Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მტკივა თქვენ მაგივრად" - პრემიერი ელჩებს დავალებას აძლევს, პრეზიდენტი მათ პრინციპულობისკენ მოუწოდებს


პრემიერ-მინისტრის ელჩებთან შეხვედრა ბერლინში - 20 ივნისი, 2024 წელი
პრემიერ-მინისტრის ელჩებთან შეხვედრა ბერლინში - 20 ივნისი, 2024 წელი

„გაძლიერდეს ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“ - საქართველოს ელჩებმა მითითებები პირადად პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს, 20 ივნისს, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე. ხოლო მეორე დღეს, ბერლინშივე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულმა წვეულებამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

„თქვენთვის არჩევანის დრო დადგა“, - მიმართავს ელჩებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უხსნის, რომ ბერლინში შეხვედრებზე მათ ტყუილები მოისმინეს. ყოფილი ელჩები კი რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ დიპლომატებს მთავრობა მარცხისთვის განწირულ დავალებებს აძლევს.

რა დაევალათ ელჩებს?

ევროინტეგრაციის გზაზე ირაკლი კობახიძე მხოლოდ „გარკვეულ სირთულეებს“ ხედავს და თანმიმდევრული წინსვლის იმედიც აქვს, თუმცა განმარტავს, რომ „ბევრი ნიუანსის“ გამო, ელჩებთან „მოსაზრებების გაცვლის“ საჭიროება გაჩნდა.

„გვქონდა საინტერესო დისკუსია ჩემთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე“, - ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილიც დაასახელა: - „ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება“.

ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ გეგმავს, „აგენტების კანონის“ მიღებას კვლავ ამართლებს და პარტნიორებისგან პრაგმატულ „შემხვედრ ნაბიჯებს“ მოელის.

ყოფილი დიპლომატების ვარაუდით, ელჩებს დავალება მისცეს - საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კურსი არ შეუცვლია.

„შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. ამბასადორიალში მონაწილეობდნენ ასევე - ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები.

საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას პრემიერ-მინისტრი არა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილ ელჩებს - კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს აბრალებს. „ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში“, „იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები და სირთულეები“, - ამბობს კობახიძე.

ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანების გეგმა ირაკლი კობახიძემ 21 ივნისსაც გაიმეორა, ბერლინში, სასტუმრო „ადლონში“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას.

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს მოხდება ძალიან მალე“, - ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე და „სტრატეგიული მოთმინებით“ ქვეყანა გამთლიანდება.

საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლევან იზორიამ „ეროვნული გამარჯვება“ უწოდა საქართველოს ნაკრების მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, რაც, მისი თქმით, სიმბოლურად უკავშირდება „ერის ისტორიულ არჩევანს - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.

ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „თითოეული ჩვენგანისთვის რეალურ პერსპექტივად იქცა“ და მადლობას უხდის გერმანიას მხარდაჭერისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„უთხარი არა "ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში. არა რუსულ რეჟიმს“, - ამ სლოგანით შეიკრიბა საპროტესტო აქცია ბერლინში 21 ივნისს, სასტუმრო „ადლონთან“, სადაც საქართველოს მთავრობა, ელჩებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებას მართავდა.

„ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის "ქართულ ოცნებას", რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა „იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ“.

ბერლინში, სამთავრობო შეხვედრებზე, საჯაროდ არ ულაპარაკიათ „აგენტების კანონის“ შემდეგ შექმნილ რეალობაზე - როცა ევროინტეგრაცია გაიყინა; ხოლო მომავალ კვირაში, ევროკავშირის მინისტრებმა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ დაგეგმილი ზომები უნდა განიხილონ.

წინასწარი ინფორმაციით, განიხილება: პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრა 24 ივნისს არის დანიშნული.

აშშ-მა უკვე დაუწესა სავიზო შეზღუდვები, მათ შორის - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს; ხოლო საკანონმდებლო ორგანოში სანქციებთან დაკავშირებული ორი პროექტია შესული.

„ამ კანონის ["აგენტების კანონი"] მიღებამ უარყოფითად იმოქმედა და, როგორც ვხედავ, გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს 19 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. შეჩერების საფრთხეზე ბრიუსელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან თბილისს თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ.

„ისმენთ ტყუილებს“ - პრეზიდენტი ელჩებს

„ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს, თუ როდის, არ ვიცი, მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას“, - მიმართა ელჩებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ვიდეომიმართვაში განმარტა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ ესმით „ქართული ოცნების“ ოპტიმისტური განწყობა - „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, მაშინ, როცა „იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს“, „არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე“.

„მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე“, - მიმართავს პრეზიდენტი ელჩებს და ბოლოს დასძენს, რომ მათთვის „არჩევნის დრო უკვე დადგა“.

„შეუსრულებელი მისია“

„ახლა არის მცდელობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართველი დიპლომატებიც ჩაითრიონ პროპაგანდაში და გააგრძელონ ევროპული ქვეყნების მოტყუება - რომ თითქოს საქართველო, "ქართული ოცნების" მიერ დღეს შექმნილი რეალობის მიუხედავად, ისევ აგრძელებს მოძრაობას დასავლეთისკენ“, - გვეუბნება საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძე.

მისთვის ელჩებისთვის „შეუსრულებელი მისიაა“ ევროპელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი ძველებურად კარგად არის.

„დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენს ელჩს ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ამ კანონმა ["აგენტების კანონმა"] საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და რამდენად აბსურდულია, რომ საქართველო შესაძლოა - ისევ მოძრაობდეს იგივე ტრაექტორიით, რაც იყო აქამდე...

"ქართული ოცნება" აგრძელებს ევროპის მოტყუების მცდელობას, მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ ქართველი დიპლომატები, რომლებსაც ზუსტად ესმით ყველაფერი, თანხმდებიან ამ ფარსში, ამ ტყუილში მონაწილეობაზე“, - ამბობს გიგი გიგიაძე.

დიპლომატი გვიხსნის, რომ ელჩს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში და მთავრობის პოზიციაც აუხსნას საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ „საქართველოს მთავრობის იაფფასიანი დეზინფორმაციის“ გადაცემისთვის ისინი „საკადრის პასუხს მიიღებენ“, რადგან „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

„მე რომ ახლა ვყოფილიყავი რომელიმე ქვეყანაში ელჩი, ვერანაირად ვერ დავიცავდი ამ [ხელისუფლების] პოზიციას და ვერაფერს ვერ ავუხსნიდი [ადგილსამყოფელ ქვეყანას]. ეს კანონი არ არის მხოლოდ შეტევა არასამთავრობო სექტორზე; ეს არის შეტევა ფუნდამენტურ დემოკრატიულ ფასეულობებზე... ამიტომ აქ ვერცერთი არგუმენტი ვერ გაჭრის“, - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, რომ ელჩების ხვედრი ახლა მძიმეა, მაგრამ „უფრო მძიმე იქნება საქართველოს მოქალაქეების ხვედრი, თუკი არჩევნების გზით არაფერი შეიცვლება“.

ვალერი ჩეჩელაშვილს ხელისუფლების ფუჭი იმედიც აკვირვებს.

„თუკი კობახიძესა და პაპუაშვილს თვითონ არ შეუძლიათ ამ სიტუაციების ახსნა [პარტნიორი ქვეყნების] უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, როგორ შეიძლება იმის იმედად დარჩნენ, რომ ელჩები რაღაცას გააკეთებენ... აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, რადგან ფუნდამენტურად მცდარ პოზიციების გამართლებას ვერავინ შეძლებს“, - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.

საქართველოს აწ უკვე ყოფილი ელჩი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც პოსტი დატოვა „აგენტების კანონის“ გამო, დასავლეთთან თბილისის დაპირისპირების ფონზე.

„ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის ["აგენტების კანონი"] გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას“, ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - დაწერა 30-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატმა ფეისბუკზე 9 მაისს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მაშინ თქვა, რომ გოჩა ჯავახიშვილმა, „ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა“ და ასევე - „თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“.

24 მაისს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში, საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ურჩია ყველას - არ იჩქარონ მისთვის მოღალატის იარლიყის მიწებება, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა.

„ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან, ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე, - დაწერა გოჩა ჯავახიშვილმა ფეისბუკზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG