Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგები წინასაარჩევნო შეხვედრებზე


შეხვედრა ლაგოდეხში
შეხვედრა ლაგოდეხში

ბოლო დღეების განმავლობაში ლაგოდეხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერები არიან, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებს დახურულ სივრცეში ხვდებიან. პედაგოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაიბარა. დეპუტატი ადასტურებს, რომ შეხვედრებზე არჩევნებზეც ლაპარაკობენ, თუმცა მცირე დოზით. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ პედაგოგებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან, თუკი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმას არ მისცემენ.

პედაგოგები წინასაარჩევნო შეხვედრებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00
გადმოწერა

უკვე რამდენიმე დღეა ლაგოდეხში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებს ხვდებიან.

წინასაარჩევნო შეხვედრაა. აგვიხსნიან ყველაფერს და მერე გეტყვით.

შეხვედრები კინოთეატრ „სინემაში“ იმართება და მასზე დასწრების უფლებას არც მედიას და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ აძლევენ.

შეხვედრის დაწყების შემდეგ კინოთეატრის კარს კეტავენ, რომელსაც შემდეგ საჯარო მოხელეები იცავენ. ბოლო შეხვედრა ბაგა-ბაღების პედაგოგებთან შედგა. შეხვედრის დაწყებამდე მათ არ დამალეს, რომ შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცა ზოგმა საერთოდ არ იცოდა ვისთან უნდა გამართულიყო შეხვედრა.

პედაგოგები წინასაარჩევნო შეხვედრაზე
პედაგოგები წინასაარჩევნო შეხვედრაზე

„არის წინასაარჩევნო შეხვედრა და ვხვდებით პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბიშვილს“;

„წინასაარჩევნო შეხვედრაა. აგვიხსნიან ყველაფერს და მერე გეტყვით“;

„ჩვენ ვართ მეგობრები და, შესაბამისად, ერთად მოვედით ჩვენი სურვილით. აქ იმიტომ ვართ, რომ უნდა შევხვდეთ დეპუტატს“.

გურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ლაგოდეხ-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი. ის ამომრჩეველს საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად თითქმის ყოველდღიურად ხვდება. პედაგოგები თუ პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კინოთეატრის შენობაში უშუალოდ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაიბარა, ლაგოდეხ-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ, მართალია, ამ შეხვედრაზე არჩევნებზეც ილაპარაკეს, მაგრამ ძირითადი მიზანი ბაგა-ბაღების პრობლემებსა და გამოწვევებზე მსჯელობა იყო. დეპუტატის თქმით, იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სკოლამდელი დაწესებულებები, პარლამენტშიც მუშაობენ.

ჩვენი ინფორმაციით, პედაგოგებს და ბაღის მასწავლებლებს ხვდებიან იმის თაობაზე, რომ ავალდებულებენ ოჯახის წევრების სიებს და აღებინებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აუცილებლად შემოხაზავენ სალომე ზურაბიშვილს...
თორნიკე მაჭარაშვილი

„მე ყოველთვის ვხვდები მოსახლეობას ხან ადგილზე და ხანაც ფართომასშტაბიან ადგილზე, რადგან ასობით ადამიანს ვერ შევხვდები სხვა სივრცეში. მე პირადად დაინტერესებული ვარ, რომ ბაგა-ბაღები განვითარდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. სტანდარტებს ვზრდით. კვების რაციონი პრაქტიკულად შეცვლილია თანამედროვე სტანდარტებით და რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს. წინასაარჩევნო თემაზე მოკლე საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, ლაგოდეხის საარჩევნო შტაბში დარწმუნებით ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პედაგოგებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრება, თუკი ისინი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმას არ მისცემენ. შტაბის წარმომადგენლის, თორნიკე მაჭარაშვილის, თქმით, თითოეულ პედაგოგს იმ 10-10 კაცის სიის მიტანასაც ავალდებულებენ, რომლებიც ხმას მისცემენ სალომე ზურაბიშვილს.

თორნიკე მაჭარაშვილი
თორნიკე მაჭარაშვილი

„ჩვენი ინფორმაციით, პედაგოგებს და ბაღის მასწავლებლებს ხვდებიან იმის თაობაზე, რომ ავალდებულებენ ოჯახის წევრების სიებს და აღებინებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აუცილებლად შემოხაზავენ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებიან სამსახურებიდან დათხოვნით. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პედაგოგები პირად საუბრებში ღიად ლაპარაკობენ, რომ პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს დეპუტატისა და მერის, ასევე დირექტორების მხრიდან“.

რეგიონებში თანამდებობის პირები რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა მობილიზებას ავალდებულებენ, ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“,

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია. მასში ნათქვამია ასევე, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები შეიცავს იძულებისა და ზეწოლის ნიშნებს და არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG