Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედრო ალმოდოვარის 5 დავიწყებული ფილმი


ალმოდოვარის კვირა გვაქვს. 25 სექტემბერს 70 წლის გახდა.

ალმოდოვარის წელი გვაქვს. კანის ფესტივალზე ტრიუმფით უჩვენეს პედროს ახალი ფილმი “ტკივილი და დიდება”, ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” გადასცეს კინოში გაწეული ღვაწლისთვის. ალმოდოვარი არ მოკვდება-მეთქი, წელს ხომ გითხარით.

ახალგაზრდულად გამოიყურება, სხვათა შორის. გარეგნობას ყურადღებას არ მივაქცევდი, თვითონ რომ არ აქცევდეს. თვითონ რომ არ უყვარდეს ყველაფერი ლამაზი, ფერადი და ახალგაზრდული. და განსაკუთრებით რომ არ უყვარდეს ასაკში შესული ქალები და კაცები, რომლებიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან, რადგანაც უყვართ სიცოცხლე და კატეგორიულად არ უნდათ სიკვდილი. ეს პერსონაჟები შემთხვევით არ აიჩემა - პედრო კინოში მოვიდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როცა ესპანეთი ფრანკოსგან განთავისუფლებას ზეიმობდა. აგერ ვიქტორი (რა კარგი სახელია!), “მთრთოლვარე სხეულის” მთავარი გმირი, ფრანკოს ეპოქაში, შობა-ღამეს რომ დაიბადა, მიმართავს თავის შვილს, რომელიც ასევე შობის დღეს უნდა გაჩნდეს: “მე როცა დავიბადე, ახალ წელს ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა, ყველას ეშინოდა. შენ სხვა ესპანეთში დაიბადე. დღეს ხალხს აღარ ეშინია”.

“დიქტატორი რომ არა, ვერც დიქტატორის სიკვდილს ვიზეიმებდითო”. ამ ზეიმის აღნიშვნა დაიწყო და არ დაასრულა; 70 წლისაა და ისევ ჰგონია, რომ ბედმა გაუღიმა და ძალიან მაგარ დროს დაიბადა. ეს რაღაცნაირი მადლიერება დროისა და ისტორიის მიმართ სულ იგრძნობა მის ფილმებში და არც არის გასაკვირი: პედრო ალმოდოვარის თითქმის ყველა ფილმის მთავარი თემა ხომ სასწაულია! 1999 წელს კანის კინოფესტივალზე ეკუმენურმა ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” - ალმოდოვარის ფილმი, რომლისთვისაც მთავარმა ჟიურიმ “პალმა” ვერ გაიმეტა. ეკუმენური (იგივე ქრისტიანული) ჟიურის წევრი, ჩემი უფროსი კოლეგა ლატავრა დულარიძე, ხშირად ჰყვება, როგორი ბედნიერი იყო პედრო, ეს პრიზი რომ გადასცეს. როგორც ყოველთვის, მაშინაც დედას მიმართა, “შენ კიდევ ურჯულოს მეძახდიო”... მორწმუნე ქრისტიანებმა “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” საუკეთესოდ, ვფიქრობ, სწორედ იმ მადლიერების გამო ცნეს, რომელიც ამ სურათში განსაკუთრებით იგრძნობა: სასწაული აუცილებლად მოხდება, რადგან სამყარო სიყვარულია - პედროს ამის სჯერა ყოველთვის. ესაა შედეგი კათოლიკური აღზრდისა, მაგრამ ესაა, ამავე დროს, კინემატოგრაფისტის პოზიცია.

ბოლოს და ბოლოს, რა არის კინემატოგრაფის მთავარი სახე, თუ არა სასწაული? ლიუმიერების პირველი კინოსეანსი, აბა, რა იყო, თუ არა სასწაული?

ამას წინათ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ალმოდოვარის რეტროსპექტივა მოვიწყე, მის ფილმებს ვუყურებო. იცოდა, რომ გამიხარდებოდა.“მატადორით” დაიწყე, ეგეთი კარგი ფილმი ცოტა აქვს-მეთქი. უცბად “კიკა” გამახსენდა: “და “კიკა” აუცილებლად!”... -მერე მივუბრუნდი, დავუძახე: “უი, “დამაბი” გამომრჩა”. რეტროსპექტივა თუ მოიწყო კაცმა, პედრო ალმოდოვარის ყველა ფილმი უნდა ნახოს. რა თქმა უნდა, მისი აღიარებული შედევრები, რომელთაგანაც ერთი, “ელაპარაკე მას”, ჩემი აზრით, ყველა დროისა და ხალხის ფილმია. მაგრამ დღეს მე მაინც შემოგთავაზებთ პედროს ხუთ, შედარებით დავიწყებულ, შედევრს, თავისი სიმღერებით (ალმოდოვარზე ფიქრს მისი ფილმების მუსიკა უხდება). სწორედ სასწაულია ამ 5 ფილმის მთავარი თემა.

  1. “რისთვის ყოველივე ? ( Qué he hecho yo para merecer esto? (1984) უსამართლობაა იმის თქმა, რომ პედრო ალმოდოვარის ფილმებს არა აქვთ სოციალური ფონი. თავის ამ ადრეულ სურათში ალმოდოვარმა ნეორეალისტური ფილმების ინტერპრეტაციას მიმართა და ახლებურად გაათამაშა ნეორეალისტური ფილმების თემები (სოციალური ფილმების თემები!). სიღარიბე კარმენ მაურას გმირს, დამლაგებელს, რომელსაც ყველაფერთან ერთად მაჩო ქმარი და შერეკილი დედამთილი ურთულებენ ცხოვრებას, აიძულებს, ფაქტობრივად, მიჰყიდოს თავისი არასრულწლოვანი შვილი დანტისტ გეის. ფილმის სიუჟეტი უფრო დაწვრილებით რომ გიამბოთ, იფიქრებთ, რომ “რისთვის ყოველივე ეს?” სოციალური დრამაა, მაგრამ ფილმს როგორც კი ნახავთ, დარწმუნდებით, რომ უყურებთ პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო სურათს, არაჩვეულებრივი ციტატებით ლუის ბუნუელის ფილმებიდან (მე ვიტყოდი, “გადმობრუნებული ციტატებით”). კარმენ მაურაზე რა უნდა თქვა? გენიოსია. აბა, ვინ შეძლებდა ანა მანიანის მიერ განხორციელებული როლების სტილიზაციას ისე, რომ მისი თამაში ვულგარულ პაროდირებაში არ გადაზრდილიყო? - მხოლოდ კარმენ მაურა.

  1. მატადორი” (”Matador (1986) - პედრო ალმოდოვარის შემოქმედება ამ ფილმით გავიცანი. მახსოვს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ “მატადორის” ისტორია უკვე ვიცოდი - ვიღაცამ მიამბო, თუ დამესიზმრა, არ ვიცი. ბუნებრივიცაა, “მატადორი” - ესაა ციტატების წითელი თაიგული - ციტატებისა ფილმებიდან, ესპანური ლიტერატურული ტექსტებიდან... ისევე როგორც ალმოდოვარის ყველა ფილმში, გოიასა და ველასკესის ციტატების. პირველ რიგში, იმ იერსახეების ალბომია, რომლებიც გვხიბლავენ, გვაჯადოებენ, გვიტაცებენ, ანუ... გვკლავენ. ხელოვნების მიმართ ვნება თვითუარყოფის სურვილია, სიკვდილის ვნებაა, ისევე როგორც ნებისმიერი სექსუალური აქტი. “მე მინდა მოვკვდე შენში!”... ეს ფრაზა “მატადორის” ყველაზე ლამაზ სცენაში ისმის, იტალიელი მომღერლის, მინას მიერ შესრულებული უსექსუალურესი სიმღერის ფონზე.

  1. “სურვილის კანონი” (La ley del deseo (1987) შესაძლებელია ეს მისი ყველაზე პირადი ნამუშევარია, ერთგვარი ესკიზი “საიუბილეო ფილმისთვის” (ასევე ანტონიო ბანდერასით მთავარ როლში), ფილმისთვის “ტკივილი და დიდება”, გეი-დრამა რეჟისორზე, რომელიც თეატრში “ადამიანის ხმას” დგამს, კინოში კი თითქმის პორნოგრაფიას.

    შემოქმედება და სექსუალობა ალმოდოვარის სხვა ფილმებშიც იყო გათანაბრებული, მაგრამ არსად - ამდენად რადიკალურად და თამამად. ფინალში პედრო აკეთებს იმას, რითიც ასე მოხიბლა მსოფლიო თავის ყველაზე ტიტულოვან სურათში “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”; ეთამაშება არა მარტო ჟანრებს ( აძლიერებს დრამის ემოციურობას იმდენად, რომ ღიმილის მომგვრელს ხდის მას), არამედ ეთამაშება მაყურებელსაც. იმხანად, 80-იანი წლების ბოლოს, ალმოდოვარს ჯერ კიდევ ეშინოდა სანტიმენტალურობის, დღეს უკვე - აღარ.

  1. “ჩემი საიდუმლოს ყვავილი” ( La flor de mi secreto (1995)) “სტილი იმდენად მნიშვნელოვანი რამეა, რომ ბოლომდე თუ დაიცავ, ვულგარულურობას ვერ ასცდები”, განაცხადა ერთხელ პედრომ პასუხად რეცენზიაზე, რომლის ავტორმა “კიტჩის ვისკონტი” უწოდა. ალმოდოვარს მუდმივად უხდება თავის მართლება იმის გამო, რომ “უგემოვნო” ლამაზი გახადა, ვულგარული და პრიმიტიული კი ლამის ესთეტიკურ ფეტიშად აქცია კინოინტელექტუალებისთვის. “ჩემი საიდუმლოს ყვავილის” გმირი “საპნის ოპერისთვის” ტექსტს წერს, მაგრამ სახელსა და გვარს უმალავს მკითხველს. გარდა შემოქმედებითი კომპრომისის თემისა, პედრო აქ მოგვიწოდებს ვიფიქროთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე თანამედროვე ხელოვნებაში - ავტორის როლზე, ავტორის ძალაუფლებაზე. ჟანრულად “ჩემი საიდუმლოს ყვავილი” ასევე ჰგავს “საპნის ოპერას”, რომელიც ბოლოსკენ ბილი უაილდერის “ბინის” სიუჟეტში გადაიზრდება და საშობაო ზღაპრად იქცევა.

  1. “მთრთოლვარე სხეული” ( Carne trémula (1997) ატრიარქალური კულტურა ალმოდოვარის ტრავმაა. პედრო, პირველ რიგში, რაინდია (ლამანჩელი!), რომელიც სუსტებს, ჩაგრულებს პატრიარქ მაჩოსგან იცავს. აქ, “მთრთოლვარე სხეულში”, ალმოდოვარი სასტიკზე სასტიკია - ინვალიდად და იმპოტენტად აქცევს მათ. ჰეტეროსექსუალ პოლიციელს ერთმევა მამად გახდომის უნარი. ქვეყანა ახლა ეკუთვნით მათ, ვისთვისაც სიყვარული, ოჯახი თანასწორობას ნიშნავს. ჰოდა, არავინ მღერის სიყვარულზე ისე, როგორც ჩაველა ვარგასი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG