Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მკვდარი მუხლები და ამნისტიის მირაჟი“ - პატიმრების ოჯახები მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ


პატიმრების ოჯახის წევრები აქცია პარლამენტის წინ, 19 ივლისი, 2024 წელი
პატიმრების ოჯახის წევრები აქცია პარლამენტის წინ, 19 ივლისი, 2024 წელი

80 წლის მაყვალა სოხაძე 19 ივლისს პარლამენტთან ერთი მოთხოვნით მივიდა - ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოს მის შვილსაც. 48 წლის კაცს, რომელიც ექვსი წელია სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობისთვის იხდის და ციხეში კიდევ 10 წელი უნდა გაატაროს.

ქალი თვლის, რომ თუ ამნისტია ჰუმანური აქტია, მაშინ ის ყველა მუხლით გასამართლებულ, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოთ და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდეთ.

მაყვალა სოხაძე, პატიმრის დედა საპროტესტო აქციაზე
მაყვალა სოხაძე, პატიმრის დედა საპროტესტო აქციაზე

„მიიტანოს მთავრობამ გულთან ახლოს ჩვენი თხოვნა. გამოუშვან საყოველთაო ამნისტია და არა ის შერჩევითი ამნისტია, რასაც ახლა იღებენ.

ჩემს შვილს დანაშაული არ უღიარებია, არ მისულა ცოლის განზრახ მოსაკლავად, დასალაპარაკებლად იყო მისული, ბავშვების გამო. თავიდან არ იყო ასეთი მძიმე მუხლი, მაგრამ შემდეგ დაამძიმეს.

80 წელს ვარ მიღწეული, მინდა, რომ მთავრობამ ყურად იღოს ჩემნაირი, ხანში შესული დედის თხოვნა, რომ ყველა დედა მოესწროს შვილის სახლში დაბრუნებას. 12 წელია არ ყოფილა ამნისტია, ხომ შეიძლება, რომ ერთი მეოთხედი ყველა პატიმარს მოაკლონ“, - ამბობს მაყვალა სოხაძე რადიო თავისუფლებასთან.

რა სურთ პატიმრების ახლობლებს?

19 ივლისს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი შეძახილებით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ დეპუტატებისთვის, რომლებიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავდნენ და პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირეს.

პატიმრების ოჯახის წევრების აქცია პარლამენტის წინ, 19 ივლისი, 2024 წელი
პატიმრების ოჯახის წევრების აქცია პარლამენტის წინ, 19 ივლისი, 2024 წელი

საპროტესტო აქციაზე მივიდა ელადა ახმედოვაც. მისი 25 წლის შვილი ერთი წელია სასჯელს იხდის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის:

ელადა ახმედოვა, პატიმრის დედა საპროტესტო აქციაზე
ელადა ახმედოვა, პატიმრის დედა საპროტესტო აქციაზე

„ირაკლი კობახიძე რომ გამოვიდა პარლამენტში და თქვა, ამნისტიის შესახებ კანონზე ვმუშაობთო, მთელი ციხე დაინგრა სიხარულისგან. გაჩნდა იმედი, მაგრამ ეს აღმოჩნდა არა ამნისტია, არამედ ამნისტიის მირაჟი.

ჩემი შვილი 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის იხდის სასჯელს. თუკი ამნისტია ეხება ამ მუხლის პირველ ნაწილს, რატომ არ უნდა ეხებოდეს სხვა ნაწილებს? ერთი მეოთხედი მაინც შეეხოს. მცირედით, მაგრამ ყველა პატიმარს უნდა შეეხოს ამნისტია.

აქამდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი ჩემი შვილი. ხომ შეიძლება ადამიანი შეცდეს, მაგრამ ხელისუფლებამ მისცეს თუნდაც მცირე იმედი და შანსი, რომ გახდეს უკეთესი“, - ამბობს ელადა ახმედოვა.

მაია ბერძენიშვილის ოჯახის წევრს 9,5 წელი აქვს მისჯილი. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, დანაშაული „ფინანსური ხასიათისაა“ და ის აქამდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი. 35 წლის კაცი უკვე ოთხი წელია საპატიმროშია:

მაია ბერძენიშვილი, პატიმრის ოჯახის წევრი საპროტესტო აქციაზე
მაია ბერძენიშვილი, პატიმრის ოჯახის წევრი საპროტესტო აქციაზე

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ კანონპროექტი შეიცვალოს და სასჯელის 1/4-ით შემცირება მაინც იქნას გათვალისწინებული ყველა პატიმრისთვის. ვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას, ჩვენი არჩეული მთავრობაა და უნდა მოგვისმინონ.

მშვიდობიანი აქციით მოვედით. ჩვენ ხომ მივდივართ წინ ევროპისკენ, რა ხანია საქართველოში ადამიანის უფლებები, ქალების, ბავშვების უფლებები დაცულია, მაგრამ პატიმრების უფლებებს რას ვუშვრებით? ცოდოები არიან. ასე ვერ აღმოიფხვრება დანაშაული. შანსს ყველა იმსახურებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ბერძენიშვილი.

ვის არ ეხება ამნისტია?

კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.

საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება. მუხლების ჩამონათვალი აქ შეგიძლიათ ნახოთ.

ამნისტია არ შეეხება:

  • მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
  • ნარკორეალიზატორებს;
  • სქესობრივ დანაშაულებს;
  • ყაჩაღობას;
  • ტერორიზმს;
  • კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;
  • ქურდულ სამყაროს;
  • კონვენციურ დანაშაულებს;
  • ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

„ფიქრი შესაძლებელია“, თუმცა არა „ჭარბი მოლოდინები“

19 ივლისს, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლების გაფართოებაზე „ფიქრი შესაძლებელია“, თუმცა არც „ჭარბი მოლოდინები“ უნდა შეიქმნას:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

„რა თქმა უნდა, საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომა ამისთვის არის, რომ ეს არ არის მზა პროდუქტი. თუ ამისი სივრცე არსებობს, რა თქმა უნდა, შესაძლოა, გაფართოვდეს კიდეც, მაგრამ ჭარბი მოლოდინები არ უნდა იქნას შექმნილი. არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ“.

მსგავსი რეპლიკა ჰქონდა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილსაც:

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი

„შევეცადოთ, თუკი განხილვის ჭრილში იქნება იმის რესურსი, რომ ან გაფართოვდეს, ან მეტ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელსაც ამნისტია მოიცავს, მეტ მუხლებს შეიძლება შეეხებოდეს, ეს არის მსჯელობის საკითხი“.

„მუხლების რაოდენობაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს“

კანონპროექტი ძირითადად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

სწორედ „გირჩი“ იყო ინიციატორი ამნისტიის შესახებ კანონპროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში წელს, თებერვალში დაარეგისტრირეს, თუმცა, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ განხილულა. გარდა „გირჩის“ დეპუტატებისა, ამ კანონპროექტის ინიციატორები სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც იყვნენ, მათ შორის, თამარ კორძაია, ეკატერინე ხერხეულიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და სხვა.

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას ერთ-ერთი შენიშვნა კანონპროექტის იმ ჩანაწერს ეხებოდა, რომელიც ამბობს - ამნისტია არ ეხება დანაშაულის ჩამდენს, თუმცა ვრცელდება დანაშაულის დაფარვაზე. „გამოდის, რომ ამ პროექტის მიხედვით, დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გარეთ იქნება, ხოლო ვინც დაფარა - არა“, - თქვა მან.

კანონპროექტის სწორედ ამ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იურისტმა და ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმაც და თავისი პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა:

ვასილ მამულაშვილი, ადვოკატი
ვასილ მამულაშვილი, ადვოკატი

„პირს ბრალად ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაული (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-რეალიზება), რომლის გამოც ის მანამდეც იყო ნასამართლევი და ამჯერად მისი სასჯელი ითვალისწინებდა 7-დან 10 წლამდე პატიმრობას. მოსამართლემ ის ამ ბრალდებაში გაამართლა, თუმცა, დამნაშავედ ცნო შეუტყობინებლობის მუხლით და მიუსაჯა 3 წელი.

ეს ადამიანი მე-200 (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-რეალიზება) მუხლისთვის რომ ყოფილიყო მსჯავრდებული, სრულად შეეხებოდა ამნისტია, მაგრამ რაკი ის შეუტყობინებლობის მუხლით გასამართლდა ...მას ამნისტია საერთოდ არ შეეხება“.

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, აქცენტი არა მასში შესული მუხლების რაოდენობაზე, არამედ კანონპროექტის იმ მუხლებზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც ის ე.წ. მკვდარ მუხლებს უწოდებს:

„მაგალითად, არ მახსენდება, რომ ნივთის დაზიანებისთვის ვინმე იხდიდეს სასჯელს. ასევე, ცალკე აღებული მუქარა, არა ოჯახში ძალადობის მიმართულებით, არამედ ზოგადად, 151-ე მუხლი, ამ მუხლითაც არავინ იხდის სასჯელს საპატიმროში. ასეთი ტიპის საქმეებზე, თუ ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აღიარებს დანაშაულს, მე არ მახსენდება საპატიმრო სასჯელი.

გარდა ამისა, მაგალითად, ამნისტია ეხება თაღლითობის მუხლის პირველ და მეორე ნაწილს. ამ მუხლის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, ზიანს ანაზღაურებს, მას ისედაც არ ენიშნება საპატიმრო სასჯელი. კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილს სასჯელის მხოლოდ 1/6-ით შემცირება ეხება. ეს იმდენად მცირე ნაწილია, რომ თუკი დაზარალებულის თანხმობაა, ამ პირების დროზე ადრე და ბევრად უფრო ადრე გათავისუფლება ისედაც ხდება.

ერთი შეხედვით, კანონპროექტი თითქოს ბევრ მუხლს მოიცავს, მაგრამ მოიცავს ისეთი ტიპის მუხლებს, რომ პირდაპირ ვიტყვი, ამ მუხლებით მსჯავრდებულების 70% არც იხდის სასჯელს“.

ადვოკატის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მოჩვენებითია და არ არის პატიმრებზე გათვლილი. ის თვლის, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულების შემთხვევაშიც იყო შესაძლებელი დანაშაულის 1/6-ით შემცირება:

„როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ თუკი კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას ვიყენებთ 126-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მოიცავს, მაშინ რატომ ვბლოკავთ სრულად, მაგალითად, ყაჩაღობის მუხლს, რომელსაც სასჯელის 1/6-ით შემცირებაც კი არ ეხება.

ასევე, მაგალითად, პოლიციელის მიმართ ჩადენილ დანაშაულს არანაირად არ ეხება ამნისტია, მაგრამ ის შეეხება 126-ე პრიმა მუხლს, ოჯახში ძალადობას, რომელზეც ხელისუფლებას განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკა აქვს“.

ვასილ მამულაშვილის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ „საყოველთაო ამნისტია“ ბოლო 12 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა, ამნისტია უფრო ფართომასშტაბიანი უნდა ყოფილიყო:

„ზოგადად, ცხადია, ამნისტიას ისეთი სახე არ უნდა ჰქონდს, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, ჩავიდენ მძიმე დანაშაულს და შემდეგ ყოველი არჩევნების წინ გამოცხადდება ამნისტია და სასჯელისგან სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავთავისუფლდები. არა, ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს.

მაგრამ ჩვენ მასშტაბური ამნისტია 2012 წლის შემდეგ აღარ გვქონია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მძიმე კატეგორიის მუხლით გასამართლებულ პატიმრებსაც უნდა შეეხოთ ამნისტია. გარდა ამისა, ამნისტია განხილული უნდა იქნას უვადო პატიმრების მიმართაც. თუკი აქტი ჰუმანურია, მაშინ ის ყველა იმ მსჯავრდებულის მიმართ უნდა იყოს ჰუმანური, ვინც სასჯელს იხდის“.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონში მითითებული იყო, რომ, კანონის თანახმად, სასჯელის ერთი-მეოთხედით შემცირება ეხებოდა ყველა მსჯავრდებულს, ეს პირობა არ შეეხოთ უვადო პატიმრებს, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ მათი სასჯელის ვადა არ იყო განსაზღვრული, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, შესამცირებელი ვადის დაკონკრეტება ვერ ხერხდებოდა.

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულების ნაწილი, რომელთა უფლებებსაც ის იცავს, ამნისტიის კანონპროექტს შიმშილობით აპროტესტებს:

„არ ვიცი, რამდენად იქნება შესაძლებლობა და ნაკლებად მგონია, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს კანონპროექტში, თუმცა, დღეს ბევრი უკმაყოფილო პატიმარია ციხეებში და ეს უკმაყოფილება ალბათ უფრო ფართო მასშტაბსაც მიიღებს. ჩემი კოლეგების ინფორმაციით, ბევრი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე პატიმარი და მათგანაც მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ხალხი ძალიან ბევრია“.

„ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა“ - მინისტრი

გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რამდენიმე საპატიმრო დაწესებულებაში ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სიცრუეს უწოდებს.

პოსტი ამის თაობაზე მან 16 ივლისს, ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა. პენიტენციურ დაწესებულებაში გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე და ამ ეტაპზე, სხვა კომენტარი არ გაკეთდება.

რატი ბრეგაძემ 16 ივლისს დაწერა:

„პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ“.

უკანასკნელ 12 წელში გამოცხადებული 4 ამნისტია

2012 წელს ბოლო, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასშტაბური ამნისტიისას საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 8553-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. იმ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით პატიმრების რაოდენობა 23 ათასს სცილდებოდა.

ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე აქტიური კამპანია, რომელიც ამნისტიის მოთხოვნით მიმდინარეობდა, ეს იყო კამპანია, „შემახე ამნისტია“. ადვოკატები და პატიმრების ოჯახების წევრები, თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს საკანონმდებლო ორგანოს წინ ამნისტიის მოთხოვნით.

2016 - 2021 წლებში სამი ამნისტია დამტკიცდა, რომელთა თანახმადაც, ამნისტია ათავისუფლებდა სს კოდექსის გარკვეული მუხლებით მსჯავრდადებულ პატიმრებს, მათ შორის, 70 წლის ან მეტი ასაკის კაცს და 65 წლის ან მეტი ასაკის ქალს.

ევროსაბჭოს ყოველწლიური ანგარიშის - „ციხეები და პატიმრები ევროპაში 2023“ მონაცემებით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 9568 პატიმარი იყო [წინასწარი პატიმრობის ჩათვლით].

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველო მეორე ადგილზეა 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით [256.1 პატიმარი]; მას უსწრებს მხოლოდ თურქეთი - [408.4 პატიმარი]; ხოლო მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი [243.9 პატიმარი].

„ახლო მომავალში სერიოზულად უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა, იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და განმარტა, რომ ევროპულ სტანდარტთან დასაახლოებლად, სასურველი იქნება პატიმართა რაოდენობის მინიმუმ 1/3-ით შემცირება.

მმართველი პარტიის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG