Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინელები გაიმარჯვებენ“, „პუტინი მარცხდება“, „თავისუფლება არ არის უფასო!“ - საერთაშორისო განცხადებები ომის წლისთავზე


უკრაინელი სამხედროები წვრთნებზე დიდ ბრიტანეთში. ფოტო გადაღებულია 2023 წლის 22 თებერვალს, ბრიტანეთის არმიის სამხედრო ბაზაზე.
უკრაინელი სამხედროები წვრთნებზე დიდ ბრიტანეთში. ფოტო გადაღებულია 2023 წლის 22 თებერვალს, ბრიტანეთის არმიის სამხედრო ბაზაზე.

2023 წლის 24 თებერვალი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ევროპის სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავისთვის, ბოლო დღეებში, უკრაინამ მრავალი ოფიციალური სტუმარი მიიღო; სხვები მამაც უკრაინელ ხალხს საკუთარი ქვეყნებიდან ამხნევებენ.

სამშობლოსთვის გმირული ბრძოლის პატივსაცემად, უკრაინელების გასამხნევებლად, დასავლელმა ლიდერებმა, ევროპული ქვეყნებიდან თუ ამერიკიდან, 24 თებერვალს არაერთი ტექსტური თუ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს, ჰეშთეგით - #SlavaUkraini. კიევს პარტნიორები ეხმარებიან და ჰპირდებიან, რომ ასე გააგრძელებენ ბოლომდე.

რადიო თავისუფლებამ დასავლეთის ლიდერთა განცხადებებს მოუყარა თავი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინელები „უდავოდ გაიმარჯვებენ“ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ. „თავისუფლება არ არის უფასო. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღიურად“, - თქვა მან.

„დღეს მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის. სასოწარკვეთილების პირქუში წლისა და ნგრევის მიუხედავად, მათი გამბედაობა და სიმამაცე, უდავოდ იზეიმებს“, - ამბობს სტოლტენბერგი.

„გისურვებთ სიმტკიცეს. გისურვებთ სიმამაცეს. გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ გამარჯვებას“, - ესეც იენს სტოლტენბერგის სიტყვებია, ასევე 24 თებერვალს გავრცელებული საგანგებო ვიდეომიმართვიდან. ის ამბობს, რომ უკრაინელების ბრძოლამ მთელი მსოფლიო შთააგონა.

აშშ-მა, 24 თებერვალს, სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტიც გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ეს სანქციები შეეხება საბანკო სექტორს, სამთომომპოვებელ მრეწველობას, სამხედრო მრეწველობას და მოიცავს 200-ზე მეტ ფიზიკურსა და იურიდიულ პირს, როგორც რუსეთიდან, ასევე მთელი ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან - „რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას“.

„უკრაინა ისევ დამოუკიდებელი და თავისუფალია... უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს თავიანთი მიწა, ხერსონიდან ხარკოვამდე... ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი შარშან იკავებდა, კვლავ ამაყად ფრიალებს უკრაინის დროშა“, - წერს ტვიტერზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ომის წლისთავისადმი მიძღვნილ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტი 20 თებერვალს სტუმრობდა კიევს.

თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, 24 თებერვალს, ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება და მხარდაჭერა რუსეთის ჯარების მოგერიებისთვის ბრძოლაში „ურყევი“ დარჩება. ლოიდის თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებულმა და ყოვლად გაუმართლებელმა სასტიკმა ომმა უკრაინაში - „შეიწირა ათასობით უდანაშაულო უკრაინელი, კიდევ მილიონობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, უამრავი უკრაინელი დატოვა დაჭრილი ან ტრავმირებული და ტრაგედია და ტერორი მოუტანა სუვერენულ, გაეროს წევრ სახელმწიფოს“.

„რუსეთის სასტიკი აგრესიის ერთი წელი. უკრაინის გმირული წინააღმდეგობის ერთი წელი. ევროპული სოლიდარობის ერთი წელი. წინ ჩვენ საერთო მომავალი გველოდება. თქვენ იბრძვით მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის და საკუთარი ადგილისთვის ევროკავშირში... თქვენთან ვართ იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „ვერცერთი თავისი სტრატეგიული მიზნის მიღწევა ვერ შეძლო“ და „რუკიდან უკრაინის გაქრობის ნაცვლად“, ის შეეჯახა ერს „უფრო ენერგიულს, ვიდრე ოდესმე“.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას იმდენ ხანს, რაც საჭირო იქნება. მშვიდობისთვის. თავისუფლებისთვის. სამართლიანობისთვის“, - ამ სიტყვებს, 24 თებერვალს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აქვეყნებს.

ომის წლისთავს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ც. მან დაგმო რუსეთის „არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი თავდასხმა“ უკრაინაზე და თქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში „მსოფლიო შეძრწუნებული ადევნებდა თვალს მთელ ამ არასაჭირო ტანჯვას“.

„დღეს სწორედ პოლონეთიდან, სოლიდარობის ქვეყნიდან ისმის მოწოდება მთელი თავისუფალი სამყაროს მიმართ: არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე! სოლიდარობა უკრაინას!“, - უკრაინის მიმართ მეტი სოლიდარობისკენ თავისუფალ მსოფლიოს პოლონეთის პრეზიდენტი მოუწოდებს. 24 თებერვალს, ანჯეი დუდამ სპეციალური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ „პუტინი მარცხდება!“, „მდგრადი მშვიდობისთვის უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს!“ და, რომ პოლონეთსა და უკრაინას თავისუფლების წყურვილი ამოძრავებთ.

„არ არსებობს თვისუფლება სოლიდარობის გარეშე!“, - ამბობს პრეზიდენტი დუდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი კი, 24 თებერვალს, კიევში ჩავიდა, „შემდგომ სამხედრო დახმარებასთან“ დაკავშირებული „მკაფიო და ხელშესახები“ სიგნალების ჩასატანად. გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთმა უკრაინას, დაპირებული რაოდენობიდან, სიმბოლურად, ოთხი ერთეული Leopard 2-ის ტიპის ტანკი გადასცა.

პოლონეთს ამჟამად 1.5 მილიონი უკრაინელი ჰყავს შეფარებული და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით.

უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავს ტვიტერით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

„უკრაინელებო, საფრანგეთი თქვენ გვერდით დგას. სოლიდარობისთვის, გამარჯვებისთვის და მშვიდობისთვის“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

„თავისუფალი სამყარო [უკრაინელების წინაშე] ვალშია“, - ეს უკვე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონის სიტყვებია.

მელონი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა უკრაინაში და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა.

„უკრაინა მარტო არ არის და არ დარჩება მარტო, რადგან ის იცავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებს, რამაც წარმოშვა ევროპული იდენტობა“, - ამბობს იტალიის ულტრამემარჯვენე ლიდერი.

„365 დღე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ; 365 დღე უდანაშაულო უკრაინელების უსაფუძვლო ტანჯვისა; 365 დღე მამაცი წინააღმდეგობისა; 365 დღე უკრაინის მხარეს დგომისა. გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა სამართალმა იზეიმოს. დიდება უკრაინას!“, - ვიდეოს ასეთი ტექსტით აქვეყნებს ტვიტერზე სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა.

„ჩვენ გვჯერა უკრაინის მომავლის ისევე, როგორც თქვენ გჯერათ საკუთარი თავის“, - ამბობს ის ვიდეომიმართვის ტექსტში და რუსეთის აგრესიას „არაადამიანურს“ უწოდებს.

ომის წლისთავზე მსოფლიოს სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს ჩინეთი.

პეკინმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ომის „პოლიტიკურ რეგულირებას“ ისახავს მიზნად. მანამდე, ჩინეთმა უარყო დასავლეთის ბრალდება რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების სავარაუდო განზრახვასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომლის ხელისუფლების განცხადებებიც ხშირად შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს. ამჯერად ორბანი წერს, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მას მაინც უნდა დაუთმონ, ბირთვული საფრთხის გამო.

„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან მთელი დასავლური სამყარო უკრაინას უჭერს მხარს. ამავე დროს, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ბირთვული სახელმწიფოს კუთხეში მომწყვდევა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, - ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ორბანმა იანვარში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ მისცემს თავს უფლებას, ეს ომი წააგოს, რადგან 2024 წელს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და პუტინიც მონაწილეობსო. თუმცა შარშან, წლის მიწურულს, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

განახლებადი

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG