ივან დუკე.
1 თებერვალს აშშ-ის მთავრობამ კვლავ მიმართა ნიკოლას მადუროს განცხადებით, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა ოპოზიციაზე ხუან გუაიდოს მეთაურობით, რომელიც ვაშინგტონმა ვენესუელის დროებით ლიდერად აღიარა. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ „ბოლივარიული“ ელიტა მადუროსა და მისი ერთგული გარემოცვით ახლა, სავარაუდოდ, ცდილობს დაიტაცოს სახელმწიფოს ბალანსზე დარჩენილი ფასიანი აქტივები, და გააფრთხილა რუსეთი და მადუროს სხვა მოკავშირე ქვეყნები, რომ თავი შეიკავონ ვენესუელის ნავთობისა და ოქროს თაობაზე გარიგებებში მონაწილეობისგან.
მადუროს ერთ-ერთმა ყველაზე დაუძინებელმა კრიტიკოსმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, ტვიტერში დაწერა, რომ, მისი მონაცემებით, ვენესუელის ოქროს ნაწილს ახლა ყიდულობს საფინანსო ჯგუფი Noor Capital-ი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. რუბიოს თანახმად, ნებისმიერი ავიაკომპანია და ნებისმიერი მყიდველი მიდის რისკზე, რომ იქცეს აშშ-ის მკაცრი სანქციების სამიზნედ.
მანამდე „ნოვაია გაზეტა“, როიტერსი და ბლუმბერგი ერთდროულად იტყობინებოდნენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვენესუელის ოქროს გადასაზიდად გამოიყენებოდა რუსეთის მცირე ავიაკომპანია E-Cargo-ს თვითმფრინავი. კომპანიის კუთვნილი ერთადერთი Boeing 757 29 იანვარს გამოფრინდა მოსკოვიდან და 30 იანვარს ჩაფრინდა კარაკასში. გზად ის დუბაიში შეჩერდა. როგორც ვარაუდობენ, ამ თვითმფრინავმა ვენესუელის კუთვნილი ოქრო ჩაიტანა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი ეს ოქრო დოლარებზე გადაიცვალა. „ნოვაია გაზეტას“ თანახმად, მიმდინარე წლის იანვრისთვის რუსეთში ინახებოდა 30-მდე ტონა ვენესუელის ოქრო, რომლის საბაზრო ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა კატეგორიულად უარყოფს ამას.
გაზეთის ცნობით, იანვარში სატვირთო თვითმფრინავმა Boeing 757 E-Cargo-მ უკვე ორჯერ შეასრულა რეისი მოსკოვსა და კარაკასს შორის, გზაში დუბაიში შეჩერებით. ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაზეთის ინფორმატორები იტყობინებიან, რომ რუსეთის თვითმფრინავს აეროპორტში დახვდნენ ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ინკასატორები. როიტერსი წერს, რომ მადურო და მისი მომხრეები ცდილობენ, მოასწრონ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკულ ვალუტაში გადასაცვლელად გაგზავნონ მთლიანობაში 15 ტონა ოქრო, რომლიდანაც 3 ტონა დეკემბერში უკვე მოხვდა დუბაიში თურქეთის გავლით. ამასთან, ვენესუელის ოპოზიციური ეროვნული ასამბლეა დარწმუნებულია, რომ რადიკალი სოციალისტების (ჩავისტების) მიერ კონტროლირებული ცენტრალური ბანკი მზად იყო მარტო რუსეთში გაეგზავნა 20 ტონა ოქრო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა.
მადუროს მთავრობისთვის ოქროს გაყიდვა ახლა ერთადერთი დარჩენილი საშუალებაა საიმისოდ, რომ სერიოზულად შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი. აქამდე ქვეყანაში უცხოური ვალუტის შესვლის წყაროებიდან 95 პროცენტი მოდიოდა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ზე, რომელიც 29 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში შეიტანა. მალე ამ კომპანიისგან ვენესუელის ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს ევროპელმა მოვაჭრეებმაც, რომლებსაც მეორადი სანქციების ეშინიათ. როგორც ანგარიშობენ, მადუროს მთავრობამ ამის შედეგად დაკარგა 11 მილიარდი დოლარი იმ 7 მილიარდი დოლარის შემდეგ, რაც ამერიკულ ანგარიშებზეა გაყინული.
იმავე დღეს, 29 იანვარს, აშშ-მა ხუან გუაიდოს და ოპოზიციას გადასცა კონტროლი ამერიკულ ანგარიშებზე შენახულ ვენესუელის აქტივებზე. ვენესუელის ოქროს მარაგის ნაწილი ინახება ასევე ინგლისის ბანკში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის მხარემაც შეუწყვიტა მასზე წვდომა მადუროს მოხელეებს. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელიც ამ აქტივებზე წვდომის მოპოვებასაც გეგმავს, უკვე მიმართა შესაბამისი მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის.
31 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, რომელსაც ნიკოლას მადუროს გადაყენების გეგმის ერთ-ერთ თანაავტორად მიიჩნევენ, ურჩია მას, ისარგებლოს შესაძლო ამნისტიით და ქვეყანა დატოვოს. ამის შესახებ ბოლტონმა ტვიტერში დაწერა. მან მადუროს უსურვა გადადგომის შემდეგ „მშვიდი ცხოვრება კარგ პლაჟზე, ვენესუელიდან შორს.“
ადრე ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შეიძლება ამნისტია გამოუცხადოს მადუროს და მის თანამოაზრეებს. პასუხად ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ, რომლის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს და მის მმართველ ვენესუელის ერთიან სოციალისტურ პარტიას, დაბლოკა თავად ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიში და მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მაგრამ ამასთან რატომღაც შეუნარჩუნა დეპუტატის იმუნიტეტი კანონის წინაშე. ვენესუელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გუაიდოს წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ ტვიტერში დაწერა.
ვენესუელის უზენაესი სასამართლო მოქმედებდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღო ქვეყნის გენერალური პროკურატურის თავმჯდომარის, ტარეკ ვილიამ სააბისგან, რომელმაც გამოძიება დაიწყო ხუან გუაიდოს წინააღმდეგ. ოპოზიციის ლიდერს ის ბრალად სდებს მასობრივი არეულობების პროვოცირებაში, რასაც 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
1 თებერვალს ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მთავრობას მის ოჯახზე ზეწოლაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მის სახლში პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის თანამშრომლები მივიდნენ და მის ცოლს ესაუბრნენ.
კარაკასის უნივერსიტეტში გამოსვლისას გუაიდომ განაცხადა, რომ პოლიციის მისვლის დროს ბინაში იმყოფებოდა მისი წლინახევრის ქალიშვილი. პოლიტიკოსის თქმით, ის ხელისუფლებას ჩათვლის პასუხისმგებლად ყველაფრისთვის, რაც მოუვა მის შვილს.
თავის მხრივ, ვენესუელის პოლიცია უარყოფს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ვიზიტს გუაიდოს სახლში.
1 თებერვალს ფეისბუკმა და ტვიტერმა გამოაცხადეს ასობით ანგარიშის გაუქმების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, კავშირშია მოსკოვის, კარაკასისა და თეირანის აგრესიულ კამპანიებთან. კერძოდ, ტვიტერმა განაცხადა, რომ დააფიქსირა ვენესუელაში „უცხოური ჩარევის“ მცდელობები და გააუქმა 1960 ანგარიში. 764 თითქოს ვენესუელური ანგარიში ეჭვმიტანილია უცხოური სახელმწიფოს ინტერესებისთვის მოქმედებაში, ვინაიდან მათი ქცევა ჩამოჰგავს რუსული „ტროლების ფაბრიკის“ თანამშრომლების მუშაობას.